რატომ წამოიწია წინა პლანზე მინიშნებამ სამოქალაქო დაპირისპირებაზე?

ოპოზიციის მიერ ბლოკირებული ქუჩა

თვენახევრიან პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომლის ეპიცენტრიც საქართველოში თბილისი და თბილისის ცენტრია, ბოლო დღეებში თვალშისაცემი გახდა მინიშნებები სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებაზე, რაღაც სერიოზული სისხლისღვრის ალბათობაზე. მსგავსი მინიშნების შემცველი განცხადებები პოლიტიკურ ლიდერებს ადრეც გაუკეთებიათ, მაგრამ დღეს ასეთმა მინიშნებებმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, რადგან მან გაიჟღერა არა მარტო ოპოზიციის ლიდერთა განცხადებებში, არამედ საპატრიარქოს 28 მაისის განცხადებაშიც.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ბოლო პიკი 26 მაისს იყო ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საიდანაც იქ შეკრებილი ხალხი (მრავალი ათასი) სამების ტაძრისკენ დაიძრა საქართველოს პატრიარქის ქადაგების მოსასმენად. როგორც ცნობილია, ხალხის სამებისკენ წაყვანის გადაწყვეტილებამ ამ საპროტესტო აქციათა ორგანიზატორებში გარკვეული განხეთქილებაც შეიტანა.

”პატრიარქმა არ მოგვისმინა, ჩვენც მოტყუებულები ვართ, არსებოდა სხვა გეგმა და ის მოტყუებით შეგვაცვლევინესო”, - განუმარტავდა ტაძრის ეზოში პატრიარქის ქადაგებით უკმაყოფილო მხარდამჭერებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი.

ერთი სიტყვით, გეგმა შეიცვალა. პატრიარქის 26 მაისის განცხადებამ, ”ვნახეთ რა მოგვიტანა პირველი, შემდეგ მეორე პრეზიდენტის გადაგდებამო”, ლიდერები და მათი მხარდამჭერები უკმაყოფილოები დატოვა. მოგვიანებით ემოციებმა ამოხეთქა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, კიდევ უფრო მოგვიანებით კი გადაიკეტა რკინიგზის ხაზები. თუმცა ექსცესები არ ყოფილა. ხელისუფლებამ რკინიგზის ხაზების პიკეტირებაც მოითმინა და უკევ 28 მაისს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები და ნათქვამია სხვა რამეც:
”გუშინწინდელი ჩვენი განცხადებაც გაკეთდა შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით. ცნობილი იყო , რომ ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას, ხოლო, მომიტინგეების მკვეთრი ქმედებების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო შეტაკება და სისხლისღვრა.”
საპატრიარქოს 28 მაისის განცხადების ამ ნაწილს მოჰყვა შეფასებები. ითქვა, რომ 26-ში ხელისუფლებას ჰქონდა რაღაც ცუდი და საშიში გეგმა და ამ გეგმის განეიტრალება შეძლო პატრიარქმა თავისი იმდღევანდელი განცხადებით. მაგრამ ასევე იყო ოპოზიციის ლიდერების გეგმაც, ” სხვა გეგმა”, როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, და რომელიც, მომღერალ გია გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებით, სტადიონზე შეკრებილი ხალხის ტაძრისკენ წაყვანით ჩაიშალა.

ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი 26 მაისს აცხადებდა, რომ უფრო პრინციპული და უფრო რადიკალური ქმედებები იყო საჭირო, უფრო რადიკალური ქმედებების მომხრეობას ავლენდა ხალხიც. ჩვენ დავინტერესდით, როგორ განმარტავენ ხელისუფლებაში საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამს, რომ ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას და, მომიტინგეების მკვეთრი ქმედებების შემთხვევაში, 26 მაისს თბილისში მოსალოდნელი იყო შეტაკება, სისხლისღვრა. განმარტება საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს ვთხოვე:

