რამდენად მარტივია საქართველოში ბიზნესის წარმოება?

ფინანსური გრაფიკი

მსოფლიო ბანკმა 183 ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ცვლილებების ყოველწლიური ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა, სახელწოდებით „ბიზნესის წარმოება 2010“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2008 წლის ივლისიდან 2009 წლის ივლისამდე. მოხსენების თანახმად, საქართველომ წინა მაჩვენებელი გააუმჯობესა და მეთხუთმეტე ადგილიდან მეთერთმეტეზე გადაინაცვლა.

საქართველო, ბიზნესის წარმოებისთვის შექმნილი პირობებით, ტაილანდს, საუდის არაბეთს, იაპონიას, ბელგიას, გერმანიას და თვით რეფორმებით ცნობილ ესტონეთსაც კი უსწრებს. ყოფილი საბჭოთა სივრციდან საქართველოზე უკეთესი შედეგი არავის უჩვენებია.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ მომზადებული ანგარიში ათ კრიტერიუმს ეყრდნობა. მათ შორისაა: ბიზნესის დაწყების სიმარტივე, საკუთრების რეგისტრაცია, ინვესტორების დაცვა, ბიზნესის დახურვა და სხვ. საქართველომ ამ კრიტერიუმების უმრავლესობის მაჩვენებლები გააუმჯობესა 2008 წლიდან 2009 წლის ივლისამდე გატარებული ცვლილებების შედეგად. უფრო კონკრეტულად ამ ცვლილებების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა საუბრობს:

„წელს ახალ რეიტინგში რაც ჩაითვალა საქართველოს მიერ განხორციელებულ ახალ რეფორმებად, ეს იყო მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის გამარტივება და ვაჭრობის წესების გამარტივება. ამ ორმა რეფორმამ განაპირობა ის, რომ საქართველომ შარშანდელი მეთხუთმეტე ადგილიდან გადაინაცვლა მეთერთმეტეზე.“

ეს ცვლილებები წინა წლების რეფორმებს დაემატა და საქართველო ლიდერთა ათეულს მიუახლოვდა, რომელშიც შედიან სინგაპური, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და სხვა ქვეყნები. ამ სახელმწიფოთა გვერდით საქართველოს აღმოჩენა ქვეყნის მთავრობას უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდის იმედს აძლევს. სწორედ ეს დაასახელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში საქართველოს წინ წაწევის მოსალოდნელ შედეგად:

„პირველზეა სინგაპური, აშშ, ახალი ზელანდია და, აი, ასეთი ქვეყნების შემდეგ მოდის საქართველო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ინვესტორისთვის, რომლისთვისაც ეს ერთ-ერთი ინდიკატორია, ცადოს თუ არა ინვესტიცია საქართველოში. ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელება კი ნიშნავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.“

ბევრი ეკონომისტი თუ რიგითი მოქალაქე წლების მანძილზე ეჭვის თვალით უყურებს საქართველოს წინსვლას მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში. მით უმეტეს, რომ ამ რეიტინგში მიღწეული შედეგის შენარჩუნებაც კი სულ ახალი და ახალი რეფორმების განხორციელებას საჭიროებს. ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერი აცხადებს, რომ საქართველო იმ კრიტერიუმების უმრავლესობას აკმაყოფილებს, რომელთა საფუძველზეც „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგი მზადდება.

„ერთი მომენტი არის სერიოზული, რომ ეს სწავლობს გარკვეულ საკითხებს და არ სწავლობს, მაგალითად, როგორია რეალური მდგომარეობა, კერძო საკუთრების უფლების თვალსაზრისით. ამიტომ მისი დადანაშაულება იმაში, რომ მან არ გაითვალისწინა სხვადასხვა პრობლემები, არასწორია. მისი ყველა კომპონენტი უმჯობესდება საქართველოს მიერ.“

გია ჯანდიერის აზრით, საქართველოს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობისა და საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ეკონომისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში საქართველოს მე-15 ადგილიდან მეთერთმეტეზე გადასვლა ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ინვესტორების ინტერესს გაზრდის. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ცნობილი ეკონომისტი კახა ბენდუქიძეც:

„ადგილის შენარჩუნებასაც კი სჭირდება მუდმივი რეფორმების გატარება, არამცთუ წინ წაწევას. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე კიდევ ერთხელ პოზიტიური საუბარი იქნება მსოფლიოს ეკონომიკურ და ფინანსურ წრეებში. საქართველო კიდევ ერთხელ იქნება წარმოჩენილი სწორად. უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდება ქვეყნით, რომელმაც შეძლო, მიუხედავად ყველა პრობლემისა, კიდევ უფრო გაემარტივებინა ბიზნეს საქმიანობა.“

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესების გარდა, საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში იმ სარეკლამო-საინფორმაციო კამპანიის იმედიც აქვს, რომელიც ბოლო დროს ქვეყნის მთავრობამ წამოიწყო.