ხიზრი ალდამოვი - ისტორიკოსი

ხიზრი ალდამოვი

16 აგვისტო, კვირა

ძალიან გამიკვირდა, როცა რადიო თავისუფლებიდან დამირეკეს და დღიურების დაწერა მთხოვეს. როცა გასული წლის დღიურების წიგნს გადავხედე, აზრი გამიჩნდა - რა ადვილია, ასე დაჯდე და დაწერო. მაგრამ რეალურად ეს ძალიან რთული ყოფილა.

დღიურები არც ბავშვობაში დამიწერია.
9 წელია ვავადმყოფობ, მაგრამ არ შემიძლია მშვიდად ვიყო. ჩემი ქვეყნის ბედი მაწუხებს - ჩეჩნეთის და, რა თქმა უნდა, ასევე საქართველოსი. ამიტომ როცა კომენტარს მთხოვენ, უარს აღარავის ვეუბნები.

ჩემთან ორი პატარა შვილიშვილი იზრდება. აბდულა 6 წლისაა, მამაჩემის სახელი ჰქვია. საბრინა კი 5 წლისაა... წელს აბდულა სკოლაში უნდა მივიყვანოთ და მოუთმენლად ველოდები სექტემბერს.

დილაა, ბავშვები მალე გაიღვიძებენ. საერთოდ ადამიანი რომ მოხუცდება, ბავშვების ენა უკეთ ესმის. შვილიშვილები ახლა ჩემთვის მთავარი სიხარულია.

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლების დღიურები - ხიზრი ალდამოვი


ისე დაიძაბა აგვისტო... ზოგჯერ მეუბნებიან ომი ხომ არ დაიწყებაო. ეს კითხვა ჩემთვის მუღებელია, ომი დაწყებულია. ჩეჩნეთი განადგურდა... საქართველოში კი რუსები თბილისიდან 40 კილომეტრში დგანან. რაღა დაწყება უნდა? ომი, გრძელდება...

დაწყებული დაღესტნიდან, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო, დღე არ გავა, რომ მკვლელობა ან რაიმე უბედურება არ მოხდეს. მაგრამ კავკასია არ შეეგუება ამ დაწოლას. ყველაფერი დაღესტნიდან დაიწყება.

ომი კარგა ხნის დაწყებულია... კავკასიური ომი დიდი ხანია დაიწყო რუსეთმა. მაგრამ გულს ის მტკენს, რომ ჩვენ ჩვენი შიდა პრობლემები გვაქვს, - ვერ ვუგებთ ერთმანეთს. მიწის მეტრებზე ვედავებით გაუთავებლად.

რად უნდა რუსებს საქართველოში შემოსვლა - შემოსულები არიან. მე ამერიკის იმედი მაქვს რომ საქართველოს დაუდგება მხარში. ჩეჩნები კი ომისთვის არიან დაბადებული. იბრძოლებენ და დღესაც იბრძვიან. მთელი ჩემი დღეები ამ ფიქრებში გადის. დიდი არეულობაა ჩრდილოეთ კავკასიაში. არ ავიცი, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი.

ბავშვები იღვიძებენ და მეც მეცვლება ხასიათი.

ბიჭი მეკითხება - რატომ მოდის რუსი სქართველოში, აქ ხომ ჩეჩნები არ არიანო. იმიტომ, რომ რუსეთს კავკასია უნდა მეთქი - ვეუბნები - და არა მხოლოდ ჩეჩნეთი.


18 აგვისტო, სამშაბათი

ძალიან ადრე ვდგები, და 6 საათზე სავარჯიშოდ გავდივარ. პირველი ვინც მხვდება, მეეზოვეები არიან.

ერთი მეზობელი მყავს, ჩემთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე. დღეს არ გამოჩნდა და შემეშინდა რამე ხო არ მოუვიდა მეთქი. მითხრეს, თბილისში არ არისო. დავმშვიდდი.

შუადღისას ბაქოდან დამირეკეს, მეკითხებიან, შენ ვის მხარეზე ხარ - ახმედ ზაკაევის თუ დოკუ უმაროვისო. მე ვეუბნები, ერთიც მეგობარია და მეორეც მეთქი. ჩვენ რა გვაქვს მათთან გასაყოფი?

