როგორ ცდილობდა საქართველოზე თხრობას ადოლფ ენდლერი...

ადოლფ ენდლერი

“საქართველოზე თხრობის ორი ცდა” - ასეა დასათაურებული მომცრო წიგნი, რომელიც 30 წელიწადზე მეტი ხნის წინ, 1976 წელს გამოიცა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. თუმცა წიგნის ავტორი, ადოლფ ენდლერი დიდად არ წყალობდა აღმოსავლეთ გერმანიას... გდრ მას “თაღლითების საზოგადოებად” მიაჩნდა - გაცილებით უფრო უწყინრად, ვიდრე მანამდე ნაცისტური გერმანია იყო, მაგრამ მაინც “საძაგელ პოლიციურ სახელმწიფოდ”. რა გასაკვირია, რომ ასეთი შეხედულებების კაცი, ერთ მშვენიერ დღეს (1979 წელს) გდრ-ის მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. თუმცა, მანამდე მან “მოძმე საბჭოთა კავშირში” მოგზაურობა მოასწრო - საქართველოსაც ეწვია. ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებებია შესული ზემოხსენებულ მომცრო წიგნში, რომლის პირველივე სტრიქონებიც გარწმუნებს ენდლერის მხატვრული ენის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაში. კიდევ ერთი, თვალშისაცემი მახასიათებელი სინტაქსს უკავშირდება: გრძელი წინადადებები ადოლფ ენდლერის პროზის ლამის განუყრელი თანხმლებია და ამით არაერთ დიდ გერმანელ მწერალს მოგვაგონებს. ერთ-ერთის ცნობილი რომანის სათაური გვხვდება ციტატაში, რომელსაც ენდლერის წიგნიდან “საქართველოზე თხრობის ორი ცდა” სახელდახელო თარგმანის სახით გთავაზობთ:

“ჩვენ - მე, რაინერ კირში და ელკე ერბი - საქართველოში იმისთვის არ ჩავფრენილვართ, რომ ახალი სასიარულო მარშრუტები აღმოგვეჩინა ან დასვენებას მოწყურებული თვალებით შეგვემოწმებინა, სინამდვილეს შეესაბამება თუ არა ცნობა საქართველოს გრანდიოზულ სინათლესა და ჰორიზონტის სიცხადეზე. თბილისში ერთ-ერთი სამინისტროს ბუდენბროკულად მეშჩანურ კაბინეტებში რამდენიმე ქალბატონთან და ბატონთან ხანგრძლივი მიმოსვლისა და საუბრების შემდეგ - ძველი საკანცელარიო ავეჯი მჭიდროდ იყო ერთმანეთზე მიწყობილი და ჭრაჭუნით იწყებდა ჩვენთვის ალყის შემორტყმასა და შევიწროვებას: ვაი, ჩქარა გავასწროთ აქაურობას! -, როგორც იქნა სადღაც, გვერდზე კუთხიდან საწერ მაგიდაზე მოისროლეს ნაბეჭდი ქაღალდის სქელი, 20-სანტიმეტრიანი დასტა - ვაი, მალე ისევ გაუჩინარდა! - ის კაბინეტიდან გააქრეს, შემდეგ ისევ შემოიტანეს და გაიტანეს, მერე იდო ტელეფონზე მოსაუბრე მინისტრის მომნუსხავი მზერის ქვეშ, მაგრამ რაღაცნაირად, ნახტომისთვის მომზადებული, კრებული, როგორც მას მომდევნო კვირებში ფრთხილად ვუწოდებდით ხოლმე ჩვენს საუბრებში: 8 საუკუნის ქართული პოეზია გერმანული ბწკარედით, ბაროკოს სტილის, კლასიცისტური, რომანტიკული, ექსპრესიონისტული, სიმბოლისტური რეალისტური პოეზიის 8000 ნედლი სტრიქონი და ისინი ჩვენ, რაინერს და მე, ლამაზ გერმანულ პოეზიად უნდა გადაგვექცია...”

საქართველოში მოგზაურობისას ადოლფ ენდლერი, პოეტი, მწერალი, ესეისტი და მთარგმნელი, ქართველ გერმანისტებს - ნელი ამაშუკელს, ნოდარ კაკაბაძეს, რევაზ ყარალაშვილს დაუმეგობრდა. ცოცხალი არც ერთი აღარ არის. ადოლფ ენდლერი 2 აგვისტოს ბერლინში, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.