საქართველოს ბანკები საკრედიტო განაკვეთის შემცირებას აპირებენ

თიბისი ბანკი

ბოლო ორი თვე იქნება საქართველოს ბანკებში დეპოზიტების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ დეპოზიტების მოცულობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. კომერციული ბანკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დეპოზიტების ზრდის ტენდენცია რისკების შემცირების განცდას ქმნის და კრედიტების უფრო აქტიურად გაცემისკენ უბიძგებს.

საქართველოს კომერციულ ბანკებში ამჟამად 3 მილიარდ 160 მილიონი ლარის ოდენობის დეპოზიტია. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 3 მილიარდ 540 მილიონს შეადგენდა. ომის შემდგომ პერიოდში მოსახლეობამ დეპოზიტების უკან გატანა დაიწყო, თუმცა პროცესი მალევე შეჩერდა და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციების ფონზე განახლდა. ივნის-ივლისში დეპოზიტების გადინების ნაცვლად მათი ზრდა დაიწყო.

ერთი თვის წინ საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ენუქიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორც კი ყოველთვიურად ბანკებში 40 მილიონი ლარის დეპოზიტები გაიხსნება, ბანკებს სტაბილურობის განცდა გაუჩნდებათ. ამ განცდის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ბანკების ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი გოგიტა ცუცქირიძე:

„განწყობა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში რისკების ზრდასთან, პირდაპირ აისახება საბანკო კრედიტებზე. საბანკო კრედიტის ერთ-ერთი კომპონენტი არის რისკი. გაზრდილი რისკების პირობებში კი ბანკი ცდილობს შეზღუდოს მოგება, შეამციროს შემოსავლები, რომ ზედმეტი რისკი აღარ გასწიოს, იმიტომ რომ კრიზისი ისედაც წარმოქმნის ამ რისკებს.“
სწორედ გაზრდილი რისკები დასახელდა საქართველოს ბანკების მიერ კრედიტების მოცულობის შემცირებისა და საპროცენტო განაკვეთის გაზრდის მიზეზად. ბანკების წარმომადგენლები და საბანკო სფეროს ექსპერტები უარყოფენ, რომ საკრედიტო აქტივობის შემცირება ბანკების ფულადი რეზერვების სიმცირის შედეგია. მაგალითად, საქართველოს ბანკს კანონით გათვალისწინებული ლიკვიდურობის 20 პროცენტიან მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა აქვს, ისეთივე მდგომარეობაა კიდევ ერთ მსხვილ ბანკში, თიბისი ბანკში. არადა, კრედიტების ინტენსიურად გაცემის გარეშე ბიზნესაქტივობაც მცირდება და, შესაბამისად, ეკონომიკაც ვარდნას განიცდის. ამ ურთიერთკავშირის შესახებ ეკონომიკის ექსპერტის ნიკო მჭედლიშვილის მოსაზრება:
„კრედიტი არის ბიზნესის მამოძრავებელი ძალა. უკრედიტოდ ძალიან რთულია ვინმემ განავითაროს ბიზნესი. მგონია, რომ, თუ საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნდა, ბანკები ნელ–ნელა უფრო გაბედულად და უფრო იაფად გასცემენ სესხებს.“
ამ პროცესის კიდევ უფრო დასაჩქარებლად, ბანკებისთვის სტაბილურობის განცდის შესაქმნელად საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი მოამზადა. ამ ინიციატივის მიხედვით, შემცირდება ბანკების ლიკვიდურობის მაჩვენებლების ქვედა ზღვარი, რაც მათ თანხებს გამოუთავისუფლებს და საკრედიტო რესურსებს გაზრდის. სტიმულირების პაკეტში არის სხვა ნაბიჯებიც, რომელთა შედეგები, პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის აზრით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება საგრძნობი:

„კრედიტების გაცემა უფრო გამარტივდება და უფრო გაიზრდება საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელები. აი, ამას უკვე დავინახავთ და ეს რეალურად აისახება მოსახლეობასა და ბიზნესზე.“

ასეთ პროგნოზს ბევრი ექსპერტი აკეთებს, მაგრამ ყველა დასძენს, რომ ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გარე და შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაცია აღარ განმეორდება.