რა შედეგი მოიტანა ჟენევის შეხვედრის მეექვსე რაუნდმა?

ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პიერ მორელი ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე

1 ივლისს ჟენევაში გაიმართა საქართველოს კრიზისზე საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით მეექვსე რაუნდი.. საქართველოს დელეგაციას ჟენევაში ამჯერადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა.. ცნობილი იყო, რომ ჟენევაში რუსეთის მხარე აპირებდა დაეყენებინა მხარეთა შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების მოთხოვნა. რა შედეგებით დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებები?

მთავარი შედეგი არის ის, რომ ჟენევის პროცესი გრძელდება. რუსეთის მოთხოვნამ, საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს, მოლაპარაკებათა პროცესი ვერ ჩაშალა. რუსეთის დელეგაციამ არ მიიღო საქართველოს მხარის საპასუხო ფორმულირება, გაფორმდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება, ოღონდ რუსეთსა და საქართველოს შორის, პირობით: რუსეთმა აღიაროს საქართველოს დეოკუპაციის ვალდებულება და დათანხმდეს უსაფრთხოების ახალ მექანიზმზე... მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების ოქმში ჩაიწერა, რომ შემდეგ რაუნდებზე მთავარი განსახილველი თემა სწორედ უსაფრთხოების მექანიზმი იქნება. მომდევნო, რიგით მეშვიდე, რაუნდი კი ჟენევაში სექტემბერში გაიმართება.

შვიდსაათიანი დაძაბული მოლაპარაკების შედეგებს შორის უნდა აღვნიშნოთ შეთანხმება იმის შესახებ, რომ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმებზე ადრინდელი შეთანხმების შესაბამისად, ამ საკითხებზე შეთანხმება შეხვედრა გაიმართება გალის რაიონში, თანაც მალე - ივლისის შუა რიცხვებში. მსგავსი შეხვედრები აქამდე ტარდებოდა მხოლოდ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ოკუპირებულ ზონასთან, სოფელ დვანში. ახლა ასეთივე შეხვედრა 14 ივლისს შედგება გალის რაიონში, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, გამომდინარე ამ რაიონის მოსახლეობის უმძიმესი მდგომარეობიდან. იქ, როგორც ცნობილია, განსაკუთრებით ხშირია ქართული მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. და კიდევ, ჟენევის მეშვიდე რაუნდზე დაითქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობით მოხდება საქართველოში დევნილთა რეგისტრაცია იმის ნათელსაყოფად, თუ რამდენი დევნილია საქართველოში, ანუ რამდენი ადამიანია დასაბრუნებელი საკუთარ მიწა-წყალზე.

ასეთია საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდის შედეგები - რაუნდის, რომელთან დაკავშირებითაც წინასწარ იყო მსჯელობა, რომ მასზე საკუთარი მოთხოვნების გამოტანით რუსეთი შეეცდებოდა მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლას. რუსეთის დელეგაციის მოთხოვნები ჟენევაში იყო: ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და სეპარატისტულ რეჟიმებს შორის და აგვისტოს ომის შემდგომი რეალობის ასახვა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზე. საქართველოში გაეროსა და ეუთოს ბლოკირების შემდეგ რუსეთმა ჟენევის პროცესის ფორმატში ცვლილებების შეტანის საკითხიც დასვა. საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების ძალისხმევით, რუსეთის ინიციატივები ვერ გავიდა. ჟენევის მოლაპარაკებებზე თანათავმჯდომარეებად რჩებიან ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები. ამასთან, საქართველოდან გაეროს მისიის გასვლით შექმნილი ვაკუუმის რამენაირად დასაძლევად გაეროს გენერალურმა მდივანმა საკუთარ წარმომადგენელს, იოჰან ვერბეკეს, დაავალა გაააქტიუროს გაეროს როლი ჟენევის პროცესზე.
ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ შემდეგი განცხადება გააკეთა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას:

”ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ხედვა რუსეთის ფედერაციას. ეს ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ ძალის გამოუყენებლობის პრინციპის ეფექტურად განხორციელებისთვის ჩვენ ეფექტურ მექანიზმად მიგვაჩნია საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგება ეტაპობრივად.. ეს არის პირობა, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეთანხმება გავაფორმოთ რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთის ფედერაცია ამისგან შორს არის ამ ეტაპზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამხელა დრო დაეთმო ამ იდეის განხილვას.”

იდეა განხილული იქნა. რუსეთისთვის ამ ეტაპზე მიუღებელია საქართველოს პირობები, ის საკუთარი პირობების ერთგული რჩება.. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჟენევის პროცესი გრძელდება. როგორც უკვე ვთქვით, საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შვეიცარიაში სექტემბერში უნდა გაიმართოს.