გერმანიის გაზის ომი?

”ნაბუქოს” გაზსადენის პროექტი

მიმდინარე წელიწადს „ნაბუკოს“ მილსადენისთვის სწორხაზოვანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ზუსტად მაშინ, როდესაც ამ, დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებულ, პროექტზე მუშაობა უნდა დაიწყოს, როგორც წესი, რუსეთის ”გაზპრომისგან” მომდინარე ინიციატივა პროცესს აფერხებს ხოლმე და „ნაბუკოს“ პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანი ხდება. ახლა მილსადენის მესვეურებმა პროექტის სათავეში ევროპული პოლიტიკური სპექტრის გავლენიანი ფიგურა დანიშნეს.

„ნაბუკოს“ გაზსადენის პროექტს ახალი წარმომადგენელი ეყოლება - იოშკა ფიშერი, გერმანიის მწვანეთა პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი და 1998-2005 წლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„ნაბუკოს“ პროექტი ევროპის გაზით მომარაგების დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად - რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. და, როგორც ვარაუდობენ, ამ პროექტის რეალიზაციის საქმეში ფიშერს სერიოზული წინაღობები შეხვდება.

ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ის არის, რომ „ნაბუკოს“ კონკურენტ პროექტებსაც საკმაოდ გავლენიანი ფიგურა ხელმძღვანელობს - ფიშერის უწინდელი უფროსი, ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელფასს „გაზპრომი“ უხდის.

ენერგეტიკის იტალიელი ექსპერტის ფედერიკო ბორდონაროს თქმით, „ნაბუკოს“ პროექტში ფიშერის ჩართვა სწორი გადაწყვეტილებაა,თუმცა,იმავდროულად, საკმაოდ ირონიული ნაბიჯი:

”რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, საკმაოდ ირონიული თვალსაზრისით: იოშკა ფიშერი დიდი ხნის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი ფიგურა ბატონ შრიოდერის მთავრობაში - შრიოდერის კანცლერობის პერიოდში ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. შრიოდერი რუსებმა „გაზპრომში“ ლობისტად დანიშნეს და, ამდენად, იოშკა ფიშერის „ნაბუკოში“ ჩართვით, გერმანიის ერთი ნაწილი თითქოს ევრაზიაში ენერგეტიკის საკითხებთან მიმართებით ევროატლანტიკური ხედვის მხარეს გადავიდა. მეორე - შრიოდერის - მხარე კი პრორუსულია, თუკი ამგვარ კლასიფიკაციას მივმართავთ.”

ყოფილი კანცლერის - შრიოდერის - ძალისხმევა გადამწყვეტი იყო „გაზპრომის“ ”ჩრდილოეთის ნაკადის” პროექტის ხორცშესხმისთვის, პროექტისა, რომელმაც, ამოქმედების შემდეგ, ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან გერმანიას 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიაწოდოს.

”ჩრდილოეთის ნაკადის” ამოქმედება 2011 წლისთვის არის დაგეგმილი - სრული დატვირთვით კი ერთი წლის შემდეგ უნდა ამუშავდეს. გერმანიამ, და პირადად შრიოდერმა, დიდწილად განაპირობა ამ პროექტის მიმართ ევროკავშირის შიგნით არსებული ოფიციალური წინააღმდეგობის გადალახვა.

მაგრამ „ნაბუკოს“ მთავარი კონკურენტი „გაზპრომის“ სხვა, თუმცა ასევე შრიოდერის მიერ მხარდაჭერილი, პროექტი - ’სამხრეთის ნაკადია.”

ტრანზიტულ ქვეყანასთან - უკრაინასთან - ხშირი კონფლიქტების გამო, „გაზპრომი“ ალტერნატიული საექსპორტო გზების პოვნას ცდილობს. კომპანიას იმედი აქვს, რომ 2015 წლისთვის ევროპისთვის მიწოდებული გაზის ერთ მესამედს ”სამხრეთის ნაკადით” ჩაიტანს. ბოლო გათვლებით, მილსადენმა ყოველწლიურად 63 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება უნდა შეძლოს.

