ვინ დაწერს საქართველოს ახალ კონსტიტუციას

23 ივნისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულებით დაამტკიცა საკონსტიტუციო კომისიის დებულება. მასში არ არის მითითებული კონკრეტული ვადები, თუ როდის უნდა მოამზადოს სახელმწიფო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ კომისიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა არასაპარლამენტო ოპოზიციამ. 23 ივნისსვე ”კავკასიური სახლის” სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ კონსტიტუციის საკუთარ ვერსიაზე მუშაობს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიაც, რომელიც პროექტის ძირითად ნაწილზე მუშაობას სექტემბერში დაასრულებს.

იქნება თუ არა ეს ორი პროექტი ერთმანეთის ალტერნატივა; გავა თუ არა ორივე პლებისციტზე და რა ფორმით შეიძლება ეს მოხდეს; არის თუ არა შესაძლებელი, რომ კომისიების მუშაობის გზები გადაიკვეთოს ან შედეგები შეჯერდეს; ამ და სხვა მრავალ პრობლემაზე დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე. თბილისის სტუდიაში ისინი მარინა ვაშაყმაძემ მიიწვია.