გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტომ ევროკავშირის მისიის მნიშვნელობა გაზარდა

ჰანსიორგ ჰაბერი

საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ გამოყენებულმა ვეტომ, რის გამოც გაეროს მისია საქართველოში ტოვებს აფხაზეთს, ევროკავშირის მისიის მნიშვნელობა გაზარდა. ასევე მიაჩნიათ უცხოელ დიპლომატებს. 18 ივნისს ეს თბილისში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ, ჟენევის ჯგუფის თანათავმჯდომარემ პიერ მორელიმ და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმაც დაადასტურეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საერთაშორისო მისიების სრულად გასვლის შემდეგ ახალი რეალობა იქმნება.

იმის აღსაწერად, თუ რა ახალი რეალობა შექმნა საქართველოში - კერძოდ, აფხაზეთში - გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ გამოყენებულმა ვეტომ, მოვიშველიებ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებას. მასში დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა სინანული გამოთქვეს რუსეთის გადაწყვეტილების გამო, ვეტო დაედო რეზოლუციისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზეთში გაეროს სამეთვალყურეო მისიისთვის მანდატის ტექნიკურად 2 კვირის ვადით გაგრძელებას. ”გაეროს მისიის - ისევე როგორც ეუთოს მისიის -გაუქმება რეგრესია კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო ძალისხმევის პროცესში. რეგიონში წარმოდგენილ ყველა ძალას მოვუწოდებთ მაქსიმალური თავშეკავებისკენ, მოვუწოდებთ დაიცვან აგვისტოს საზავო შეთანხმებები; მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარეს მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ კონფლიქტების მშვიდობიანი, პოლიტიკური მოგვარებისთვის და იმისთვის, რომ შეუმსუბუქონ მდგომარეობა ლტოლვილებსა და იძულებით ადგილნაცვალ პირებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიის მტკიცე მხარდაჭერას და ასევე კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, - ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში. მას ხელს აწერენ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები.

რუსეთის გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოთქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა თავის მოხსენებაში, რომლითაც ის ორიოდე დღის წინ კონგრესში წარდგა. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იქვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ, სეპარატისტული რეგიონებიდან საერთაშორისო მისიების სრულად გაყვანის პირობებში, ევროკავშირი ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის პირობით საზღვრებთან.

საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ვეტომ გაზარდა ევროკავშირის მისიის მნიშვნელობა და კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა საქართველოს, მოითხოვოს საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო მისიის გაძლიერება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სერგი კაპანაძის თქმით:

”ჩვენი ამოცანაა საერთაშორისო ყოფნა გავაძლიეროთ საქართველოში და ამაში, პირველ რიგში, იგულისხება ევროკავშირი. ისინი ვერ გადადიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენ გავაძლიერებთ მცდელობას საერთაშორისო არენაზე, რომ საერთაშორისო ზეწოლამ რუსეთი აიძულოს დაუშვას ევრომონიტორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.”

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლაც ეფექტურად ვმუშაობთ და ეფექტურად ვიმუშავებთ მომავალშიც”, - თქვა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა 18 ივნისს თბილისში. სასტუმრო ”თბილისი-მარიოტში” მან, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან პიერ მორელმა სწორედ იმაზე იმსჯელეს,თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საქართველოში ევროკავშირის მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების ყოფნის აკრძალვის შემდეგ. სულ მალე ევროკავშირში განიხილავენ საქართველოში საკუთარი მისიის მანდატის საკითხს. ”არ ვიცით როგორი იქნება შედეგი, მაგრამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ ეს ასეა”, - ითქვა ჩვენ მიერ ნახსენებ შეხვედრაზე. იქვე ხაზი გაესვა შექმნილ ვითარებაში რაოდენ დიდი როლი აკისრია მოლაპარაკებების ერთადერთ ფორმატს (იგულისხმება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები) და რამდენად აუცილებელია ეს მოლაპარაკებები იყოს ეფექტიანი.

არის თუ არა მოსალოდნელი რაიმე ძვრები ევროკავშირის მისიის გაფართოების მიმართულებით? - ”ევროპამ, ცოტა არ იყოს, ვერ ივაჟკაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს რეალობა ოდნავ იცვლება. მაგალითად, გერმანიის განცხადებები ცოტა განსხვავებულია იმისგან, რაც იყო ერთი წლის წინ. შეიძლება ევროპელებმა სცადონ გააძლიერონ თავიანთი წარმომადგენლობა ჩვენს ტერიტორიაზე”, აღნიშნავს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი. ევროკავშირის დღევანდელ მისიას აქვს მანდატი მთელ საქართველოში, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ არ უშვებენ. ექსპერტების აზრით, აუცილებელია მისიის შემდგომი გაძლიერება თუნდაც იმისთვის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მხარის უფრო ძლიერი მონიტორინგით კიდევ უფრო გასაგებად გაეცეს პასუხი რუსეთის მუდმივ პრეტენზიებს, საქართველო ომისთვის ემზადებაო.

საქართველოს შემდეგ პიერ მორელი მოსკოვს ესტუმრება. მანამდე შედგა სატელეფონო საუბარი მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის. მხარეებმა საქართველოში, აფხაზეთში, გაეროს მისიის შეწყვეტის შემდეგ პროცესების შესაძლო განვითარებაზე იმსჯელეს. გრიგორი კარასინმა გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხზე გამართულ ბოლო დისკუსიასთან დაკავშირებით თქვა, რომ რუსეთი რეგიონში ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის აღიარების უარყოფას შეეჯახა და ეს არასტაბილურობის ახალ ტალღას გამოიწვევს.