”სამხრეთის ნაკადში” ჩართვის მიზნით რუსეთი ახლა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ მიმწოდებელ ქვეყნებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი, ირანი და თურქმენეთი - ისევე როგორც მთავარ სატრანზიტო ქვეყანასთან, თურქეთთან.
ბორდონაროს განმარტებით, ფიშერის წინაშე მდგარი რთული ამოცანა იქნება ამ და სხვა ქვეყნების დარწმუნება, ამ პროექტის ნაცვლად „ნაბუკოში“ ჩაერთონ - „ნაბუკოში“, რომელმაც ყოველწლიურად 31 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა გაატაროს და, დიდწილად, იმავე მარშრუტზე უნდა გაიაროს:

”იოშკა ფიშერი ევროპას ფედერალურ ერთეულად აღიქვამს. მისი მიზანი ყოველთვის იყო შექმნა ძლიერი, ერთიანი ევროპისა, რომელიც ფედერალიზმის საფუძვლებზე იქნებოდა დამყარებული. ამავე დროს, იოშკა ფიშერი გერმანიის პოლიტიკურ სპექტრში თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია - „ნაბუკოს“ პროექტისთვის კი თურქეთი შეუცვლელია. ვფიქრობ, ბატონ ფიშერის ამ თანამდებობაზე დანიშვნა იმ ფაქტორმაც განაპირობა, რომ მას უკვე აქვს ძლიერი დიპლომატიური კავშირები როგორც თურქეთში, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში - მაგალითად, ბულგარეთსა და რუმინეთში.”

„ნაბუკოსთან“ შედარებით, ”სამხრეთის ნაკადით” ევროპას ორჯერ მეტი გაზი უნდა მიეწოდოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, „ნაბუკო“ ევროპისთვის მაინც მიმზიდველ პერსპექტივად რჩება. პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ პროექტით შემცირდება ბუნებრივი აირის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი.

ამჟამად ევროკავშირს იმპორტირებული გაზის 25 პროცენტს რუსეთი აწვდის. იანვარში მოსკოვსა და კიევს შორის ტრანზიტის საკითხებზე უთანხმოების გამო გაზის გადაკეტვამ ბრიუსელს კიდევ ერთხელ შეახსენა ამ დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობა.

მაგრამ, ამის მიუხედავად, ფიშერს მაინც რთული ბრძოლა ელის. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, რომლებიც „ნაბუკოს“ პოტენციურ პარტნიორებად ითვლებიან, „გაზპრომთან“ სამხრეთის ნაკადის შესახებ უკვე გააფორმა შეთანხმებები.

ამ კვირაში აზერბაიჯანმა რუსეთთან გაზის მიყიდვის შესახებ ხელშეკრულება დადო - უცნობია, რა რაოდენობის ბუნებრივ აირზეა საუბარი. გასულ კვირაში კი ყაზახეთმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში არ ექნება „ნაბუკოსთვის“ მისაყიდი საკმარისი გაზი.

თუმცა პროექტთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესიც აღინიშნება. 13 ივლისს ანკარაში ხუთმა სატრანზიტო ქვეყანამ - თურქეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და ავსტრიამ -სამთავრობათაშორისო ხელშეკრულება უნდა გააფორმოს, რომლითაც გაზსადენს მათ ტერიტორიებზე გავლის უფლება მიეცემა. გერმანია შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება.

მალე გაირკვევა, რამდენად წაადგება „ნაბუკოს“ პროექტს ფიშერის ჩართვა და შეძლებს თუ არა „ნაბუკოს“ გუნდი პროექტის მიტანას ამუშავების თარიღად მიჩნეულ 2014 წლამდე. ფედერიკო ბორდონაროს თუ დავუჯერებთ, ფიშერის დანიშვნა სწორი და ლოგიკური ნაბიჯია - ისეთივე ნაბიჯი, როგორიც თავის დროზე „გაზპრომმა“ გადადგა შრიოდერის მიწვევით:

”გერმანელებს ბრიუსელსა და სტრასბურგში მთავარი დიპლომატიური ფუნქციების შესრულება სურთ. უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში ევროკავშირის შიგნით - განსაკუთრებით მრეწველობის, კომერციისა და საფინანსო სექტორებში - მართლაც ბევრი გერმანელი დაინიშნა. ამდენად, ჩემი აზრით, როცა რუსებს ან სხვებს ლობისტის პოვნა სურთ, ისინი, პირველ რიგში, გერმანიაზე ფიქრობენ ხოლმე. და ამ თვალსაზრისით, არ მიკვირს, რომ ამ თანამდებობებისთვის სწორედ შრიოდერი და ფიშერი შეარჩიეს.”