პეტერ სემნები აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში სამეთვალყურეო საქმიანობის შენარჩუნებას

პეტერ სემნები ვენაში გამოსვლისას

ევროპის კავშირის ღრმა რწმენით, საქართველოში სასიცოცხლოდ აუცილებელია საერთაშორისო სამეთვალყურეო საქმიანობის შენარჩუნება გაეროსა და ეუთოს მისიების სახით - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს, ეუთოს ვენის შტაბბინაში გამოსვლისას, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ. ელჩმა სემნებიმ დასძინა, რომ ევროკავშირი იმთავითვე მხარს უჭერდა საქართველოში ეუთოს მისიის შენარჩუნებას და დღემდე არ დაუკარგავს იმედი, რომ გამოიძებნება გზა სამეთვალყურეო საქმიანობის გასაგრძელებლად - მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება ამჟამად შეწყვეტილია. პეტერ სემნებიმ ქებით მოიხსენია ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის ძალისხმევა, მიმართული საქართველოში საერთაშორისო მეთვალყურეთა შენარჩუნებისკენ. სემნებიმ საგანგებოდ აღნიშნა ამ საკითხში ეუთოში საბერძნეთის ელჩის, ხარალამბოს ხრისტოპულოსის დამსახურება.

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე გამოსვლისას, პეტერ სემნებიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სტაბილურ სამხრეთ კავკასიას - ღია საზღვრებითა და განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. სემნებიმ ხაზი გაუსვა მნიშვნელობას ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამისა, რომლის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო ამ სამი კვირის წინათ, პრაღაში გამართულ ცერემონიაზე.

"ეს პროგრამა ნათლად მიანიშნებს, რომ ევროკავშირმა ახალ საფეხურზე აიყვანა რეგიონის მიმართ თავისი პასუხისმგებლობის ხარისხი", განაცხადა პეტერ სემნებიმ. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები მნიშვნელოვნად აფერხებს რეგიონში სტაბილურობის მიღწევას, პოლიტიკური რეფორმების განხორციელებას და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.

თავის გამოსვლაში პეტერ სემნები შეეხო ე.წ. "ჟენევის პროცესსაც", რომელსაც ერთობლივად თავმჯდომარეობენ ევროპის კავშირი, ეუთო და გაერო. სემნების თქმით, აუცილებელია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებმა ხელშესახები შედეგების მოცემა დაიწყოს. ჟენევაში დღემდე მიღწეული დადებითი შედეგებიდან პეტერ სემნებიმ გამოყო შეთანხმება "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ", რომელსაც ყველა მხარემ მოაწერა ხელი.