გიორგი ჭანტურიას პირობა: საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანად შეიცვლება

საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. სამეურვეო საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, ამ პოსტზე გიორგი ჭანტურია აირჩია. კენჭისყრის პროცესი ღია ეთერში მიმდინარეობდა და ყველასთვის მაშინვე ცნობილი გახდა, რომ საბჭოს რვა წევრიდან ხუთმა სწორედ მას მისცა ხმა, სამმა კი მეორე ტურში გასული სამი კანდიდატიდან არც ერთის სახელი და გვარი არ შემოხაზა. თავად ჭანტურიას დიდი გეგმები აქვს და არხის უკეთესობისკენ ცვლილების პირობას დებს. მისი მეტოქე ჟურნალისტი ზვიად ქორიძის აზრით კი, საბჭომ მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებით პირველი არხის ბედიც გადაწყვიტა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევანი მეორე ტურში გასულ სამ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინა. მათგან ორს - ზვიად ქორიძეს და გიორგი ჭანტურიას - საზოგადოება კარგად იცნობს. უცნობი იყო გიორგი კაჭარავა, რომელმაც, ქორიძის მსგავსად, წინა ტურში 7 ხმა მიიღო. გიორგი ჭანტურია მაშინ მათ ერთი ხმით ჩამორჩა, 10 აგვისტოს კი სამეურვეო საბჭოს ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა.

”გიორგი ჭანტურიამ ხუთი ხმა მიიღო, საბჭოს სამმა წევრმა არც ერთ კანდიდატს არ მისცა ხმა. ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჭანტურია შეძლებს იმის გაკეთებას, რაც წინა წლებში ვერ მოხერხდა. მე სწორედ მას მივეცი ხმა”, - გვითხრა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ შედეგების გამოცხადების შემდეგ.

თავად გამარჯვებული კანდიდატი მილოცვის ზარებს კარგა ხნის განმავლობაში პასუხობდა და გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს არ მალავდა. გიორგი ჭანტურიამ პირობა დადო, რომ ოქტომბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი სახეს იცვლის: ” მართლა გულით გამიხარდა, რადგან მომეცემა საშუალება გავაკეთო ყველაფერი, რაც მისწავლია, რაც შემიძლია, და მინდა საზოგადოების წინაშე დავდო პირობა, რომ არხი იქნება საზოგადოებისთვის სასარგებლო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არხი იყოს ლიდერი არამარტო ქართულ მედიასივრცეში. ძალიან ბევრი გადაცემა იქნება ახალი. წინა სეზონიდან არაფერი დარჩება, ერთ-ორი გადაცემის გარდა, რომელიც მაყურებელს მოსწონდა.”

გიორგი ჭანტურიას კანდიდატურის გამარჯვების შემდეგ პირველივე კითხვა, რაც მას მედიამ დაუსვა, არხის ობიექტურობას და პოლიტიკურად მიუკერძოებლობას ეხებოდა. ჭანტურიამ გვიპასუხა, რომ მას პირადად არასდროს უგრძვნია ზეწოლა ხელისუფლებისგან და რომ მომავალშიც არხი მსგავსი ზეწოლისგან დაზღვეული იქნება: ”არ დავუშვებ იმას, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისგან რაიმე ზეწოლა განხორციელდეს.”

სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, დავით აფრასიძემ, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ხმამაღლა არაფერი თქვა, საბჭოს არჩევანის შესახებ მისი ზოგადი შეფასება კი ასეთი იყო: ” ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელმაც უნდა ისწავლოს პროცედურების გზით მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა, დამოუკიდებლად იმისგან, ვინმეს ეს გადაწყვეტილება მოსწონს თუ არა. ეს არის პოლიტიკის აქსიომა.“

- თქვენ თუ ფიქრობთ, რომ არხი კარგისკენ შეიცვლება?
-
- ადამიანებს ყოველთვის აქვთ იმის რწმენა, რომ ყველაფერი საუკეთესოსკენ შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრებას არ ექნება აზრი.”

ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ნათელ მომავალთან დაკავშირებით დამაიმედებელი პროგნოზი არა აქვს. მისი აზრით, სამეურვეო საბჭოს კონკრეტული ამოცანა ჰქონდა: ”საბჭოს უნდა გაეკეთებინა არჩევანი - დაეტოვებინა ძველი და, გარკვეულწილად, კორუფციული სისტემა მმართველობისა, რომელიც არის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ან დაეწყოთ ცვლილებების პერიოდი. ამ საბჭომ კი ისევ გააკეთა არჩევანი ძველის, მოყირჭებულის და მანკიერის სასარგებლოდ.“

ქორიძის შეფასება ცალსახაა: სამეურვეო საბჭომ მიიღო არა საზოგადებისთვის სასიკეთო და საჭირო, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც ამას ყველა ვარაუდობდა. შესაბამისად, ამ ტელევიზიისათვის, ქორიძის შეფასებით, იკლო შანსებმაც გაემართლებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელი: „საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების პროცესი ბოლო ხუთი წლის მანძილზე გვაფიქრებინებს, რომ ის საბოლოოდ შორდება საზოგადოებას და რჩება პატარა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებში.”

ზვიად ქორიძის ყველაზე სამწუხარო დასკვნა ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიასივრცეში ყველაზე გზაააბნეული ტელევიზია იქნება და საკუთარ ადგილს ვეღარ იპოვის.