მერე მითხრეს, საქმე ის არის, რომ რუსეთთან ურთიერთობების რაღაც კომისია შეიქმნა და ზაკაევმა ჩაგწერა იმ კომისიაშიო. მე ვუთხრარი რომ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. ერთ საათში მირეკავენ - ეს კომისია მართლა შექმნილია. ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა მინისტრია შეყვანილი და თურმე მეც ვარ.

ამ ბოლო დროს საქართველოში საქმე ცუდად მაქვს. უმუშევარი ვარ რამდენიმე წელია. რაც მასხადოვი დავკარგე, მას შემდეგ ასე ვარ, რუსეთში ვერ დავბრუნდები. 60 წლისა ვარ. ვერც მე ვმუშაობ ვერც ჩემი შვილები. მარტო ჩემი საწყალი რძალი მუშაობს. ორ კაპიკს იღებს. რას უნდა ეყოს ეს ფული? ტელეფონი რამდენი ხანია გათიშული გვაქვს. ძალიან გვიჭირს.

ვთხოვ ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქე ვარ, მომეცით სამსახური, მიშველეთ რამე. ჩემი ძმები ჩეჩნეთში ჩემგან იქით ელოდებიან დახმარებას. მათ რა უნდა ვთხოვო?

7-კაციანი ოჯახი უმუშევარი ვართ. დასამალი რა მაქვს? ძალიან გვიჭირს. 6 წელიწადია ახალი არაფერი მიყიდია.

მე ყველაზე დიდი იმედი მქონდა საქართველოში ბიზნესმენების - ავთო წერეთლის, გოგი თოფაძის. მხოლოდ სამსახური მინდა, მაგრამ არაფერი გამოდის.

იქნებ არის მიზეზი, რატომაც არ აწყობთ ჩემთან ურთიერთობა.

გიორგი გამსახურდიასაც ვთხოვე. დიასპორის საკითხებში მოადგილეა მინისტრის, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ან დარაჯად მაინც მომეხმარონ, რომ სადმე ვიმუშაო. დღე და ღამე ამაზე ვფიქრობ, ხვალ რა ვქნა, როგორ მივხედო ოჯახს.

საქართველოში არაფერი მაქვს, გროზნოში მქონდა ყველაფერი. იქ კი ვეღარ ვბრუნდები.

ომი დამთავრებული იყო. ჩემი რძალი და ორი ბავშვი გროზნოში წავიდნენ ცხინვალის გავლით. წავიდნენ და უკან ვეღარ ბრუნდებოდნენ, იმიტომ, რომ ჩემს რძალს ქართული პასპორტი აქვს. არ ვიცოდით რა გვექნა, ბავშვი სკოლაში უნდა წასულიყო. ქვეყანა შევაწუხე ვეხვეწებოდი, ჩემი შვილიშვილები მინდა რომ ჩამოვიდნენ, დამეხმარეთ მეთქი. დამპირდნენ, დაგეხმარებითო. თვითონვე მირჩიეს რუსული პასპორტი გააკეთონ და ჩვენამდე როგორმე მოვიდნენ, მერე, რა თქმა უნდა, შემოვიყვანთ ქვეყანაშიო. მართლაც გავაკეთეთ ყველაფერი. წამოვიდნენ ჩვენები, მოადგნენ საზღვარს წითელ ხიდთან. მეც მივედი დასახვედრად. საზღვარზე მეც ჩამომართვეს პასპორტი და ჩემს რძალსაც... ველოდები უნდა ჩავეხუტო ჩემს შვილიშვილს და ამ დროს მოვიდა ჩემთან ორი ახალგაზრდა ანტიტერორისტული სამსახურიდან და მეუბნებიან - დაკავებულები ხართო.

გადავირიე... ვეუბნები რას ამბობთ, ხომ არ გავრბივართ ვბრუნდებით. რაშია საქმე მეთქი? არაფერი გაიგონეს. მე გამომიშვეს და ჩემი რძალი და ბავშვები დააკავეს. ასეთი სიმწარე არასოდეს მინახავს. ვერც გავიგე რა ხდებოდა. მთელი ამბავი დამჭირდა, რომ გამომეხსნა ქალი და ბავშვები. დღესაც არ ვიცი, რა მოხდა და ვინ გამიკეთა ეს ამბავი. მაგრამ რა ძალაა.

