ქართული პრესის მიმოხილვა. 15 აგვისტო 2009

მიმდინარე კვირას პრესაში გრძელდებოდა საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, შუა კვირაში ამ პუბლიკაციებს უკრაინის ასპექტიც დაემატა. ამავე კვირაში კვლავ გააქტიურდა მსჯელობა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზეც.

ორშაბათს „მთელი კვირა“ წერდა, რომ თვის ბოლოს მთავრობაში ცვლილებებია მოსალოდნელი. გაზეთის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე თანამდებობას დატოვებს და მის ადგილს გელა ბეჟუაშვილი დაიკავებს. ამ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტებიც ადასტურებენ და სიხარულიძის გადადგომის მიზეზებსაც ასახელებენ: 5 მაისის მუხროვანის ამბოხი და სიხარულიძის დაპირისპირება თავის მოადგილე ბაჩო ახალაიასთან.

უკვე კვირის ბოლოს „რეზონანსი“ განაგრძობს ამ თემას. ”თავდაცვის სამინისტროში ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რაც შემდეგ ამ სფეროში მოღვაწე კიდევ რამდენიმე პირმა დაადასტურა, დავით სიხარულიძემ პრეზიდენტთან დააყენა საკითხი, რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ბაჩო ახალაია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დატოვებდა თანამდებობას, რაზეც უარი მიიღო. სწორედ ამას უკავშირდება მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, - წერს „რეზონანსი“ შაბათის ნომერში.

”საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. სამეურვეო საბჭომ გიორგი ჭანტურია ხუთი ხმით აირჩია”, - წერდა „24 საათი“ სამშაბათს. "ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოში დემოკრატიული ტელევიზია აღარ არსებობს, ვინაიდან გიორგი ჭანტურია ნაციონალური მოძრაობის ინტერესების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამტარებელია", – უთხრა ფიქრია ჩიხრაძემ გაზეთ „რეზონანსს“.

„12 აგვისტოს ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ჩუმ-ჩუმად მერაბიშვილსაც ხვდებოდნენ, დავით ბაქრაძესაც და მიხეილ სააკაშვილსაც“, - წერდა „ახალი თაობა“ მომდევნო დღეს.

შეხვედრას სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც ესწრებოდა. მან შეხვედრის შედეგებზე საუბარი არ ისურვა; მხოლოდ ის განაცხადა, რომ არავითარი შეთანხმება მიღწეული არ არის.

”შეხვედრით კმაყოფილი იყო ირაკლი ალასანია. ის დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილი ყუარადღებით შეისწავლის იმ სიას, რომელიც მას ოპოზიციამ გადასცა”, - ვკითხულობთ „ახალ თაობაში“.

14 აგვისტოს „რეზონანსი“, სააგენტო „პირველზე“ დაყრდნობით, წერდა: ”ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი იძულებით მივლინებაში ამერიკაში იმყოფება. იგი შტატებში, სავარაუდოდ, 10 დღის წინ გაემგზავრა. მინისტრის აშშ-ში ყოფნის ფაქტს სუბელიანის უწყებაშიც ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალები, რომლებიც აღნიშნულ ვიზიტს შეეხება, გასაიდუმლოებულია. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მათ აქვთ მრავალმხრივი ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილსა და უგულავას შორის დაწყებული დაპირისპირება პიკს აღწევს”, - წერს „რეზონანსი“ და განაგრძობს: „სახელისუფლებო კულუარებში უკვე აღარ მალავენ, რომ მერაბიშვილი-ადეიშვილისა და უგულავას გუნდებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა.
სახელისუფლებო გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც.

ხელისუფლებაში არსებულ დაპირისპირებას არ ადასტურებს უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური. რაც შეეხება სუბელიანის "იძულებით შვებულებას", წიკლაური ამბობს, რომ ამას შესახებ არაფერი იცის.“
შაბათს „რეზონანსი“ განაგრძობს ამ თემას:

”სუბელიანის გაქცევას ანტიკრიზისულ საბჭოშიც ადასტურებენ” - ასეთი სათაური აქვს „რეზონანსის“ შაბათის მთავარ პუბლიკაციას, სადაც ვკითხულობთ, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის ”იძულებითი მივლინებით” ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას ანტიკრიზისული საბჭოს ერთ-ერთი წევრი ადასტურებს. გაზეთი წერს, რომ, წყაროს თქმით, საბჭოს წევრებმა რამდენიმე თვის წინ მოითხოვეს სამინისტროსგან დევნილებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვითი ნაწილი და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა:

”აღმოჩნდა, რომ თანხები არ იქნა მიზანმიმართულად და კანონიერად დახარჯული. არ მაქვს ინფორმაცია, საგანგებო ორგანოები სწავლობენ თუ არა ამ მასალას, მაგრამ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სწორედ ამის გამო წავიდა სუბელიანი. მე არ ვამბობ, რომ ის სამუდამოდ წავიდა. დროებით გაერიდა სიტუაციას, - ამბობს საბჭოს წევრი და მოითხოვს, მისი ვინაობა არ გავამხილოთო“, -წერს „რეზონანსი“. გაზეთის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში უკვე დაწყებულია გამოძიება, თუმცა დეტალები არ ხმაურდება. გაზეთი დაუკავშირდა პროკურატურის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელმაც უპასუხა, რომ, ”თუკი გამოიკვეთება დანაშაული, არ აქვს მნიშვნელობა, ის მინისტრია თუ არა”. იმას, რომ გამოძიებას სუბელიანის მიმართ პრეტენზიები აქვს, კონსერვატორი ბიძინა გუჯაბიძეც ადასტურებსო”, - ვკითხულობთ „რეზონანსში“. ”ნამდვილად ვიცი, რომ ამერიკაშია წასული, მაგრამ რატომ, ეს არავინ იცის. არაა გამორიცხული, რომ წავიდა და გაერიდა მართლმსაჯულებას“, - ამბობს ბიძინა გუჯაბიძე და განაგრძობს: „სუბელიანით საგამოძიებო ორგანოების დაინტერესება პირდაპირ უკავშირდება გიგი უგულავას. მოგეხსენებათ, რომ უგულავა მფარველობს მას”, - ვკითხულობთ შაბათის „რეზონანსში“.