ბელკანტო სლავური ინტონაციით, ნაწ.1

მე ერთხელ უკვე გესაუბრეთ გამოჩენილ ბულგარელ საოპერო მომღერალ ბორის ხრისტოვზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ცნობილი ბანის შემოქმედებაც და ბიოგრაფიაც სულ ახალ და ახალ არტეფაქტებს იძენს. მაგალითად, სწორედ ბოლო დროს გამოჩნდა ჩვენთვის აქამდე უცნობი ხრისტოვის ჩანაწერები კამერული მუსიკის ჟანრში. ეს შემთხვევითი როდია - გარკვეულ მიზეზთა გამო, საბჭოთა იმპერიის სივრცეზე გამოჩენილი მომღერლის სახელი საიდუმლოებით იყო მოცული. საქმე ისაა, რომ ხრისტოვის ნიჭის გაბრწყინება, მნიშვნელოვანწილად, ფაშიზმის აღორძინების და მეორე მსოფლიო ომის წლებს დაემთხვა, ხოლო დიდ ხელოვანს გერმანელებთან თანამშრომლობას აბრალებდნენ. სწორედ ამიტომ საბჭოთა მუსიკისმცოდნეები მისი ფიგურის მიჩუმათებას ამჯობინებდნენ.

მომღერლის ხელოვნებასთან ჩემი პირველი შეხვედრა გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში შედგა, როდესაც ”ბი-ბი-სის” ერთ-ერთი საოპერო გადაცემის ბოლოს ინგლისელი დიქტორის ანემიურმა ხმამ ბორის ხრისტოვის სახელი ახსენა. გამოგიტყდებით, რომ იმ მომენტამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მუსორგსკის ოპერა ”ბორის გოდუნოვის” ჩანაწერში მთავარ პარტიას გენიალური შალიაპინი ასრულებდა. ვოკალის ისტორიაში ამნაირ მსგავსებას ნამდვილად პრეცედენტი არა აქვს. ხრისტოვის გვარმა მაშინვე ის ბრწყინვალე ბულგარელი მომღერლები გამახსენა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისის საოპერო თეატრში გასტროლებს მართავდნენ.

იმხანად დიმიტრი უზუნოვი, კატია გეორგიევა, ნიკოლო ნიკოლოვი დიდი წარმატებით ასრულებდნენ წამყვან პარტიებს ”აიდაში”, ”კარმენში”, ”ტოსკაში”. ბორის ხრისტოვის გვარი ჩვენთვის საერთოდ უცნობი იყო. გავიდა წლები, სანამ დაისვა ბუნებრივი კითხვა: ვინ იყო ეს მომღერალი - უბრალოდ, შალიაპინის ეპიგონი თუ მისი ჩრდილიდან გასული ვოკალისტი, რომელმაც, რუსული და იტალიური ვოკალური სკოლების შერწყმით, საკუთარი განუმეორებელი სტილი შექმნა? ვფიქრობ, მისი ხელოვნების განსაკუთრებული ხიბლის საიდუმლოება ჭეშმარიტი ბელკანტოს და გულწრფელი სლავური ინტონაციების შეხამებაშია ჩამალული. მუსორგსკის ტრაგიკული მეფე ბორისი, მოცარტის ცუღლუტი მსახური ლეპორელო, გუნოს ფილოსოფოსი ეშმა მეფისტოფელი - ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულმა ამ პერსონაჟებმა ბორის ხრისტოვის რთულ და წინააღმდეგობრივ პიროვნებაში მოიყარეს თავი.

”უაღრესად კონფლიქტური ადამიანი სცენაზე და ცხოვრებაში” - ასე წერია ხრისტოვის ოფიციალურ ბიოგრაფიაში. ეს არ უნდა იწვევდეს გაკვირვებას: როგორც უკვე აღვნიშნე, მომღერლის შემოქმედებითი კარიერა მსოფლიოში გასულ საუკუნეში განვითარებულ კატასტროფულ რღვევებს დაემთხვა. ბორის ხრისტოვი 1914 წლის 18 მაისს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დაიბადა. დედამისი, ეროვნებით რუსი რაინა ფიოდორის-ასული ივანოვა, მუდმივად იმაზე ზრუნავდა, რომ, ბულგარული განათლების პარალელურად, ბავშვს სრულფასოვანი რუსული განათლებაც მიეღო. შემთხვევითი როდია,

რომ თავისი ვოკალური კარიერის მანძილზე ხრისტოვმა, ფაქტობრივად, მთელი რუსული საოპერო და კამერული რეპერტუარი შეასრულა.

სოფიის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ბორისი ალექსანდრე ნეველის ტაძრის გუნდში მღეროდა. მოგვიანებით ის ანსამბლ ”გუსლას” სოლისტი გახდა. ერთ-ერთ კონცერტზე ნიჭიერი ჭაბუკი ბულგარეთის მეფე ბორის მესამემ შენიშნა და სასწავლებლად იტალიაში გაგზავნა. ”ბელ კანტოს” სამშობლოში ხრისტოვმა ორი წელი გაატარა. მაგრამ ამის შესახებ მომავალ კვირაში გიამბობთ.