ზაფხულია - დაისვენეთ, დაიცალეთ ტესტოსტერონისგან!

სიძულვილის და ზიზღისგან განკურნების წამალს ვერა და ვერ იგონებს კაცობრიობა. არადა, თითქოს, სიძულვილის აღმოცენების მიზეზებიც იციან და სიძულვილის, როგორც ფაქტის, როგორც ”ნივთიერების” დახასიათებაც შეუძლიათ; აღმოჩნდა, რომ სიძულვილს სისხლის სუნი აქვს და მოტკბილო-მომწარო გემო.

ტესტოსტერონი, მამაკაცის სათესლე ჯირკვლის ჰორმონიც გამოიკვლიეს; თუკი ტესტოსტერონს ”ადეკვატური მიმართულება” არ მოუძებნე და იმისთვის არ გამოიყენე, რისთვისაც დაგაჯილდოვა ბუნებამ, შეიძლება მთელი სამყარო შეგაძულოს.

უცბად არა, რა თქმა უნდა.

ნელ-ნელა - განწყობის, ამინდის, წელიწადის დროის მიხედვით. სუსტებით, უძლურებით, დაჩაგრულებით დაიწყებ (ტესტოსტერონის მცირეოდენი ”ამოფრქვევით” რომ შეგიძლია გაანადგურო) და გადახვალ უფრო ძლიერზე. ბოლოს და ბოლოს კი მთელი პლანეტის განადგურების სურვილი გაგიჩნდება.

გაზაფხული განსაკუთრებით საშიშია. წელიწადის ამ დროს აგრესიის ჰორმონებმა გაღვიძება იცის. ასეთ ვითარებაში ჩემს მტერს, ტესტოსტერონმა გონება, აზრი თუ განდევნა!

აი, წელს, გაზაფხულზე... გახსოვთ კურდღლის მსხვერპლშეწირვა პრეზიდენტის რეზიიდენციასთან? იმ აზრით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეშინებული კურდღელია, ბაჭია ღობის იქით ისროლეს, უფრო სწორად ტყორცნეს (თუმცა თავდაპირველად, კურდღელი მხოლოდ უნდა გადაესვათ რეზიდენციის ეზოში). მერე რამდენიმე ახალგაზრდამ ”კურდღლის განსახიერება”დაიწყო. განსაკუთრებით გაიხარეს ბავშვებმა (ვინ თქვა, ბავშვი ცარიელი სიკეთეა და სისასტიკე არ ახასიათებსო?). კურდღელი საყოველთაო ჟრიამულის ფონზე შიშისგან კედლებს ეხეთქებოდა... საბედნიეროდ, როგორც მითხრეს, ბაჭიას მაინც არ გაუსკდა გული. გადარჩა.

მსხვერპლშეწირვის რიტუალი, სახელწოდებით ”გაქცეული მიშა” საკმაოდ რეიტინგული სანახაობა აღმოჩნდა. კურდღლის მსხვერპლშეწირვის კრიტიკა ვერ გაბედეს ჩვენმა სახელოვანმა ჰუმანისტმა მწერლებმა, მუსიკოსებმა, არტისტებმა, მარგინალიზებულმა ინტელიგენციამ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით კი არ ჩარეცხა, არამედ უფრო ”ამორეცხა”. განსაკუთრებით 2008 წლის 7 ნოემბრის შემდეგ.

ამ ხალხის ერთი ნაწილი წლების მანძილზე კვაზიგმირების, კვაზიმესიების, კვაზიმხედართმთავრების იდეალიზაციით იყო დაკავებული. სუსტის, უძლურის, თუ გნებავთ შეშინებულის და დამფრთხალის დაცვა ცუდ ტონად ითვლებოდა; საბჭოთა სკოლებში ბავშვებს უფრო მეტად აყვარებდნენ მსხვერპლშეწირვის რელიგიურ-პარტიულ რიტუალებს, ე.ი სიკვდილს, და არა სიცოცხლეს; რობოტ-მხედართმთავრებს და არა დაუცველ, სუსტ, თუ გნებავთ შეშინებულ არსებებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სიყვარული.

ამჟამად ეს ხალხი, დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკით ძლივს რომ დაიბრუნა საბჭოთა ეპოქაში მოპოვებული, მერე კი დაკარგული პოპულარობა, ცხოველთა უფლებების დამცველებს ასე პასუხობდა: ”ცხოველების მაგივრად ჯობია ადამიანები შეიბრალოთ... ისინი, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებამ სცემა, გააუპატიურა, დახოცა...”

