აშშ და ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, 2009 წლის 15 აპრილი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდეს, შეწყვიტონ ქუჩებში მიმდინარე დაპირისპირება და უპირობოდ და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკება რეფორმების ახალ პროგრამაზე, რომელიც განამტკიცებდა საქართველოს დემოკრეტიას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროპის კავშირის მიერ ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ერთდროულად გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება საქართველოს ყველა მოქალაქისადმი, გამოიჩინონ კანონმორჩილება, დაემორჩილონ ქვეყნის კონსტიტუციას, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პატივი სცენ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას.

“ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ყოველი ამგვარი ძალისმხევისა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს დემოკრატიული თავისუფლებისა და კეთილდღეობის გაძლიერებისკენ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია”, ვკითხულობთ განცხადებაში.