მე საქართველოში ვრჩები და აქ მინდა ცხოვრება, მაგრამ უკვე აღარ ვიცი, როგორი იქნება აქ ჩემი მომავალი.


19 აგვისტო, ოთხშაბათი

როგორც ყოველთვის, მთელი ღამე არ მეძინა. წნევამ ამიწია.
ერთადერთი პიროვნება მყავს საქართველოში ვისაც პატივს ვცემ. სასულიერო პირია კონსტანტინე კოღუაშვილი. იგი ჩეჩნეთში იყო ჩამოსული, ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის დროს. ყველაფრით მეხმარება, ხედავს, რომ ვწვალობ, ბავშვებთან საჩუქრის გარეშე არასოდეს მოსულა. მშვიდობის მისიის ხელმძღვანელია.

მას რა აქვს იმდენი, მე მოცეს?.. ღმერთს ვთხოვ მასაც გაუმართოს ხელი, როგორც მე მიმართავს. მე ხომ მიჭირს, მაგრამ როცა მეხმარება ვინმე - უფრო მიჭირს. მოკლედ დღეს მოვიდა და ისევ მთხოვა, მიიღე ჩემგან დახმარებაო. ის ქრისტიანი კაცია, მე - მაჰმადიანი. ალბათ ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა ჩეჩენისთვის და ყველა ქართველისტვის.

ხალხს მილიონერი ვგონივარ, ესაა ყველაფერი. არავინ იცის, რა დღეში ვარ. აღარც არავინ მკითხულობს. ამიტომ მაწუხებს სამუშაო და ჩემი მომავალი.

ყურანს ვკითხულობ ქართულად. გაოგნებული ვარ რეები წერია. თან ვფიქრობ, არ დამაბრალონ რელიგიაში შეჭრა. მაგრამ...


20 აგვისტო, ხუთშაბათი

ისევ ადრე ავდექი. დილის 6 საათია. ინგუშეთიდან დამირეკეს. მთხოვეს, თუ რამე გამოსვლა გექნება ჩვენზე აუცილებლად თქვი რამეო. მე კი ვამბობ, რომ პუტინი არაფრით არ მოუშვებს აუშევს ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ იმას მთელი ჩრდილო კავკასია დაუდგება მხარში და პუტინმა ეს იცის. კარგად ვიცნობ რუსლანს და ვთვლი რომ კარგი კაცია, მაგრამ ტყუილია, მაგას არავინ მოუშვებს.

ერთი რამ კი გარდაუვალია - ნამდვილად მოხდება ამბები... დაღესტანში დაიწყება ეს ყველაფერი, მერე ჩეჩნეთში გაგრძელდება, მერე ყაბარდოში, მერე ყარაჩაიში... აღდგება კავკასია.

ჩვენს არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ ამბებს. ჩვენ - საქართველო.

ოსეთთან არ არის დამთავრებული ლაპარაკი. ოსეთთან დარჩა სალაპარაკო. დარწმუნებული ვარ, ოსებს შორის ძალიან ბევრია ისეთი, ვინც მხარს დაუჭერს საქართველოს.


21 აგვისტო, პარასკევი

რუსთავი 2-დან დამირეკეს. შევხვდი. მერე გაზეთებმაც მომაკითხეს.
საფრთხილო სალაპარაკოა, მაგრამ მესმის, რომ აუცილებელი. ამიტომ მაინც ვთანხმდები ინტერვიუებს.

ჟურნალისტები მეუბნებიან, ”თქვენ მოგხსნეს”... სასაცილოა ან რა თანამდებობა მქონდა... არ ვიცი, ამ ჟურნალისტებს რატომ უნდათ, რომ გული მატკინონ. შვიდ პრეზიდენტს მოვესწარი, 4 პრეზიდენტი დავკარგე. ზაკაევს არ მოვწონვარ ახლა და ვიჩაგრები.

მთელი ჩემი ცხოვრება ალალი გულით იმაში ჩავდე, რომ ჩეჩნეთისთვის და საქართველოსთვის მემსახურა.