და კურდღელიც რომ შევიბრალოთ? ანდა, რომ გაგახსენოთ, რომ პატარა, ჩვილი, დაუცველი არსების გამოყენება პოლიტიკური პროტესტისთვის, მისი ხმარება იარაღად, პლაკატად თუ პოსტერად ზოგ ქვეყანაში არაეთიკურად, ზოგან კი, უბრალოდ, დანაშაულად ითვლება და რომ ბაჭიის ”გადამგდები”, ის, ვინც ნეტარებას განიცდის, როცა ხედავს, როგორი უმწეოა უცხო გარემოში მოხვედრილი შეშინებული კურდღელი, დიდად არ განსხვავდება იმისგან, ვინც მიტინგებს არბევს და ხელკეტებს ურტყამს უდანაშაულო ადამიანებს.

დიახ, ტესტოსტერონმა არ იცის ხელისუფლება-ოპოზიცია. ტესტოსტერონი არც ასაკს ცნობს, არც პროფესიას... არადა ქვეყნის განვითარების დონეს, მისი კულტურის დონეს ხშირად განსაზღვრავენ იმით, თუ როგორია მოხუცის, ბავშვის და ცხოველის მიმართ დამოკიდებულება, სუსტისა და დაუცველის მიმართ დამოკიდებულება, იმით, თუ როგორ ახერხებს ადამიანის გონება აკონტროლოს თავისი ტესტოსტერონი.

ამ გაზაფხულზე, ტესტოსტერონის მომძლავრების ფონზე, თითქმის იმ დროს, როცა ოპოზიცია კურდღლის მსხვერპლშეწირვით ერთობოდა, ორმა პოლიციელმა დაუცველი არსებებისგან თბილისის მეტროს გაწმენდა გადაწყვიტა.

ზუსტად არავინ იცის, მართლა დაისაჯა თუ არა ეს ორი პოლიციელი, რომელმაც აბუჩად აიგდო ინვალიდი კაცი (თეა თუთბერიძის მტკიცებით, ისინი ამ ვიდეოს გავრცელებისთანავე გაათავისუფლეს სამსახურიდან). ისევე როგორც არავინ იცის, დაისაჯნენ თუ არა პოლიციელები 2007 წლის ნოემბრის ე.წ. ”გადაცდომებისთვის” - მანქანების უმიზეზო ლეწვისთვის და ხალხის ცემისთვის. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოს ავტორს სენსაციური მასალის გადაღების ნაცვლად, პატრულში რომ დაერეკა, უფრო იოლად მოხდებოდა სადისტი-პოლიციელების იდენტიფიცირება. მერე კი შეიძლებოდა არა მარტო გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, არამედ გაესამართლებინათ კიდეც. მით უმეტეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი 144-3 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), რომლის მეორე პუნქტის ”ა” (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ) და ”ე” (ჯგუფურად) ქვეპუნქტების მიხედვით მსგავსი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის ჩამორთმევის უფლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი ეს ქვეყანა მართლაც შედგება როგორც ქვეყანა, ჰორმონების ”არამიზნობრივი გამოყენებისთვის” ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, პოსტისა, გასამართლება დაემუქრება. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომძლავრებული ტესტოსტერონის მიზეზით მომხდარი დანაშაულის რიცხვი სწორედ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოიმატებს. ამიტომაც, დროა, მივმართოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას - ტესტოსტერონი ტვინს რომ არ მოაწვეს და შემოდგომაზე ისეთივე სიძულვილით რომ არ ვიცხოვროთ, როგორც გაზაფხულზე, აუცილებლად უნდა დავისვენოთ; გავიდეთ ქალაქიდან, ჩავისუნთქოთ ჰაერი, ცას შევხედოთ. ანდა, წამოვწვეთ - მარტო თუ საყვარელ ადამიანთან ერთად და სიძულვილის ფრქვევის ნაცვლად სიყვარულს მივეცეთ. მოკლედ, შევეცადოთ დავიბრუნოთ ბუნებრიობა.

კურდღლები კი - რამდენიც უნდა ვატრიალოთ ყურებით ბაჭიები - მაინც იარსებებენ. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ამ სამყაროში ერთ კურდღელზე ათი მონადირე მოდის. მაგრამ განადგურებისგან ბაჭიებს განაყოფიერების განსაკუთრებული უნარი იცავს. ე.ი. მონადირისგან განსხვავებით, კურდღელი ჰორმონებს სრულიად ”ადეკვატურად” იყენებს.