უცნობი ლიდერი, ბენდუქიძე საკანში და ქართული მენტალიტეტი

ნინო ბურჯანაძე შესაშური პოლიტიკური გამჭრიახობით მოიქცა, როდესაც მას ოპოზიცია განვლილ პერიოდზე პასუხებს სთხოვდა და ის ამას რაციონალურად აპროტესტებდა. ამის არგუმენტად ბურჯანაძე საერთო მტრის მოშორებას ერთიანი ძალებით სთავაზობდა ოპოზიციას, მოგვიანებით კი...

ეს ისე, ყურადღების მისაქცევად. თორემ სათაურს კავშირი სულ არა აქვს დღევანდელ სტატიასთან (სტატია ჰქვია, რო? ალბათ რომ არა, მაგრამ აბა რა დავარქვა, პოსტი? არ შემიძლია!). ისე როგორია? ხომ ჟღერს?

პირველი აბზაცი კიდევ „კოპი-პეისტით“ გადმოვიტანე „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებული სტატიიდან „აქვს თუ არა უცნობს ოპოზიციის ლიდერობის შანსი“. ნათია ხურცილავაა ავტორი. „გუგლში“ ჩავწერე „ახალი თაობა უცნობი 26 მაისი“ და ეგ ამომიგდო. კიდევ ერთხელ, აი, სულ არაფერ შუაში არ არის არაფერთან. გეტყვით, რატომ დავიწყე ასე. რაღაც ხანს, წესით 3-4 დღეს, ამაზე ქვემოთ, ეს სტატია (ისე პოსტი კი ჟღერს „ბლოგურად“ და თანამედროვედ. მაგრამ ერქვას სტატია, დაშავდება რამე? ალბათ არა) საიტის პირველ გვერდზე იქნება. ჰოდა, მინდოდა იქ ისე გამოჩენილიყო, თითქოს სტატია პოლიტიკაზეა. იმიტომ, რომ სხვა ხომ მაინც არაფერი გაინტერესებთ.

ჰოდა, ასე! თუ გინდათ, წადით ეხლა. არაფერი პოლიტიკური აქ არ დაგხვდებათ. მაგრამ, რა ვიცი, ბარემ აქ ხართ... იქნებ ჩაგეკითხათ. კი არ არის საინტერესო, მაგრამ მიწვალია, დამიწერია... თან დახმარება მჭირდება. ამიტომ დასჭირდა ამხელა შესავალი, მაშინვე „ჰელფ-ის“ ყვირილს ხომ არ დავიწყებდი.

გეტყვით, რაშიცაა საქმე. ეს ბლოგი კი მაქვს, მაგრამ განახლებების მხრივ ძალიან შავად მაქვს საქმე. უფრო სწორად, შავად მქონდა, ვაპირებ გამოვასწორო. კვირაში ორჯერ, ვთქვათ, ორშაბათს და პარასკევს რომ განახლდეს ხოლმე, ნორმალურია?

ასევე, მინდა ცოტა სახე მივცე, თორემ აქამდე რაღაც გზააბნეული საჟურნალე სტატიების ნაკრები გამოდიოდა. თან რატომღაც გადავწყვიტე, რომ აუცილებლად მიმდინარე მოვლენებთან უნდა ყოფილიყო კავშირში. არადა, რა აუცილებელია? მაძალებს ვინმე? ერთი კია, როგორც კი რამე სხვა თემაზე ვიწყებდი წერას, შინაგანი განრისხებული მკითხველი მიყვიროდა - რა დროს ეგაა, ნახე ქვეყანაში რა ხდებაო. ჩავახშე. ალბათ კიდევ არის სადღაც, ჩემში, მაგრამ ხმა აღარ მესმის. ძალიანაც კარგი. მივიდეს და გაურჩიოს საქმეები გადადებულ საქმეებს, ბავშვობის ცოდვებს და რეპრესირებულ მოგონებებს. ალბათ ერთად არიან, ჩახშობილი შინაგანი ხმების საკანში.

თხოვნას რაც შეეხება. თუ ძალიან არ შეწუხდებით, იქნება მომეხმაროთ. შემდეგი სტატიისთვის (შეიძლება დაშავდეს კიდეც. „სტატია“ მაინც უფრო ბეჭდურ მედიასთან ასოცირდება. „პოსტი“ თუ არ დავწერე ძველმოდური გამოვალ. ვაი, ვაი. რა მეშველება?) მაქვს სამი თემა. ვერ ავარჩიე რითი დავიწყო. თუ არ დაგეზარათ, იქნება კომენტარებში მითხრათ რა ვქნა? ოღონდ, ძალიან არ გამლანძღოთ, თორემ ვკომპლექსდები.

ასეთი თემებია:
1. ირინა ალეგროვას სიმღერის „ბაბი სტერვის“ ანალიზი. აგერ უკვე რამდენიმე თვეა მაწუხებს. შეგვიძლია განვიხილოთ ტექსტი და კლიპი (იცით, რას ცეკვავს?). რა ჩანს ზედაპირზე, როგორია ქვეტექსტი და ასეთები... წესით, სასაცილო უნდა გამოვიდეს. კი არის ძველი სიმღერა, მაგრამ საეტაპოა. რისი საეტაპო არ ვიცი, მაგრამ წერისას გავარკვევთ.

2. „თბილისი ოუფენ ეარის“ ფესტივალის მიმოხილვა. გახლდით სამივე დღეს და თან მთელი ახალგაზრდობა, სხვადასხვა გაზეთში მუშაობისას სწორედ კონცერტებს ვაშუქებდი ხოლმე და რაღაც ვალდებულად ჩავთვალე თავი... კი, ძალიან დაგვიანდა, მაგრამ დაკავებული ვიყავი - პალადინი მყავდა ნორთრენდში წაყვანილი. ამ ბოლო წინადადებას ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

3. ჯარვის კოკერმა გამოუშვა ახალი ალბომი და კარგია. ვუსმენდი და სიყვარულის ბუშტი გამიჩნდა და ისედაც ხშირად ვუსმენდი „ფალფს“ და კიდევ ერთხელ დავაფასე და მაგაზე მინდოდა დამეწერა. თან კარგი კლიპები აქვთ და მოვუსმენდით ერთად.

გამოვიდა, რომ სამი თემა გვაქვს - სახუმარო, ჟურნალისტური და მუსიკალური. რომელი ავირჩიო და რატომ?

მოკლედ, ვცდილობ ბავშვობის მეტსახელი, „ინტერაქტიული ნიკუშა“ გავამართლო. „სტატია-პოსტის“ დაპირისპირება კი „სტატიის“ სასარგებლოდ დამთავრდა. „პოსტის“ მომხრე შინაგანი ხმა ჩახშობილების საკანში ჩავაგდე.