რუსეთის პრესის მიმოხილვა, 11 აგვისტო 2009

ამ კვირაში რუსულ პრესაში საკმაოდ ბევრი პუბლიკაცია დაიბეჭდა აგვისტოს ომის თაობაზე.

”რუსეთმა, საქართველომ და სამხრეთ ოსეთმა კავკასიაში ომის დაწყების წლისთავი აღნიშნეს” ,- წერს “კომერსანტი” ორშაბათის ნომერში

და განაგრძობს: “გასულ შაბათ-კვირას მოსკოვი და თბილისი აგრესიის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ და საკუთარ ჯარისკაცებს ამართლებდნენ.”

“კომერსანტი” ასევე წერს, რომ „სამგლოვიარო ღონისძიებები საქართველოში 7 აგვისტოს დაიწყო, მთავარი ამბები გორში ხდებოდაო”, - და იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, თბილისის ვერსიის მიხედვით, ამ დღეს დაიძრა რუსული ტანკები სამხრეთ ოსეთზე. პუბლიკაცია საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლასაც ეხება. ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა და შეეცადა რუსეთთან გასული წლის კონფლიქტი წარმოედგინა როგორც დემოკრატიული დასავლეთის ბრძოლა კვლავ აღზევებული ”ბოროტების იმპერიის” წინააღმდეგ.

რუსული პასუხი მეორე დღეს გაისმა ვლადიკავკაზშიო, - აღნიშნულია პუბლიკაციაში და მოტანილია ციტატა დმიტრი მედვედევის გამოსვლიდან: ”ომის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ შედეგად იქცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ომს დასაბამი დაუდო სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა მიმართ და ასევე რუს სამშვიდობოთა მიმართ ბარბაროსულმა აგრესიამ”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმაო, წერს „კომერსანტი“.

”იზვესტიას” პუბლიკაციაში კი აღწერილია როგორ აღნიშნავდნენ ომის წლისთავს სამხრეთ ოსეთში. ”ამ ერთი წლის განმავლობაში ცხინვალი საერთოდ არ შეცვლილა და ისე გამოიყურება, თითქოს ქართულმა ტანკებმა სულ ახლახან დატოვეს ქალაქი. მოედანზე, მთავრობის სახლის წინ, მთელი ღამე იდგნენ ადამიანები, იდგნენ ჩუმად. სამგლოვიარო მუსიკა სულის შემძვრელი იყო. შადრევანი ცეცხლის ზღვად გადაიქცა. თითოეულმა ცხინვალელმა ხსოვნის სანთლები აანთო და შადრევნის კიდეზე დაამაგრა”, - წერს სტატიის ავტორი.

გაზეთი ”გაზეტა” განაგრძობს ცხინვალის სურათის აღწერას. 23 საათსა და 35 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როცა ერთი წლის წინ ამ ომის პირველი ქვემეხები დაატყდა ქალაქს, დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად ზარების ხმა გაისმა. დილით კი ცხინვალში გენოციდის მუზეუმი გახსნეს, რომელშიც ექსპონატების სახით გამოფენილი იყო 90-იანი წლების დასაწყისიდან დაღუპულთა პირადი ნივთები. ისინი ყოფილი საბავშვო ბაღის ნახანძრალ კედლებზე ეკიდა, რაც უკვე თავისთავად არის გასული ომის შეხსენებაო, - წერს „გაზეტა“ და დასძენს, რომ გასული წლის მოვლენათა ძეგლები აქ მრავლად არის. ”მოსკოვის ქუჩაზე დატოვეს ასევე ტანკის ლიუკი, რომელიც ბეტონს შეასკდა და ვერტიკალური მონუმენტი შექმნა. ცხინვალის ახლოს წრედ შეაგროვეს დამწვარი მანქანები და სამგლოვიარო დღეებში წითელი ლენტით შეკრეს. ისეთი შტაბეჭდილებაა, - წერს გაზეთი, - რომ ქალაქი ომის მუზეუმად იქცა.

გაზეთი ”ტრუდიც” გამოეხმაურა აგვისტოს იმის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ალექსეი მაკარკინმა გაზეთს უთხრა, რომ ხსოვნის ღონისძიებებმა კიდევ ერთხელ უჩვენა რუსეთის პოზიციის სიმყარე სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ,,სამხედრო კონფლიქტი ნელ-ნელა იშლებოდა მეხსიერებიდან, - უთხრა მან „ტრუდის“ კორესპონდენტს. - რუსეთმა განუახლა მეხსიერება მთელ მსოფლიოს და უჩვენა ორი რესპუბლიკის მცხოვრებთ, რომ ისინი არავის დავიწყებია.”