ცხინვალის ხელისუფლებაში მორიგი საკადრო ცვლილებებია

ედუარდ კოკოითი

ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების მეთაურმა ედუარდ კოკოითიმ კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება სეპარატისტული მთავრობის დათხოვნის შესახებ. ეგრეთ წოდებული მთავრობის მეთაური ასლანბეკ ბულაცევი, მთავრობის წევრებთან ერთად, მან 3 აგვისტოს დაითხოვა. სულ მალე ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტი შეიკრიბება დე ფაქტო მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის განსახილველად - წინასწარი ცნობებით კი, ეს ახალი კანდიდატურა ნიკოლაი კოშმანი უნდა იყოს. ბულაცევისა არ იყოს, მისი ბიოგრაფიაც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან, ფსბ–სთან.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ მთავრობაში ერთმანეთს კარგა ხანია ეროვნებით რუსი რუსეთის მოქალაქეები ენაცვლებიან.სულ ბოლოს ეგრეთ წოდებულ მთავრობას ოსთაგან ზურაბ კოკოევი ხელმძღვანელობდა. მის შემდეგ იყო იური მოროზოვი, რომელიც, კოკოითის მთავრობის მეთაურობამდე, ქალაქ კურსკში საწვავის ერთ-ერთი კომპანიის ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. კოკოითიმ თავისი მთავრობა, იური მოროზოვის ხელმძღვანელობით, შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ დაითხოვა და მიზეზად დაასახელა ის, რომ მთავრობა კრიზისულ სიტუაციაში მის წინაშე მდგარ ამოცანებს ვერ უმკლავდებოდა. მას შემდეგ რუსეთის მოქალაქე იური მოროზოვი უკან, რუსეთში, დაბრუნდა, მისი ადგილი კი ცხინვალში ისევ რუსეთის მოქალაქემ ასლანბეკ ბულაცევმა დაიკავა. წლევანდელი აგვისტოს 3-მდე სწორედ ბულაცევი იყო ედუარდ კოკოითის მთავრობის მეთაური. ის, 1986-დან მოყოლებული, 2006 წლამდე მუშაობდა ჯერ კგბ–ს, შემდეგ ფსბ–ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის) ორგანოებში, ჩრდილოეთ ოსეთში; 2006–2008 წლებში იყო ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი, 2008 წლის ოქტომბრიდან კი სამუშაოდ ცხინვალში იქნა გაგზავნილი, თანაც, დე ფაქტო მთავრობის მეთაურად. მაგრამ კოკოითიმ ბულაცევი დაითხოვა და, როგორც უკვე ითქვა, გავრცელებული ცნობებით, საკუთარ პარლამენტს მთავრობის მეთაურის პოსტზე დასამტკიცებლად ახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს, ისევ რუსეთის მოქალაქე, ნიკოლაი კოშმანი. მის ბიოგრაფიასაც გადავავლოთ თვალი: 90–იანი წლებიდან მოყოლებული, კოშმანს ეკავა სერიოზული თანამდებობები რუსეთის სარკინიგზო ჯარში, 1996 წელს გახდა ჩეჩნეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლობაში მრჩეველი, 1996 წელს კი დაინიშნა ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურად. მეტს აღარ გავაგრძელებ. კოშმანი დაჯილდოებულია რუსეთის სახელმწიფო ჯილდოებით, „წითელი ვარსკვლავითაც“, საბჭოთა ჯარში სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის. ჯილდოები და მედლები ამ კაცს საბჭოთა კავშირის შემდეგაც მიენიჭა - რისთვის, ზუსტად ვერ გეტყვით. მისი წარსულიდან გამოვყოფ მუშაობას ჩეჩნეთში, რადგან სწორედ ამ პერიოდში გახდა კოშმანი სახელგანთქმული ეგრეთ წოდებული „ატკატებით“. როგორც რუსეთის პრესაში წერდნენ, გროზნოში 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას მისი მთავრობა ზუსტად იმდენ ფულს ახარჯავდა, ოღონდ დოკუმენტებში, რამდენიც საჭირო იყო მოსკოვში 12 სართულიანი ფეშენებელური ნაგებობის ასაშენებლად. შარშანდელი ომის შემდეგ მოსკოვში ბევრი პრეტენზია გამოითქვა ედუარდ კოკოითის მისამართით იმის გამო, რომ მან გადააჭარბა რუსეთიდან ცხინვალის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ფულის მოპარვაში. უამრავი სტატია დაიწერა იმაზეც, რუსი ჩინოვნიკებისთვის რა ხელსაყრელ ადგილად იქცა ცხინვალი ოსი ხალხის დასახმარებლად გამოყოფილი მილიონებით რუბლის უკან, რუსი ჩინოვნიკების ჯიბეებში, დასაბრუნებლად და, ცხადზე ცხადია, რატომ უნდა შეერჩიათ მოსკოვში ნიკოლაი კოშმანი ცხინვალში გასაგზავნად – ედუარდ კოკოითის მთავრობის მეთაურად.

ედურად კოკოითი მის მიმართ მოსკოვში არსებულ პრეტენზიებს კრემლისადმი დიდი ერთგულების დემონსტრირებით პასუხობს. თავისი აფხაზი კოლეგისგან განსხვავებით, არ ეუხერხულება ღია ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია სამხრეთ ოსეთის მომავალი - დამოუკიდებელი სტატუსით თუ დიდი რუსეთის შემადგენლობაში. სააგენტო ”რეიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ედუარდ კოკოითი ამბობს: ” ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობას, მაგრამ რუსეთთან ერთად. არ გამოვრიცხავთ რუსეთის ფედერაციაში შესვლას - მით უფრო , რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომელიც რუსეთის პასპორტების მფლობელია, რუსეთთან მიერთების მომხრეა.“

ზუსტად ერთი წლის წინ კრემლმა ედუარდ კოკოითი და მისი რეჟიმი საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის პროვოცირებისთვის გამოიყენა. საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან ერთი წლის თავზე ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის გავლებულ პირობით საზღვარზე რუსეთის ჯარი ჩადგა. აგვისტო რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სროლით დაიწყო. ოკუპირებული ტერიტორიიდან 3 აგვისტოსაც გაუხსნეს ცეცხლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს სოფელ ფლავში. განსხვავება შარშანდელსა და წლევანდელ ვითარებას შორის არის ის, რომ ოკუპირებულ ზონებთან ევროკავშირის დამკვირვებლები დგანან და მათი მუშაობის პირობებში ცხინვალისა და მოსკოვისთვის რთული გახდა პირობით საზღვრებთან მოწყობილ პროვოკაციებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრონ. თუმცა მოსკოვში მაინც იმუქრებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ერთ-ერთი რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ომის დაწყების წლისთავისთვის მოსალოდნელია პროვოკაციები საქართველოს მხრიდან და იქვე აღნიშნა: „ ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილები, კავკასიაში სტაბილურობა ესაა ჩვენი უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ვერ მოვიხსნით ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, თუკი ადგილი ექნება პატარა ხალხის მიმართ ძალადობას.“