თბილისი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოლოდინშია

ჯოზეფ ბაიდენი

მალე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში - უკრაინასა და საქართველოში - თავის ტურნეს დაიწყებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. თბილისში მას 22 ივლისს ელოდებიან. ვიზიტი თავისთავად უმნიშვნელოვანესია, თანაც - რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში, რომლებსაც რუსეთისგან მუდმივად ექმნებათ სერიოზული პრობლემები თავიანთი პროდასავლური კურსის გამო. ბაიდენი ჯერ კიდევ სენატორის რანგში სტუმრობდა საქართველოს შარშან აგვისტოში, უმძიმეს პერიოდში. შარშან თბილისში ის 17 აგვისტოს ჩავიდა და იქ რამდენიმე დღე გაატარა. წლევანდელ ვიზიტზე ბევრჯერ ითქვა, რომ ბაიდენი საქართველოში ომის სეზონში ჩადის, როგორც ცოცხალი ფარი.

ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შარშანდელი ომის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის 1 მილიარდიანი დახმარება გამოეყო, სწორედ ჯოზეფ ბაიდენის დამსახურებად განიხილება. ამ დახმარების ინიციატივით ის შარშან , ომის დროს, თბილისში ყოფნისას გამოვიდა. მაშინდელი დიდი მხარდაჭერისთვის საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, არაერთხელ გამოუხატავს მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

ამას გარდა, ჯოზეფ ბაიდენზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტს ნათქვამი აქვს ისიც, რომ ბაიდენი იყო ერთადერთი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებდა, ნოემბრის კრიზისი გარედან ჩარევის შედეგი იყოო.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, როგორც უკვე ვთქვით, თბილისში 22 ივლისს ელოდებიან. წინასწარი ცნობებით, საქართველოს დედაქალაქში ის 2 დღეს დაყოფს და გამართავს შეხვედრებს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ვიზიტის მოსამზადებლად საქართველოში ამერიკელ ექსპერტთა და დიპლომატთა ჯგუფი ჩამოვიდა. სწორედ ეს ჯგუფი ადგენს შეხვედრების განრიგს. თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ივლისის ტურნეთი გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისადმი და განიხილავს საკითხებს, რომლებიც ორმხრივ დაინტერესებას იწვევს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ტეფტის სიტყვებით, ბაიდენის ვიზიტი საქართველოში იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერის მორიგი გამოხატულება.

ასე რომ, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მოდის საქართველოში საქართველოს მხარდასაჭერად, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად. რა ვითარება ხვდება მას აქ? ერთია შეხვედრები, რომლებიც გაიმართება სხვადასხვა მხარეებთან. სააკაშვილის ოპოზიციაში, არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ შეხვედრებზე ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ იმ საკითხებზე, რომლებიც, მათი აზრით, მეტყველებს საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე. მაგრამ, როგორც ჩანს, იქნება აქციაც ” თავისუფლების მოედანზე”, ოღონდ, როგორც ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალომე ზურაბიშვილი, ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მისასალმებელი და სააკაშვილის ხელისუფლების საპროტესტო აქცია:

”შტაბიც მუშაობს ამის მომზადებაზე, ხვალიდან გამოცხადდება ყველგან არჩეული დრო და ადგილი. ეს იქნება 22- ში, 7 საათზე, ”თავისუფლების მოედანზე” და დარწმუნებული ვარ იმაში,რომ ბევრი ხალხი გამოვა იმისთვის, რომ თავისი თავი გამოავლინოს და დაანახვოს მსოფლიოს, ვინ არის ამ ქვეყანაში რეალური დემოკრატიული ძალა და სტაბილურობის ძალა.”

”ეს ძალა არის არა სააკაშვილის ხელისუფლება, არამედ ადამიანები, რომლებიც, 9 აპრილიდან მოყოლებული, გამოხატავენ თავის პროტესტს”, - გვითხრა სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ მას ვკითხეთ, დახვდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ”საკნები” რუსთაველის პროსპექტზე, რადგან ცნობილია, რომ ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირიდან საკნების ალაგების შესახებ. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 22-ში საკნები თავის ადგილზე იქნება და მხოლოდ ბაიდენის მისასალმებელი აქციის შემდეგ ალაგდება. მაშასადამე, სალომე ზურაბიშვილის თქმით,შექმნილია შტაბი და დათქმულია აქციის დრო და ადგილი... ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია კი აცხადებს, რომ აქციის ფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. ”საერთო კონსენსუსის მიღწევა გააჭიანურა იმის შიშმა, რომ აქცია არ იქნეს გამოყენებული ოპოზიციის წინააღმდეგ. ამიტომ ვწონით, ვზომავთ. რაღაც ფორმით გამოვეხმაურებით ბაიდენის ჩამობრძანებას, მაგრამ საბოლოო ფორმაზე ჩამოყალიბებულები ჯერ არ ვართ”, - აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ასევე ჩვენთან საუბრისას, რესპუბლიკელებისა და ირაკლი ალასანიას პარტიის ალიანსის სახელით, განცხადება გააკეთა დავით ზურაბიშვილმა: ”არ ვაპირებთ მიტინგის სახით დახვედრას. ეს იქნება შეფასებული ანტიამერიკულად. იქ ძალიან ადვილია პროვოკაციის მოწყობა. ”

ასე რომ, საერთო კონსენსუსი ბაიდენის ვიზიტის დღეს თბილისში ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციაში არ არის. სალომე ზურაბიშვილი კი დარწმუნებულია, რომ ფართომასშტაბიანი აქცია შედგება და მასზე მივა ყველა, ვინც იზიარებს საპროტესტო სულისკვეთებას. 22 ივლისს, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ყოფნისას, იგეგმება კიდევ ერთი აქცია, ლოზუნგით ”თავისუფლება პოლიტპატიმრებს”. ეს იქნება გაპროტესტება იმ ადამიანების ციხეში ყოფნისა, რომელთა ოჯახის წევრებიც მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.