რუსეთის პრესის მიმოხილვა, 18 აგვისტო 2009

დღეს რუსეთის პრესის მთავარი თემები საკმაოდ მძიმეა. კატასტროფა საიანო-შუშინსკის ჰიდროელექტროსადგურზე, ტერაქტი ნაზრანში, ავიაკატასტროფის შედეგები... “კომერსანტის” შეფასებით, ” აგვისტოს რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა”.

პუბლიკაციაში, რომელიც საიანო-შუშინსკის კატასტროფას ეძღვნება, “კომერსანტი” ვლადიმირ პუტინის მიერ გამართულ თათბირს აღწერს. ეს არის რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ დაინახეს ეს კატასტროფა ჩინოვნიკებმა. ავტორი წერს, რომ ტრაგედიის მასშტაბები უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ამ თათბირის მონაწილეებს ეჩვნებოდათ ჯერ კიდევ გუშინ. კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, სადგურის აღდგენას კი მინიმუმ 4 წელი დასჭირდება.

“კომერსანტი” წერს, რომ ეს თათბირი საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროში ჩატარდა. უსაზღვრო რაოდენობით შეგროვილმა ამ სამსახურის გენერლებმა და პოლკოვნიკებმა ვერც ერთ შეკითხვას ვერ გასცეს პასუხი, ვერც ჟურნალისტების მიერ წამოჭრილს და ვერც ერთმანეთის მიმართ დასმულს. თუმცა სამინისტროს სიტუაციური ცენტრის სამ დიდ ეკრანზე საკმაოდ ნათელი და მძიმე სურათი ჩანდაო, - წერს გაზეთი. სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავდა 24 ადამიანი, დაიღუპა ათი, 64 ადამიანის ძებნა კი გრძელდება.

ამ ტრაგედიაზე „კომერსანტი“ მეორე მასალასაც აქვეყნებს. იგი ნოვოსიბირსკის, კრასნოიარსკის და სანკტ-პეტერბურგის ჟურნალისტების მიერ არის მომზადებული. მათი ცნობები განსხვავდება ოფიციალური მონაცემებისგან. ისინი ამბობენ, რომ 11 ადამიანი დაიღუპა, 66-ის ბედი კი დღემდე უცნობია.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ მიხედვით, უმთავრესი კითხვა, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებთ აწუხებთ, არის ის,თუ რამდენად შესაძლებელია, წყალმა კაშხალი გაანგრიოს. ციმბირელები რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თავკაცმა სერგეი შოიგუმ დაამშვიდა. მან განაცხადა, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და მიმდებარე ტერიტორია და ქალაქები არ დაიტბორება.
„იზვესტია“ ამ ავარიას აფასებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმეს ჰიდროენერგეტიკის ისტორიაში.

კიდევ ერთ ტრაგედიას, რომელზეც მთელი რუსული პრესა წერს, „კომერსანტი“ ასე აღწერს: ”ორშაბთს ინგუშეთში, ნაზრანის რაიონში, თვითმკვლელმა ბოევიკმა, სულ ცოტა, 200 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მიკროავტობუსი შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების შენობას შეაჯახა. საშინელმა აფეთქებამ შეძრა ქალაქიო, წერს „კომერსანტი“. გარშემო სახლები დაინგრა, დაიღუპა 21 მილიციელი, 1500 -ზე მეტი ადამიანი დაიჭრა და დასახიჩრდა.
გაზეთის მიხედვით, ადგილობრივმა მილიციამ ჯერ კიდევ შაბათს მიიღო შეტყობინება, რომ თავდასხმა მზადდებოდა, მაგრამ არაფერი იღონა. დმიტრი მედვედევმა გადააყენა ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რუსლან მაიერევი, დაწყებულია საქმის მოკვლევა, სახელმწიფო დუმაში კი წინადადებით გამოდიან რესპუბლიკაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

ამგვარი რეჟიმის ამოქმედების აუცილებლობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიაო, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“. „ვედომოსტი“ კი კვლავ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თავდასხმის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

„იზვესტია“ აღნიშნავს, რომ აფეთქებების შემზარავი ხმა არანაკლებად ისმის დღეს ინგუშეთში, ვიდრე ისმოდა ჩეჩნეთში ყველაზე მძიმე დროს.