ბორჯომში დამსვენებელთა სიმცირეს უჩივიან

ბორჯომი

საზაფხულო დასვენების სეზონი ბორჯომის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. სეზონის დაწყების მიუხედავად, კურორტზე დამსვენებელთა სიმცირეს უჩივიან და, ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას ელიან. ბორჯომელები ფიქრობენ, რომ დამსვენებელთა სიმცირის მიზეზი მხოლოდ ამჟამინდელი ფინანსური კრიზისი არ არის.

„უძრაობის პერიოდს რომ ეძახდნენ, მაშინ ბორჯომში მინიმუმ 50 ათასი ადამიანი ისვენებდა. დღეს მოძრაობის პერიოდია და თითქმის არავინაა“ ,- უთხრა რადიო თავისუფლებას შუახნის მამაკაცმა. მის მსგავსად, ბევრი ჩივის, რომ ცნობილი დასასვენებელი ადგილი, „ლიკანი,“ რომელიც უცხოელ ინვესტორს მიჰყიდეს, ფაქტობრივად, დაინგრა და ამჟამად დაკეტილია. იქ დასაქმებული სამასამდე ადამიანიც უსამსახუროდ დარჩა. რაც შეეხება ბორჯომის პარკს, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებამ ზარ-ზეიმით გახსნა, ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, იქაური ინფრასტრუქტურა ასევე განადგურდა, რადგან ყველაფერი ნაჩქარევად გააკეთეს.

„რატომ უნდა ჩამოვიდეს აქ დამსვენებელი, როდესაც წყლის პრობლემა ამდენი წელია მოუგვარებელია?“ - ამბობს ერთ-ერთი ბორჯომელი. ქალაქს წყალი გრაფიკით აქვს, თავად წყლის ხარისხი კი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, უვარგისია. რადიო თავისუფლების რესპონდენტები იხსენებენ, რომ ხელისუფლება საკურორტო ქალაქს წყლის სისტემის რეაბილიტაციას არაერთხელ დაჰპირდა, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

ადგილობრივი ხელისუფლების პროგნოზით, ბორჯომისა და ბაკურიანის მოსახლეობის წყლით ნორმალურად მომარაგება მომავალი წლის ბოლოსთვის დაიწყება. ამ მიზნით სისტემის რეაბილიტაციისა და 43 მილიონი ლარის დახარჯვის პროცესი უკვე დაწყებულია.