მთელი დღე კომპიუტერს ვუზივარ, რომ ვიცოდე რა ხდება ჩეჩნეთში.

ჩეჩნეთში კი რაც ხდება იცით. სულ ახლახან მოკლეს ძალიან კარგი ქალი - ასტემიროვა. მერე ჯიბრაილოვების ამბავი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კადიროვს ბრალდება. პუტინი ეუბნება, მამაშენის მკველელები არიან, მასხადოვი და სხვებიო. ამიტომ არის გამწარებული. ამოხოცა მთელი მასხადოვის ხალხი, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ ის არაფერ შუაში იყო მამამისის მკვლელობაში. გაიგო ეს კადიროვმა მაგრამ გვიანია.

ამ დროს კი რა ხდება - საქართველოში შემოდიან იამადაევები რომლებიც რუსეთის გმირები არიან ხალხის ხოცვაში. განა ყველა იამადაევია, იმ ომში ისეთი ბიჭებიც იყვნენ ვინც ქართველებს ეხმარებოდნენ. პუტინმა უთხრა, პრემიები გექნებათო და აურიეს გონება ზოგიერს.

ადამიანს რომ ამდენი მოსისხლე ეყოლება, ის ადამიანი ღამე როგორ იძინებს? კადიროვზე ვამბობ. უნდა ნახოთ რა დაცვა დაჰყვება. პირველი მანქანა რომ ჩადის რომელიმე სოფელში სადაც კადიროვი მიემართება, ბოლო მანქანა ჯერ არ დაძრულა საწყისი ადგილიდან.

კადიროვმა მრავალცოლიანობა ოფიციალურად გამოაცხადა, მამაკაცებისთვის ეს კარგია, ერსაც გამრავლება უნდა. მაგრამ ახლა ზოგ ქალსაც ვკითხოთ...

გროზნოში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეჩეთს აშენებს. მიხარია, რომ ისლამი კარგად მიდის ჩეჩნეთში, მაგრამ მაგათი დღეები მაინც დათვლილია, მე შეიძლება ცოცხალიც არ ვიყო, მაგრამ პუტინის გაქრობა და მისი გაქრობა ერთი იქნება. მაგისთვის კანონი არ არსებობს. ვისაც უნდა მოკლავს და გაანადგურებს. რა ამბავშია, ნეტა იცოდეთ, უნდა ნახოთ, მაგის გარაჟში რა მანქანები დგას.

მე ჩეჩნეთში ფეხმძიმე მეუღლე და უამრავი მეგობარი დავკარგე. ვის დავაბრალო? მე პირადად პუტინს ვაბრალებ.

როგორმე უნდა მოვიშოროთ რუსები. ხომ არ ვამბობ ვიომოთ მეთქი, მაგრამ მჯერა რომ არსებობს მშვიდობიანი გზები.


22 აგვისტო, შაბათი

შაბათს სასწაული დღეა. მარხვა დაიწყო. ჩემი ოჯახი მარხულობს, მე წამლებს ვიღებ და ყურანის მიხედვით უფლება არა მაქვს ვიმარხულო. დღეს მთელი მუსულმანური სამყაროსთვის უწმინდესი დღეა.

გითხარით, რომ ყოველდღე ვკითხულობ ყურანს. იქ ყველაფერი აღწერილია, რაც გვაწუხებს და რაც ხდება ჩვენს გარშემო. ბიბლიასაც ვკითხულობ ხოლმე და მიკვირს, ერთმანეთს როგორ უდგება ეს ორი წიგნი.

ღმერთის უნდა სწამდეს ადამიანს.

დღეს "იმედმა" დამირეკა, ერთხელ უკვე ჩამწერეს. საღამოს ისევ უნდა შევხვდე. ახლა კი რადიო თავისუფლებაში მივდივარ.

ისევ ვილაპარაკებ კავკასიაზე, იქ დაწყებულ მოძრაობაზე, ტერაქტებზე და რუსების დაწოლაზე, ვილაპარაკებ ჩემ ჩეჩნეთზე და ჩემ საქართველოზე.

მე ჩეჩენი ვარ, მაგრამ ბევრ ქართველს შევეჯიბრები საქართველოს სიყვარულში.