შემოთავაზება

არ მიყვარს ცხელ-ცხელ ამბებზე წერა.

ახლაც, რამდენი რამ ხდება – ზოგი მოსალოდნელი, ზოგი მოულოდნელი და ამ ცხელ-ცხელი ამბების შუაგულში, რატომღაც, სულ სხვა თემაზე მეფიქრება.

ჩემი აზრით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებას ორი არჩევანი ჰქონდა: მთავარ პრიორიტეტად ან დემოკრატიის მშენებლობა უნდა გამოეცხადებინა, ან – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. პირველი პრიორიტეტი – დემოკრატიის მშენებლობა – ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობდა; მეორე პრიორიტეტი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – თავის მხრივ, გულისხმობდა ძალაუფლების თავმოყრას პრეზიდენტის და მისი უახლოესი გარემოცვის ხელში.

ხელისუფლებამ მეორე გზა აირჩია – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არავისთვის უკითხავთ, რა უნდა ყოფილიყო ქვეყნის განვითარების პირველი პრიორიტეტი; თვითონ ერთმანეთს შეუთანხმდნენ, რომ დემოკრატიის შენების დრო მხოლოდ იმის შემდეგ დადგებოდა, რაც მკაცრი პოლიტიკის წყალობით საქართველოს სახელმწიფო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა.

შესაბამისად, ქვეყნის ფინანსური რესურსის დიდმა ნაწილმა თავმოყრა ამ პირველი პრიორიტეტის ირგვლივ დაიწყო. გაიზარდა შეიარაღება, გაძლიერდა ჯარი და პოლიცია, დაარსდა რეზერვისტთა ინსტიტუტი და ახალგაზრდული პატრიოტული ბანაკები, შეიქმნა ტელეკომპანია „საქართველო“, რომელსაც საბრძოლო სულისკვეთების გაღვივება დაევალა.

მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნის განვითარების პირველი პრიორიტეტი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – მრავალწლიან ჩიხში შევიდა. რესურსი, რომელიც ამ მიმართულების გასაძლიერებლად დაიხარჯა, ნაწილობრივ განადგურდა; ნაწილობრივ – უარყოფილ იქნა, როგორც არასაჭირო; ნაწილობრივ – შეცვლილი შინაარსით შენარჩუნდა.

ომისშემდგომ პერიოდში, რომელიც საკმაოდ არასტაბილური და რთული აღმოჩნდა, ხელისუფლებას არ ჩამოუყალიბებია სახელმწიფოს განვითარების ახალი პრიორიტეტი და ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა მიმართულებით მოხდება რესურსის თავმოყრა მომავალი წლების განმავლობაში, არ ვიცით, რომელი სფერო გაძლიერდება და რას მოუტანს ეს ქვეყანას.

მაგრამ, სურს თუ არ სურს, ხელისუფლებამ ახალ პრიორიტეტზე უნდა იფიქროს.

შესაბამისად, ხომ არ დადგა დრო, როდესაც საზოგადოება უნდა ჩაერთოს იმ საკითხის განხილვაში, თუ რა შეიძლება შეირჩეს ახალ პრიორიტეტად სახელმწიფოს განვითარების დღევანდელ ეტაპზე და რატომ? მით უმეტეს, რომ დღეს საზოგადოებრივი აზრის იგნორირება ძველებურად ადვილი აღარ არის.

რამდენიმე კვირის წინ ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა გოგი გვახარიამ სპეციალური ბლოგი მიუძღვნა განათლების თემას და ამ ბლოგის კომენტატორებმა, ფაქტობრივად, ერთხმად აღიარეს, რამდენად უპირატესია განათლების საკითხი, თუნდაც, შიდა პოლიტიკურ კონფლიქტთან შედარებით. მათ ძალიან მკაფიოდ გამოხატეს საკუთარი პოზიცია, რომ არ არსებობს რაგინდ მწვავე დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომლის დროსაც არ იქნება განათლების თემაზე, განათლების მნიშვნელობაზე საუბრის დრო.

თუ ეს ასეა, მაშინ მიჩნდება შეკითხვა: ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ხომ არ უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარების პირველი პრიორიტეტი ზოგადად დემოკრატიის რომელიღაც მორიგი ტალღა კი არა, არამედ, კონკრეტულად, განათლების სფერო?

მჯერა, რომ თუნდაც ჩვენ – საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ირგვლივ ვართ შემოკრებილი – შეგვიძლია, მოვიფიქროთ, როგორ ვაიძულოთ ხელისუფლება, სერიოზული რესურსი მიმართოს განათლების სფეროსკენ და შარშან ტანკებისთვის განკუთვნილი ფული როგორ აქციოს წელს წიგნებისთვის განკუთვნილ ფულად.

შესაძლოა, განათლების სფერო კი არა, რომელიღაც სხვა სფერო უნდა განვითარდეს პრიორიტეტულად, თუნდაც, სოფლის მეურნეობა ან ტურიზმი.

პირველად იმის შემდეგ, რაც ნებაყოფლობით გავხდი ბლოგერი, გთავაზობთ, კონკრეტულად განვიხილოთ, რა უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარების პირველი პრიორიტეტი. უბრალოდ კი არ ვისაუბროთ, საკუთარი აზრები კი არ გამოვთქვათ, არამედ, ვცადოთ, გავარკვიოთ, არსებობს თუ არა კონსენსუსის შესაძლებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით – რომელ სფეროში უნდა მოიყაროს თავი სახელმწიფოს რესურსმა პრიორიტეტულად იმისათვის, რომ ქვეყანა სწორად განვითარდეს. შეგვიძლია, პარალელურად ვიმსჯელოთ, რა მექანიზმები გვაქვს ხელისუფლებისთვის ხმის მისაწვდენად და მისთვის ჩვენი არგუმენტების წარსადგენად.

დარწმუნებული ვარ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებსაც კი ძალიან საქმიანად შეუძლით იმ თემაზე საუბარი, თუ რა უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარებისთვის პირველი პრიორიტეტი ნებისმიერი – დღევანდელი თუ ხვალინდელი – ხელისუფლების პირობებში. სიტყვას გაძლევთ, ამ ბლოგის განხილვაში მეც აქტიურად ჩავერთვები. პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, თქვენი იმედი მაქვს.