რატომ გადაწყდა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა

ზემო ლარსის რუსული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, ზემო ლარსის, ამოქმედების საკითხზე. საზღვრის გახსნის ინიციატივით მოსკოვი გამოვიდა, რომელმაც ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით შეატყობინა. ოფიციალური თბილისი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებაში ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ სარგებელს ხედავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გამოაცხადა საქართველოს მზადყოფნა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე. ზემო ლარსის ამოქმედების წინადადებით საქართველოს მთავრობას რუსეთის სახელით შვეიცარიის საელჩომ 25 მაისს მიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოფიციალური თბილისი მოსკოვთან მოლაპარაკებათა მაგიდას მხოლოდ შვეიცარიის წარმომადგენლების თანდასწრებით მიუჯდება.

„გამომდინარე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან, გამომდინარე ჩვენი მეზობელი სომხეთის ინტერესებიდან, ქართულმა მხარემ შესაბამის უწყებებს შორის მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა მისცა. ჩვენ ერთადერთი წინაპირობა რაც გვქონდა, ეს არის ის, რომ ყველა მოლაპარაკება უნდა შედგეს შვეიცარიის მხარის თანდასწრებით.“

ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 2006 წელს რუსეთმა სარემონტო სამუშაოების მომიზეზებით ჩაკეტა. ამის შემდეგ მოსკოვმა რუსეთში საქართველოს პროდუქციის იმპორტირება აკრძალა. მიუხედავად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობისა, რუსეთმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედება მოინდომა. ამას თბილისის მიმართ პოლიტიკურ ჟესტს უწოდებს რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი ვიქტორ ილუხინი.
„რუსეთის მხარე აკეთებს ჟესტს, წინადადებას - მოდით, ვეძებოთ გადაწყვეტის გზები. ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა.“

საქართველოში მოსკოვის ამ ჟესტისა თუ ნაბიჯის მიზეზად, ძირითადად, მისი სტრატეგიული მოკავშირის, სომხეთის, ინტერესებს ასახელებენ, რადგან ლარსის ჩაკეტვის შემდეგ სომხეთი რუსეთისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ამ ხნის მანძილზე საქართველოს ეკონომიკამ ბაზრების დივერსიფიცირება მოახერხა და ახლა რუსეთთან საზღვრის გახსნა უფრო ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ინტერესებს მოემსახურება. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განცხადებით, თბილისი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებაში უფრო პოლიტიკურ სარგებელს ხედავს:

„დღეს ჩვენი სავაჭრო ბაზრები არის, ძირითადად, დასავლეთში, ევროპაში. ლარსის გახსნას, ბუნებრივია, რაღაც ეფექტი ექნება უფრო ლოკალური მნიშვნელობის. ერთი რამ ნათელია – ჩვენი პარტნიორების მიერ რუსეთზე განხორციელებული ზეწოლა არის შედეგიანი.“

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება, ექსპერტთა დონეზე, ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ამოქმედების საკითხებთან დაკავშირებით რუსეთ–საქართველოს მოლაპარაკება. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ზემო ლარსში სასაზღვრო და სასაბაჟო ინფრასტრუქტურის რემონტი ერთ თვეში დასრულდება.