ოპოზიცია ბაიდენისგან დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის პირობას იღებს

ჯოზეფ ბაიდენისა და ოპოზიციის შეხვედრა

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის, საქართველოში ვიზიტს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანეს გარანტად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ჯოზეფ ბაიდენთან მათი საუბრის მთავარი გზავნილები კი, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების გარდა, უკავშირდებოდა ასევე შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გამომწვევი მიზეზებისა და საზოგადოების ერთი ნაწილის ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების საფუძვლების განმარტებასაც. არადემოკრატიულობა, უფლებამოსილების გადამეტება, ადამიანის უფლებების დაუცველობა - ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს, სტუმრისგან კი მიიღეს დაპირება , რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის განმსაზღვრელი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარება გახდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ალასანია და ლევან გაჩეჩილაძე, ხოლო საპარლამენტო ოპოზიციიდან გიორგი თარგამაძე შეხვდნენ. უსაფრთხოება და დემოკრატია ურთიერთდაკავშირებული საკითხებია, აღნიშნავდნენ შეხვედრი მთავარი თემების კომენტირებისას ოპოზიციონერები ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე. უშუალოდ შეხვედრაზე კი მათ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს პირადად დაუდასტურეს თავიანთი პროდასავლური ორიენტაცია, როგორც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერსის, ისე სრულფასოვანი დემოკრატიული რეფორმების ერთგულების კუთხით. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, შეხვედრას დისკუსიის ხასიათი ჰქონდა და მიღწეულ იქნა ერთგვარი სიტყვიერი შეთანხმებაც იმის შესახებ, რომ საუბრის კონკრეტულ საკითხებსა და დეტალებზე საჯაროდ არაფერი ითქმებოდა:

„შემიძლია გითხრათ ზოგადად, რომ ამ შეხვედრაზეც მოხდა დემონსტრირება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ახდენს თავისი პოლიტიკის პერსონიფიცირებას, მხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, მიაჩნია, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა ამ რეგიონში დემოკრატიის განვითარებისათვის.“

საუბარი ასევე შეეხებოდა კონკრეტული ინსტიტუციების პრობლემებს, საარჩევნო გარემოთი დაწყებული, ხელისუფლების დანაწილების პრინციპით დამთავრებული, ამბობს გიორგი თარგამაძე. „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია კი აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად განმსაზღვრელად მომავალში დემოკრატიული რეფორმების განვითარება დაასახელა:

ჯოზეფ ბაიდენი (მარცხნივ) და ჯონ ტეფტი
„რა თქმა უნდა, ასევე ეს ურთიერთობები იქნება მიმართული საგარეო საფრთხეების აცილებისკენ, მაგრამ ძირითადად ეს ურთიერთობები, ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობა დაეფუძნება იმაზე, თუ როგორი პროგრესი იქნება საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით.“

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები დემოკრატიის ეგრეთ წოდებული გარკვეული ხარისხის გამოვლინებად ჯოზეფ ბაიდენმა ოფიციალური ვიზიტის დაწყებისთანავე, პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღების ცერემონიაზე, შეაფასა. უშუალოდ აქციების ორგანიზატორებთან შეხვედრაზე კი გამოიკვეთა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლის მორგებას არ აპირებს და საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა.
“ რეკომენდაციები არ ყოფილა და ეს ნამდვილად ხაზს უსვამს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენი ქვეყნის მეგობარი, - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.- „ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არჩევნები და ამ ტიპის გადაწყვეტილებები არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობის საშინაო საქმე და ამერიკის შეერთებული შტატები არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას.“

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციონერებისა და არასამთავრობოების ჯგუფი ამერიკის საელჩომ დააკომპლექტა. ამ ჯგუფის წევრი, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას - ამერიკის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკის დეკლარირებასა და დემოკრატიული რეფორმების განვითარების აუცილებლობაზე.