მისტერ დარბაისელი

რამდენიმე დღის წინ მივხვდი, თუ ვინ არის ყველაზე დარბაისელი საქართველოში. "ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის" ახალი გენერალურ დირექტორი გიორგი არველაძეა ეგ კაცი.

გეტყვით, რატომაც. „ქრონიკას“ ვუყურებდი. არველაძე ლაპარაკობდა თავის ახალ თანამდებობაზე. ხსნიდა, თუ რის გაკეთებას აპირებდა (ჟურნალისტებმა უფრო კომფორტულად იგრძნონ თავიო) და რას არ იზამდა (სარედაქციო საქმეებში არ ჩავერევიო). მერე დაამატა, ვეცდები ჩემი დანიშვნის შემდეგ „იმედი“ კიდევ უფრო სანდო გახდესო.

ასე არ მოგსვლიათ არადროს? რომ ცდილობ სერიოზული სახის შენარჩუნებას და რომ არ გამოგდის. ჯერ მუცელში რომ გიღიტინებს, მერე ხორხში რომ ამოდის და სახეს რომ გიმანჭავს. გინდა, რომ არ შეიმჩნიო, მაგრამ სახე უკვე სულ დაგეჭმუჭნა. ერთ-ორ სიტყვას კიდევ ამოთქვამ, მაგრამ იცი, რომ მალე თავს ვეღარ შეიკავებ. ერთი ხითხითი წაგცდება და მორჩა, წახდი. იწყებ ხარხარს და უკვე ვერა ძალა ვეღარ შეგაჩერებს. რაღაც ხანს კიდევ ცდილობ სახის შენარჩუნებას, მაგრამ ცოტა ხანში ხვდები, რომ აზრი აღარა აქვს. იცინი და იცინი და ესე ხარ კარგა ხანს.

გიორგი არველაძის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ზუსტად ასე დამემართებოდა. სხვასაც, ალბათ. ზოგს შეიძლება ჟურნალისტისთვის თავზე თბილი ჩაი გადაესხა. რატომაც არა, ხო? მაგრამ „იმედის“ ახალი ხელმძღვანელი სხვა კალიბრია. ამიტომაც შეინარჩუნა ბოლომდე აუღელვებელი სახე.

წესით აქვე, სადმე ამ სიუჟეტის ბმულიც უნდა მომეყოლებინა, მაგრამ, „რუსთავი ორისგან“ განსხვავებით, „იმედი“ ამ ახალ ფენომენს, „მსოფლიო აბლაბუდას“ რომ უწოდებენ პროგრესულად მოაზროვნენი, არ ცნობს. საიტი კი აქვთ, მაგრამ რომ შეხვალ, დაგხვდება პატარა, უსარგებლო, მახინჯი არსება, რომელიც უსიყვარულოდაა შექმნილი და უყურადღებოდ მიგდებული. გინდა, რომ მიხვიდე, ორი სიტყვა უთხრა, რომ ასე მარტოდ და გამოუსადეგარად არ იგრძნოს თავი, მაგრამ თავს ვერ აიძულებ. გეტყვის - არავის ვუყვარვარ, არავის ვადგივარო და რით ანუგეშებ? ვერაფრით. მართლა ეგეთია და რა ქნას. (თუ არ დაგეზარათ და შეხვედით, ვაკანსიების ბმულსაც მიაწკაპუნეთ. ბევრი არ გექნებათ წასაკითხი.)

ჰოდა, რას გეუბნებოდით? მახსოვს, ბმული! „იმედისა“ არ გვაქვს, მაგრამ, აი, ITV-ის სიუჟეტი ამ თემაზე. სიუჟეტი კი არა, სატელეფონო ინტერვიუა, რომელსაც ერთი დიდი ნაკლი აქვს - სახე არ ჩანს. იქნებ ეღიმება კიდეც, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ. ან იქნებ თან ტელეფონზე ლაპარაკობს და თან „კაუნტერს“ თამაშობს. რომელიმე მარტივ რუკას, ლაპარაკში ხელს რომ არ გიშლის, fy_iceworld-ს ან რამე ეგეთს. თუმცა, არა! არ იქნება ეგრე! დარბაისელია და იმიტომ.

ბევრ სხვას არ შეუძლია იგივე. აი წარმოიდგინეთ, საქართველოს კულტურის მინისტრმაც რომ გააკეთოს ისეთი კომენტარი, ყველა სხვა რომ აკეთებს ხოლმე. ხომ იცით, არა, სტანდარტული: აი, ვიღაც არაკეთილმოსურნეები არიან, ვისაც უნდა, რომ საქართველო გასულ საუკუნეში დაბრუნდესო. იმ საშინელ, უგაზო, უდენო ოთხმოცდაათიანებშიო - რომ თქვას ნიკა რურუამ და დასძინოს - ქუჩაში რომ შეიარაღებული ბანდები დათარეშობდნენ და რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენო. ხომ იცით, რომელი ბანდებიც. ქალაქის ცენტრალურ უბანში რომ ცხოვრობდნენ და ყველას Aqua di Gio რომ ესხა და „მაკაროვის“ ტარს რომ ჩაარტყამდნენ თავში, ვისაც არ დაეზარებოდათ, იმათო.

როგორ გგონიათ, რა დაემართებოდა ნიკა რურუას, ეს რომ ეთქვა? მოკვდებოდა სიცილით! ჯერ ერთი, Aqua di Gio კი არა CK Obsession გვესხა, მეორეც, „მაკაროვი“ კი არა, „გლოკი“ იყო, თავში რომ ვურტყამდითო - იტყოდა. მერე წავიდოდა და ჯაკო პასტორიუსს მოუსმენდა.

ამიტომაც არის გიორგი არველაძე ყველაზე დარბაისელი კაცი საქართველოში.