საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ხელისუფლება რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჯარისკაცთა მემორიალს გახსნის. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საღამოს ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტზე იწვევს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, შემდეგ კი სასტუმრო ”შერატონ-მეტეხი პალასში” მიღება გაიმართება. ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, დღეს მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ძირითად ნაწილს ბათუმში გამართავს.

დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს გია გაჩეჩილაძე (”უცნობი”), დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული მოქალაქეები და ოპოზიციის ის ლიდერებიც შეუერთდებიან, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონებში მართავდნენ აქციებს. მოგვიანებით ეროვნული სტადიონიდან აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრებიან, სადაც ”სამოქალაქო აღლუმი” მოეწყობა.

”ძირითადი პათოსი იქნება მომავლის ხედვა. იქნება მიმართვა მთელი მსოფლიოსადმი თუ რა დღეში ვცხოვრობთ და რა არის მსოფლიოს ვალი ამ სიტუაციიდან ჩვენი გამოყვანისა. მესამე ეს იქნება ის ფასეულობები, რაზეც საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს” - განუცხადა რადიო თავისუფლებას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. მანვე აღნიშნა, რომ დღეს უნდა მოხდეს გარკევული ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინიცირება მოხდეს - ”დაახლოებით, პოლონეთში რომ ”სოლიდარობა” იყო” - ამბობს გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ეს იქნება ერთგვარი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფრონტი.