პრესა.გე-ს ყოვლად უსინდისო, უგვანი და უღირსი სტატიის შესახებ

დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრებს თუ გამონათქვამებს დიდად არ შევეხები. არ სჭირდება განსაკუთრებული განხილვა. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მიუხედავად სექსუალური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებისა, იმის წინააღმდეგია, რომ ჰომოსექსუალობა კანონით დაისაჯოს. ისე, ამის მომხრეებთან საუბარი საინტერესოც კი იქნებოდა. გავიგებდით, რა ხდება მათთან, მეთვრამეტე საუკუნეში. ალბათ გულდაწყვეტილები არიან, რომ ვახტანგ მეექვსემ მოსკოვში არ წაიყვანა. თუმცა, იმან მხოლოდ ჭკვიანი ხალხი აარჩია...

რაც შეეხება პრესა.გე-ზე გამოქვეყნებულ სტატიას... ნინო მიქიაშვილია ავტორი. არ დაიზაროთ და წაიკითხეთ. თუ ძალიან არ შეგიძლიათ, აჰა თქვენ მოკლე შინაარსი: სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს რომ ხვდებოდნენ და ერთ-ერთმა კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ რომ თქვა, საქართველოში ჰომოსექსუალებს კანონი უნდა სჯიდესო, დარბაზში ზოგს სიცილი წასკდომია.

სათაურია „ენჯეოშნიკებმა ცისფერი დროშები გამოფინეს“. საზიზღართან ერთად არასწორიცაა - თუ ტექსტი არ წაიკითხე, და გეების დროშის ფერიც იცი (ცისარტყელის) დაგრჩება შთაბეჭდილება, რომ სტატია გია ნოდიაზე და, ვთქვათ, თამუნა ქაროსანიძეზეა, რომლებმაც ქართული პლაჟები სუფთად და უსაფრთხოდ გამოაცხადეს.

არადა, სტატიიდან ირკვევა, რომ სიცილი არასამთავრობოების წარმომადგენლებს კი არა, ჟურნალისტებს წასკდომიათ - ნინია კაკაბაძეს, შორენა შავერდაშვილს და კიდევ რამდენიმე გოგონას, რომლებსაც ავტორი „ამ ორ უკანასკნელზე ნაკლებად ცნობილ ახალგაზრდა მანდილოსნად“ მოიხსენიებს. მოვითხოვ, გაგვიმხილოს პრესა.გე-მ იმ დანარჩენების ვინაობაც! მერე რა, რომ ნაკლებად ცნობილები არიან? თუ ჩაშვებაა ჩაშვება იყოს! ვინ იყვნენ? ნინო ბექიშვილი? ეკა აღდგომელაშვილი? არ უნდა ვიცოდეთ?

თავად არ დაუნახავს, მაგრამ „გაოცებულმა კოლეგებმა“ უთხრეს, რომ თურმე აკაკი ბაქრაძის ვაჟი, ლაშაც იცინოდა. ავტორი არ ასახელებს, თუ ვინ არიან მისი გაოცებული კოლეგები, მაგრამ მათი ვინაობა მაინც შევიტყე - კულუარულად. ფოტოც მოვიპოვე. აი, ისინიც (შეგიძლიათ გაადიდოთ):

პრესა.გე არ დაკავშირებია ქალებს, რომლებიც იცინოდნენ. სავარაუდოდ, ჰომოსექსუალიზმის ვირუსის გადადებისა შეეშინდათ. სამაგიეროდ, სტატიის ნახევარი ეთმობა ლორთქიფანიძის კომენტარს. რაღაც საოცრებებს ამბობს!

გულწრფელად რომ გითხრათ, ეს სტატია იმიტომ არ მომიყვანია, რომ მემსჯელა და მერე ღრმა დასკვნები გამეკეთებინა. უბრალოდ, პრესა.გე-ს გალანძღვა მომინდა. იქნება ცოტა მაინც ეწყინოთ. აბა კარგია, გულისამრევ რამეებს რომ წერენ?

ისე, ვიდრე ფორუმებში და „ფეისბუკზე“ დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრებს განიხილავდნენ, პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია. გეების დაჭერას არ ითხოვს, მაგრამ მეტაფორებში ძალიან სუსტია. გიორგი ტუღუშმა ახსნა, თუ სად არის, მისი აზრით, ომბუდსმენის ინსტიტუტის ადგილი სახელმწიფოში. დემოკრატიის მშენებლობა სახლის მშენებლობას ჰგავსო - თქვა მან.

”ჩავთვალოთ, რომ კანონის უზენაესობა არის სახლის საძირკველი; ადამიანის უფლებათა დაცვა არის სახლის კედლები; საკანონმდებლო ხელისუფლება და აღმასრულებელი ხელისუფლება წარმოადგენენ სახლის ფანჯრებს და, ბოლოს, სასამართლო არის სახლის სახურავი”, - თქვა გიორგი ტუღუშმა და შემდეგ ომბუდსმენის ინსტიტუტი ამ ”სახლის შესასვლელი კარის ზარად” წარმოადგინა. ვისაც უსამართლოდ მოექცევა სახელმწიფო, სახლში ამ ზარის დარეკვის საშუალებით შედისო.

გეგონება სიზმარს ხედავდე. ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ ამავე დროს უცხო. სიტყვები გესმის, მაგრამ აზრი ვერ გამოგაქვს. რატომ არის ფანჯარა აღმასრულებელი ხელისუფლება და არა, ვთქვათ, მედია? რატომ არის სასამართლო სახურავი? ისეთივე მიუწვდომელია? რატომ ვერ შევა დემოკრატიის სახლში მოქალაქე ომბუდსმენის გარეშე? არ შეიძლება, სასამართლომ შეუშვას? საერთოდ, რას აკეთებს ის მოქალაქე დემოკრატიის სახლის გარეთ? სახლში იყო და გარეთ გააგდეს? დაბრუნებას ზარის რეკვით ცდილობს? და რას იზამს ზარი, კარი თუ არ გააღეს? გეტყვით რასაც იზამს. ვერაფერს! ვთქვათ, რეკავ, კარს კი არ გიღებენ. რეკავ, რეკავ და რეკავ და არც არაფერი.

ზარი მხრებს იჩეჩავს - რა გიყო, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მეტი რა ვქნაო.