როგორ აღიქვეს საქართველოში თეთრი სახლის გადაწყვეტილება

ბარაკ ობამას გადაწყვეტილება, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვას აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმაზე, საქართველოში სხვადასხვაგვარად იქნა აღქმული. მსჯელობენ იმაზე, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ხომ არ უნდა იქნეს გაგებული როგორც უკანდახევა რუსეთის მიმართ და არის თუ არა იმის შანსი, რომ, ანტისარაკეტო სისტემის გეგმაში კორექტივების შეტანის შემთხვევაში, მისი განთავსება კავკასიაში მოხდეს.

პენტაგონის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები კორექტივებს შეიტანს ანტისარაკეტო სისტემის განთავსების ძველ გეგმაში. სისტემა აღმოსავლეთ ევროპაში რომ აღარ განთავსდება, უკვე ნათქვამია. ახლა მსჯელობის საგანია რომელი გეოგრაფიული წერტილი შეიძლება გახდეს ახალი გეგმის სამიზნე. „ვაშინგტონ პოსტი“ 19 სექტემბრის სტატიაში აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების ახალ შესაძლო არეალად კავკასიასაც კი მოიაზრებენ. მინიშნება პენტაგონის წარმომადგენლების განცხადებას ეყრდნობა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განმარტებით კი, ”კონკრეტულად სად განთავსდება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, არ დაკონკრეტებულა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ის კავკასიასთან ახლოს შეიძლება განლაგდეს. დამატებით არაფრის თქმა არ შემიძლია. საქართველოს ამ საკითხთან მიმართებაში არავითარი პოზიცია არ აქვს. ეს მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის არავითარ საფრთხეს არ შეიცავს."

ვერსიების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა არჩევანი შეიძლება აზერბაიჯანზე ანდა თურქეთზე შეაჩეროს. ერთი სიტყვით, მოსაზრებები იმ რეგიონის გარშემო ტრიალებს, რომელშიც საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და სადაც სტაბილურობა და უსაფრთხოება, დიდწილად, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება. ამიტომ ამ რეგიონში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების დაშვებაზე საუბრისას აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეს იმ საფრთხეების ნეიტრალიზაციაში, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

”ბევრად უფრო გაიზრდება საქართველოს წონა, მისი მნიშვნელობა, ასევე რეგიონის და რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები და მოცემულ სიტუაციაში ჩვენი და შეერთებული შტატების ინტერესები ემთხვევა ერთამენთს”, - ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი.

პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების უშუალოდ კავკასიაში განთავსების ვარიანტის რეალიზაციას სკეპტიკურად უყურებს, იქიდან გამომდინარე, რომ კავკასია ძალიან ახლოსაა წერტილთან, საიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალებასაც უნდა ემსახურებოდეს ანტისარაკეტო სისტემა. ჩვენ ვლაპარაკობთ მინიშნებებსა და ვერსიებზე, რომლებიც მოჰყვა ობამას გადაწყვეტილების გახმაურებას, გადაწყვეტილებისა, რომ ამერიკა აღარ განათავსებს თავის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იყო ძალიან სერიოზული საკითხი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და, ცხადია, რუსეთში ობამას გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვან დათმობად აღიქვეს.

”ეს გაპიარებული იქნება როგორც რუსეთის მკაცრი პოზიციის კარგი შედეგი. უკვე დაიწყეს ეს, მაგრამ, სინამდვილეში, შეიძლება ასე არ იყოს. ყოველი ახალი ადმინისტრაცია ცდილობს დათმობებით დაწყებას, მერე ხედავს ვისთან აქვთ საქმე და გადადის სხვა ურთიერთობაზე. ალბათ, ასე მოხდება”, - ვარაუდობს ალექსანდრე რონდელი.

რუსეთის პრემიერმა პუტინმა კი თქვა, რომ თეთრი სახლისგან ახალ პოზიტიურ ნაბიჯებს ელის, მათ შორის, ელის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გაფართოების საკითხის დაძვრასაც - რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის ხარჯზე. რუსეთი მის მიმართ დათმობას ყოველთვის ახალი დათმობის მოთხოვნით უპასუხებს. თუმცა ალექსანდრე რონდელს მიაჩნია, რომ ვაშინგტონის ბოლო გადაწყვეტილება შესაძლოა იმ დიდი გარიგების ნაწილი იყოს, რომელიც ვაშინგტონის კომპრომისზე საპასუხო კომპრომისს ითვალისწინებს. მაგრამ რა შეიძლება იყოს ეს კომპრომისი, ნათელი ჯერ არაა. ვაშინგტონის რუსეთში დათმობად აღქმულ ნაბიჯზე საუბრისას სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონთან ახლოს ამერიკული ინფრასტრუქტურის განლაგება, თუკი ასე მოხდა, ვიდრე ის, რომ მოსკოვში საკუთარი მკაცრი პოლიტიკის გამარჯვებად მიაჩნიათ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმაზე ნათქვამი უარი.

ჯერჯერობით ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, თუ სად განთავსდება შეერთებული შტატების ინფრასტრუქტურა. ერთი კია: სადავო გეგმაზე უარის თქმით იხსნება მნიშვნელოვანი საბაბი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დავაში, რუსეთს ხელიდან გამოეცალა საბაბი ამ მიმართულებით ვაჭრობისთვის. თემურ იაკობაშვილი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები კონცენტრირებას ახდენს მისთვის მნიშვნელოვან რეგიონებზე და საქართველო აუცილებლად მოხვდება ამ მიმართულებით ყურადღების ცენტრში. რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის კომპრომისზე წავიდა ამერიკა რუსეთთან, არის თუ არა ეს ცუდი იმ მხრივ, რომ რუსეთი თავს გამარჯვებულად იგრძნობს, პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის თქმით: ”ცოტათი ნაადრევია ამის თქმა. ის ჩანს როგორც უკანდახვეა, მაგრამ, სინამდვილეში, უნდა ვიცოდეთ, ეს არის უკანდახევა თუ შეთანხმება: თქვენ ამას გააკეთებთ, ჩვენ კი - ამას.”