რუსთავის სკოლებში სწავლა განახლდა, - ზოგან ისე, რომ სარემონტო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, - მაგრამ ზოგ სკოლაში სწავლის დაწყება 21 სექტემბრისთვის გადაიტანეს. მიზეზი დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოებია.
რუსთავის მე-17 საშუალო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისს 19 აგვისტოდან შეუდგა, ანუ იმ პერიოდიდან, როცა განათლების სამინისტროდან გადმორიცხული ტრანსფერით სკოლის რემონტი დაიწყო. შეიღება კედლები და იატაკი, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, თუმცა, როგორც სკოლის პედაგოგები ამბობენ, პატარ-პატარა სამუშაოები მაინც დარჩა, რომელთა დასრულება სწავლის მიმდინარეობას ხელს ვერ შეუშლის.
სასწავლო პროცესი რუსთავის სკოლების უმრავლესობაში 14 სექტემბერს განახლდა, თუმცა დარჩა 4 სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოების დასრულება ვერ მოასწრეს.
მე-12 საჯარო სკოლის ეზოში მისულს, რამდენიმე მუშა და ორიოდე მოსწავლე დამხვდა, თეთრ პერანგებში გამოწყობილ ბავშვებს ხელში დიდი თაიგულები ეჭირათ, მაგრამ, იქვე მდგარ მშობლებთან ერთად, რაღაცნაირად მოწყენილები ჩანდნენ.
აი, რა განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, ელეონორა ალიევამ:
„ჩვენ დავურეკეთ ქალბატონ ინგას, რომელმაც გვითხრა, რომ სწავლა 14 სექტემბერს დაგვეწყებოდა, მაგრამ აქ რომ მოვედით, არავინ დაგვხდა. მერე გვითხრეს, სწავლა გადატანილიაო. ცოტა არ იყოს, გული დაგვწყდა, მაგრამ რას ვიზამთ, მოგვიწევს 21 სექტემბერს მოსვლა.“
ელეონორა ალიევას საუბარი ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, როცა სკოლის ეზოში დირექტორი, გელა წითლიძე, შემოვიდა. დირექტორმა მშობლებს აუწყა, რომ სწავლა 21 სექტემბერს დაიწყებოდა. მოსწავლეებს ისღა დარჩენოდათ, ერთი თაიგული გელა წითლიძისთვის, ხოლო მეორე იქვე მდგარი სკოლის მოხუცი დამლაგებლისთვის გადაეცათ.
სკოლის დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რემონტი პრაქტიკულად დასრულებულია, მხოლოდ მცირე სამუშაოებიღა დარჩა, რომელიც 4-5 დღეში დასრულდება.
რუსთავში 25 საჯარო და 10 კერძო სკოლაა. როგორც რუსთავის რესურს-ცენტრში აცხადებენ, წელს ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი დაახლოებით 8 ათასი მოსწავლისთვის განახლდა.