იცხაკ პერლმანი და მსუბუქი მუსიკა

იცხაკ პერლმანი

ცნობილმა დირიჟორმა იური ტემირკანოვმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში საკმაოდ საკამათო მოსაზრება გამოთქვა: ”ნამდვილი მხოლოდ კლასიკაა, ყველაფერი დანარჩენი ჭიშკრისქვეშა, ქუჩის მუსიკას მიეკუთვნება”. სამწუხაროდ, ამ მოსაზრებას კლასიკური მუსიკის ბევრი შემსრულებელი იზიარებს. მათთვის ჟანრის კანონები წმიდათაწმიდა და ხელუხლებელია. ჩემი აზრით, ეს შემთხვევითი არ არის: იეჰუდი მენიხინის, იოი-იო-მას, ფრიდრიხ გულდას და სხვების (კინაღამ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მუსიკოსის გვარიც წამომცდა) მცდელობა რეგტაიმი, ჯაზი ან პოპსი დაეკრათ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამ თვალსაზრისით, გარკვეულ გამონაკლისს წარმოადგენს თანამედროვეობის გამოჩენილი მევიოლინე იცხაკ პერლმანი. სავიოლინო მუსიკის შედევრების გარდა, ის ყოველთვის იჩენდა ინტერესს იმ მუსიკისამდი, რომელიც ტრადიციული რეპერტუარის ჩარჩოს სცდება. მაგალითად, პერლმანმა კომპაქტ-დისკზე ჩაწერა ანდრე პრევინის ჯაზური კომპოზიციები, სკოტ ჯოპლინის რეგტაიმები, ბროდვეის მიუზიკლების ნაწყვეტები. ოთხმოცდაათიან წლებში იცხაკმა დიდი დრო მოანდომა ებრაული მევიოლინეების, ე.წ. ”კლეზმერების”, ხელოვნების აღორძინებას. მეფის რუსეთში კლეზმერების, ამ იმპროვიზატორი მევიოლინეებისა და მათი მცირერიცხოვანი ინსტრუმენტული ანსამბლების მოღვაწეობის არეალი ბინადრობის საზღვრებში მდებარე პროვინციულ ქალაქებს არ სცდებოდა.

იცხაკ პერლმანი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასიკური მევიოლინეა. მისი შესრულება მოხდენილობით და ინტერპრეტაციის თავისებურებით ხასიათდება. ის 1945 წლის 31 აგვისტოს ტელ-ავივში დაიბადა. ოთხი წლის ასაკში მომავალი გამოჩენილი მევიოლინე პოლიომიელიტით დაავადდა და ფეხები წაერთვა. იმ დროიდან მოყოლებული, პერლმანი ყავარჯნებით დადის. კონცერტებზე ის მჯდომარე უკრავს.

უკვე ათი წლის ასაკში იცხაკმა ისრაელის რადიოთი კონცერტების სერია გამართა, ხოლო 1958 წლიდან ედ სალივანის უაღრესად პოპულარულ ამერიკულ ტელეშოუში ღებულობდა მონაწილეობას. ამ გამოსვლებით მოპოვებულმა ფულადმა თანხამ ნორჩ მუსიკოსს საშუალება მისცა შეერთებულ შტატებში გაეგრძელებინა სწავლა. ნიუ-იორკის სახელგანთქმულ ჯულიარდის სამუსიკო სკოლაში პერლმანი შესანიშნავი პედაგოგის, ივან გალამიანის, მოწაფე გახდა.

ამერიკაში ახალგაზრდა მევიოლინის დებიუტი 1963 წელს ნიუ-იორკის ”კარნეგი-ჰოლში” შედგა. ამას მოჰყვა გამოსვლები ლონდონის ”როიალ-ფესტივალ ჰოლში” და მსოფლიოს სხვა ცნობილ დარბაზებში. ასე დაიწყო პერლმანის ბრწყინვალე საკონცერტო კარიერა. კომპაქტ დისკზე, სახელწოდებით ”კინოსერენადა”, პერლმანი პიტსბურგის სიმფონიურო ორკესტრის თანხლებით უკრავს ნაწყვეტებს სხვადასხვა ფილმების საუნდტრეკებიდან. მუსიკის არანჟირების ავტორებს შორის ელმერ ბერნსტაინი, ანდრე მორლეი, ანდრე პრევინი, ჯონ უილიამსი არიან. ორკესტრს სწორედ უილიამსი დირიჟორობს. პოპულარული მუსიკის პერლმანისებური ინტერპრეტაცია სამართლიანად შეიძლება გამოჩენილი მევიოლინის აიზეკ სტერნის ტრადიციების გაგრძელებად ჩაითვალოს. თავის დროზე სტერნმა ისტორიული ფრაზა წარმოთქვა: ”ხელოვნება განათლების არა დანართი, არამედ მთავარი შემადგენელი ნაწილია”. დარწმუნებული ვარ, რომ ხელოვნებაში ის მუსიკის უკლებლივ ყველა ჟანრს გულისხმობდა.