ევროსაბჭო რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს ვალდებულებები

ევროპის საბჭო

პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორიგნის კომიტეტის სხდომაზე, მოისმინეს მომხსენებლების ანგარიში, რომელშიც აღწერილი იქნა ზაფხულის მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, გადადგა თუ არა რუსეთმა საქართველოში ნაბიჯები ევროპის საბჭოს რჩევებისა და მოწოდებების შესასრულებლად. ანგარიში მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მათეას ეორშს უნდა წარედგინა. ამ ანგარიშის საფუძველზე კი მომზადებულია რეზოლუციის პროექტი, რომელიც გარკვეულ ცვლილებებს გაივლის და შემდეგ გავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მისაღებად. მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში, წინასწარი ცნობებით, იყო საკმაოდ მკაცრი რუსეთის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა არ შეასრულა საპარლამენტო ასამბლეის წინა რეზოლუციების მოთხოვნები.

საქართველოზე ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიღებული აქვს 2 რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე. პირველი რეზოლუცია 2008 წლის ოქტომბერში მიიღეს, მეორე -2008 წლის იანვარში. ჯამში, ორივე რეზოლუციით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს შეესრულებინა აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები - მათ შორის, პირველ რიგში, ჯარის 6 აგვისტოს პოზიციებზე დაბრუნების ვალდებულება - და უკან წაეღო საქართველოს ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ გადაწყვეტილება. საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციებში დაგმო ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე და მკაფიოდ მიუთითა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირები აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ საცხოვრებელს. ძალიან მოკლედ, ასეთია ევროპის საბჭოს უმთავრესი პოლიტიკური მოთხოვნები. მათთან ერთად უნდა აღინიშნოს ევროკავშირის მონიტორების ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეშვების მოთხოვნაც, რომლის აღსრულებასაც არ სჭირდება განსაკუთრებული პოლიტიკური შეთანხმება და რომლის შესრულებაც, ნების არსებობის პირობებში, მყისიერად შეიძლება.

ჯერი შემდეგი რეზოლუციის მიღებაზეა, თუმცა მანამდე რეზოლუციის პროექტის ტექსტი მუშავდება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ ანგარიშის საფუძველზე, რომელიც ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე 9 სექტემბერს იქნა მოსმენილი. ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, ეს არის რუსეთის მიმართ საკმაოდ მკაცრი ანგარიში, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა არ შეასრულა საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში ჩამოყალიბებული მოთხოვნები. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი ელის, რომ მკაცრი იქნება რეზოლუციაც, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეა შემოდგომის სესიაზე - სავარაუდოდ, ოქტომბერში -მიიღებს.

”სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბრის ასამბლეის შედეგი იქნება ის, რომ ასამბლეა ძალიან მკაცრად მოითხოვს ამ პუნქტის შესრულებას - ესაა მონიტორების შეშვება. რატომ? იმიტომ რომ, რაც შეეხება პოლიტიკურ მოთხოვნებს, ეს ყველას ესმის, რომ დროში გაწერილი პროცესია ”, - განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ევროკავშირის მონიტორების შეშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ ის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ერთ დღეში შეიძლება, თუკი რუსეთი ამას ინებებს. მაგრამ რუსეთი ნებას არ ავლენს. ის საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს. არ ასრულებს არც იმ ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომლის წევრიც თავად არის. მხედველობაში გვაქვს ევროპის საბჭო. ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი კი ამბობს:

”მინდა ჩვენმა მსმენელმა გაიგოს, რომ ეს არ არის უკვე საქართველოსა და რუსეთის საკითხი, ეს არის ევროპისა და რუსეთის ურთიერთობის საკითხი და არავინ აპირებს შეეგუოს რუსეთის მიერ ორგანიზაციის ასეთ უგულებელყოფას. ეს არის ორგანიზაციის პრესტიჟისა და სანდოობის საკითხი.”

რას გულისხმობს ზურაბ ჭიაბერაშვილი,როცა აცხადებს, რომ ევროპის საბჭოში არ აპირებენ შეეგუონ რუსეთის მიერ ამ ორგანიზაციის რჩევებისა და მოწოდების მუდმივ იგნორირებას? ხმის უფლების ჩამორთმევა უკიდურესი ზომაა და მას ევროპის საბჭოში უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ.მაგრამ, საქართველოს ელჩის აზრით, რუსეთის პოლიტიკა იმ ზღვარზე გავიდა, როცა უმოქმედობა აღარ გამოდის და ცხადი ხდება, რომ ევროპის საბჭოს მოუწევს რაიმე მკაცრი ზომის მიღება. როდის მოხდება ეს და რა სახის ზომა იქნება მიღებული? ჭიაბერაშვილის თქმით, ამაზე გარკვეული წინასწარი წარმოდგენის შექმნა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ასამბლეა საშემოდგომო სესიაზე განიხილავს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს და მიიღებს ამ ანგარიშის საფუძველზე შემუშავებულ რეზოლუციას. ამის შემდეგ უნდა გამოიკვეთოს რის გაკეთებას აპირებენ ევროპელი პარლამენტარები იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელსაც სურს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მას ანგარიში გაუწიონ, მაგრამ თავად ჯიუტად არ ასრულებს ამ ორგანიზაციების მოთხოვნებს.