ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში დახმარების პროგრამამ ვერ იმუშავა

ლაგოდეხი

სასაფლაოების შემოღობვა, სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობა, სანიაღვრე არხების გაკეთება - ეს ძირითადი სამუშაოებია, რაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიგეგმა. სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. შესრულებული სამუშაოებით მოსახლეობა ზოგიერთ სოფელში უკმაყოფილო დარჩა.

მაგალითად, სოფელ ჰერეთისკარში, სადაც სპორტული მოედნის მოსაწყობად, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, 5 868 ლარი დაიხარჯა, დღეს მხოლოდ მორყეულ ბოძებზე შემოვლებული ღობე და ქვიანი მოედანია. როგორც ახალგაზრდები ამბობენ, სპორტული თამაშების გამართვა აქ თითქმის შეუძლებელია.

სპორტული თამაშების ჩატარებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სიარულიც კი თითქმის შეუძლებელია სოფელ ხიზაში მოწყობილ სპორტულ მოედანზე, რომელიც ასევე სოფლის დახმარების პროგრამით გაკეთდა. განსახორციელები სამუშაოებისათვის აქ 3 188 ლარი დაიხარჯა, თუმცა, საბოლოოდ, ნახევრად ღობეშემოვლებული და მოხნული მოედანი გართობისთვის გამოუსადეგარ ადგილად იქცა. დღეს აქ საძოვრად გასული შინაური პირუტყვი და ალაგ-ალაგ მსხმოიარე საზამთროს ნარგავებია მხოლოდ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ სოფლის დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხები ზოგიერთი პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საკმარისი არ იყო. გამგეობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გაკვირვებას ვერ მალავენ მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წვერავას განცხადებით, უნდა გაკეთებულიყო ისეთი პროექტები, რომლისთვისაც თანხა საკმარისი იქნებოდა.

სოფლის დახმარების პროგრამის მიმდინარეობა კახეთში პირად კონტროლზე აიყვანა გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში წელს გამოკვეთილი ხარვეზები მომავალში გამოსწორდება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებს აკრიტიკებენ საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციაში, სადაც მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ. ასოციაციის ეკონომისტის მამუკა ისკანდარაშვილის განცხადებით, მცირე თანხებითაც იყო შესაძლებელი ეფექტური პროექტების განხორციელება.

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საბოლოოდ, 30 სექტემბერს დასრულდება.