”პატრიარქის განცხადებაში წერია, რომ ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას. რაც შეეხება მიტინგის, აქციის მონაწილეების მსვლელობას, არავინ აპირებდა ამ ხალხისთვის ხელის შეშლას და თუ მიზანი იყო რომელიმე დაწესებულებაში შევარდნა, ცხადია, ასეთ შემთხვევაში კომპრომისს არავინ დაუშვებდა.”
მსგავს შემთხვევებში რა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და რა -ოპოზიციისა? ამასთან დაკავშირებით მოვისმინოთ ამჟამინდელი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნინო ბურჯანაძის, 2007 წლის დეკემბრის განცხადება. ის მაშინდელ, ასევე პოლიტიკურად მღელვარე, ვითარებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო და რადიკალურად განწყობილ ოპოზიციის ლიდერებს თავის წილ პასუხისმგებლობას ასე შეახსენებდა:

”არ შეიძლება ოპოზიციას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდეს. არსებობს უფლებები და არსებობს მოვალეობები და არ შეიძლება მარტო უფლებაზე ილაპარაკო და არ შეიძლება მარტო სხვის მოვალეობებზე ილაპარაკო. პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმათ, ვინც ამდენ ხალხს კრებს? ვინც ქუჩებს უკანონოდ კეტავს? შეიძლება მარტო სხვის პასუხისმგებლობაზე ილაპარაკო?”

დღეს ოპოზიციის ლიდერებს შორის სწორედ ბურჯანაძე გამოირჩევა განსაკუთრებული რადიკალურობით. დღეს მისი რიტორიკა ასეთია:

”ვინც თქვენ გაბრაზებას გაბედავს, კარგი დღე არ უწერია, ეს უნდა იცოდეს ხელისუფლებამ! სამართლიანი უნდა იყოს ხელისუფლება!”
28 მაისს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მოხდა ინციდენტი, ჩხუბი, რომლის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ, მათ შორის სერიოზულად დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები.. პასუხისმგებლობა მომხდარზე რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას დააკისრეს. ნინო ბურჯანაძე მიტინგზე გამოსვლისას დაიმუქრა, რომ მომიტინგეების ცემას არავის შეარჩენს, შექმნის სტრუქტურას, რომელიც შიშველი ხელებით დაიცავს მომიტინგეებს, და თქვა ისიც, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შექმნის სხვა სტრუქტურასაც.

იყო ასეთი გამოსვლებიც: ”ყველა დადგება აქ და ვინმე თუ გაბედავს და დაარბევს კონცერტს ამაღლების დღესასწაულზე, ამ ამაღლების დღეს, იქნება დამთავრება ამ ხელისუფლების” - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ მიტინგზე ნათქვამი. მუქარანარევი განცხადება 28 მაისის საინფორმაციო მიტინგზე ჰქონდა გიორგი ხაინდრავასაც: ” ჩვენა ვართ ძალიან ბევრი, მთელი სტადიონი ხალხი ვართ და ორი ამდენი სახლშია. ღმერთმა დაიფაროს, ისე არ გააკეთონ, რომ მათი შეკრებები დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ!”
მოვიყვან ლევან გაჩეჩილაძის 28 მაისის განცხადებასაც : ”ფასადური თავის მოტყუების პოლიტიკა კიდევ უფრო ძაბავს პროცესს და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს ხალხი და სპეცრაზმი.” ეს ლევან გაჩეჩილაძის ერთ-ერთ სატელევიზიო კომენტარში აღინიშნა. რუსთაველზე გამართულ საინფორმაციო მიტინგზე გამოსვლისას კი მან უფრო მძაფრი ფორმულირება გააკეთა და თქვა, რომ თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ხალხის მოთხოვნას, რაც ჩამოყალიბდა საპატრიარქოს განცხადებაშიც, და თუ არ წავა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქვეყანას სამოქალაქო ომამდე მიიყვანს.

საქართველოს საზოგადოებას ახსოვს სამოქალაქო ომი და ვითარება, რამაც მაშინ საქმე ომამდე მიიყვანა. დღევანდელი ვითარება მაინც სხვაა და ამიტომ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ მიტინგზე გამომსვლელების ასეთი მინიშნებები უფრო შანტაჟია, ვიდრე რეალური მუქარა, თუმცა ნუგზარ წიკლაური ფიქრობს, რომ ყოველთვის ყველაფერი მოწოდებებიდან იწყება და სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს როგორც რადიკალურად განწყობილთა ქმედებებს, ისე მათ განცხადებებს.