აშშ-რუსეთის სამიტს რუსეთის მეზობელი რამდენიმე ქვეყანა დაძაბული მიადევნებს თვალს

"ხელახალი დატვირთვის" სიმბოლური ღილაკი

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობის "ხელახლა დატვირთვის" სურვილი გამოხატა, საქართველოსა და უკრაინაში ბევრი შიშობს, რომ ამ ორი ძლიერი ქვეყნის დაახლოებას, შესაძლოა, მათი ინტერესები შეეწიროს. როგორი განწყობით ხვდება ეს ორი ქვეყანა შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამიტს?

ვაშინგტონისა და მოსკოვის ერთმანეთთან დაახლოება რუსეთის ზოგიერთ მეზობელში შეშფოთებას იწვევს ხოლმე.

გამონაკლისი არც ამჟამად მიმდინარე პროცესებია. როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ბევრი აშკარა შეშფოთებით შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გეგმას, "ხელახლა დატვირთოს" რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ცივი ომის შემდეგ არასოდეს ყოფილა ასე დაძაბული.

არსებობს შიში, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ერთგვარი გაცვლა შედგება
ორშაბათს, 6 ივლისს, საქართველოშიც და უკრაინაშიც ყურადღებით და დაძაბულად მიადევნებენ თვალს ობამას ვიზიტს მოსკოვში. ამ ქვეყნების შეშფოთების მიზეზები ქართველმა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ამგვარად აუხსნა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ბრაიან უიტმორს: "რასაკვირველია, არსებობს შიში, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ერთგვარი გაცვლა შედგება. შესაძლოა, მიაღწიონ შეთანხმებას - რომ რუსეთი შეერთებულ შტატებს ავღანეთში, ან სხვაგან დაუჭერს მხარს, სანაცვლოდ კი შეერთებული შტატები საქართველოს მხარდაჭერას დათმობს."

მართლაც, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ჯორჯ ბუშის დროინდელ ანტაგონიზმს ახლა პრაგმატული მიდგომა ცვლის. და სწორედ ამით არის გამოწვეული რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის შიში, რომ მათი ინტერესები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მასშტაბურ მიზანს შეეწირება.

აშშ-ის ოფიციალური პირები გამუდმებით აცხადებენ, რომ ვაშინგტონი არ სცნობს ყოფილ საბჭოთა სივრცეზე ”გავლენების სფეროების” არსებობას - და რომ საქართველოსა და უკრაინას სრული უფლება აქვთ, თავად აირჩიონ, ვისთან სურთ ალიანსში შესვლა.

სამიტის წინ ასოშიეიტედ პრესის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, ობამა თავად გამოვიდა პირდაპირი განცხადებით - მან უარყო შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კავშირის "მოძველებული" და "ცივი ომის დროინდელი" აღქმა, რომლითაც გამოირჩევა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორმა რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, მაიკლ მაკფოლმა, რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადმინისტრაცია არ აპირებს უკრაინის ან საქართველოს რუსეთთან სავაჭროდ გამოყენებას: ”ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვაპირებთ, რუსებს რაიმეს დავპირდეთ, გავუცვალოთ ან მივცეთ. გადატვირთვის სახელით არანაირად არ ვთმობთ ახლო ურთიერთობას ამ ორ დემოკრატიასთან - უკრაინასა და საქართველოსთან", თქვა მაკფოლმა.

მაგრამ სკეპტიკოსები მიუთითებენ, რომ ნატომ ცოტა ხნის წინ სრულად აღადგინა კრემლთან ურთიერთობა, რომელიც აგვისტოში, რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ გაწყდა. კავშირების აღდგენა მოხდა, არადა მოსკოვი განაგრძობს მის მიერ უკვე დამოუკიდებლად აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯარის შეყვანას, და იქიდან საერთაშორისო მისიებს აძევებს.

ჯოზეფ ბაიდენი
ალბათ, სწორედ ასეთი სკეპტიკოსების პასუხად, მოსკოვში ობამას ვიზიტიდან სულ ცოტა ხანში თბილისსა და კიევს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. ამ ვიზიტს საქართველოში ბევრი ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებად აღიქვამს. სწორედ ასე დაახასიათა ბაიდენის მომავალი სტუმრობა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, 1 ივლისს ჟურნალისტებთან საუბარში. ხოლო "თავისუფლების ინსტიტუტის" დამაარსებელმა, ლევან რამიშვილმა ჩვენს კოლეგას უთხრა, რომ ბაიდენი საქართველოს მეგობარია: "გადატვირთვის წინადადება ჯო ბაიდენს ეკუთვნის, და მან განმარტა, რას ნიშნავს ეს. მან მკაფიოდ თქვა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, და ასევე მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, თავად აირჩიოს, რომელ ალიანსებს შეუერთდეს", აღნიშნა ლევან რამიშვილმა.

ბევრი ანალიტიკოსის აზრით, გეოპოლიტიკური ფაქტორების გარდა, დასავლეთის ინსტიტუტებში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაცია შიდაპოლიტიკურმა კრიზისებმაც გაართულა - მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო გამოსვლებმა, და პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შორის ძალაუფლებისთვის გაუთავებელმა ბრძოლამ. ამასთან, თუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას, უკრაინაში მოსახლეობა ამ საკითხში ორადაა გაყოფილი.

შეერთებულ შტატებში უკრაინის ყოფილი ელჩის, იური შჩერბაკის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, ობამამ რუსეთს "პოსტ-საბჭოთა სივრცეში დომინირების" საშუალება მისცეს - თუმცა ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე მსჯელობა, შჩერბაკის ვარაუდით, დროებით გადაიდება: "ნატოში უკრაინის გაწევრიანება შეიძლება 3-5 წლით გადაიდოს. ამიტომ, უკრაინას უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ესაჭიროება. აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალები. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამჟამად უსაფრთხოების შუალედურ, გაურკვეველ ზონაში ვიმყოფებით."

ძლიერი ქვეყნები კიდევ ერთხელ ხომ არ დაყოფენ მსოფლიოს "გავლენის სფეროებად"?
რეგიონში კარგად ახსოვთ ახლო წარსულის გაკვეთილები და, შესაბამისად, ბევრი ანალიტიკოსი სვამს კითხვას, ძლიერი ქვეყნები კიდევ ერთხელ ხომ არ დაყოფენ მსოფლიოს "გავლენის სფეროებად" - როგორც ეს მეორე მსოფლიოს ომის ბოლოს, იალტის კონფერენციაზე გააკეთეს აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა, და საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო კოლეჯის პროფესორის, ნიკოლას გვოზდევის აზრით, ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების გეგმები, შესაძლოა, მართლაც მომავლისთვის გადაიდოს, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ყოფილ საბჭოთა სივრცეზე გავლენა რუსეთს დაეთმო: "პრეზიდენტი ვერ იმოქმედებს ისე თავისუფლად, როგორც რუზველტი ან ჩერჩილი მეორე მსოფლიო ომის დროს მოქმედებდნენ, როდესაც ისინი გავლენის გეოპოლიტიკური დაყოფის ირგვლივ მასშტაბურ ცვლილებებს ახდენდნენ", ამბობს გვოზდევი. "არა მგონია, პრეზიდენტი ობამა დიდი ვაჭრობის გამართვას აპირებდეს. თუმცა, გამორიცხული არ არის ისეთი ნაბიჯებიც გადაიდგას, რომელიც უკრაინაში და საქართველოში ნაკლებად მოეწონებათ."