სარა ვონი - "ღვთაებრივი თავხედი"

სარა ვონი

დღევანდელ ჩემს გადაცემას და მის მთავარ გმირს ”ღვთაებრივი თავხედი” დავარქვი. ეს დახასიათება გამოჩენილი ჯაზური მომღერლის სარა ვონის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მეტსახელიდან წარმოიშვა. სარას ისტორია კი ასე დაიწყო: 1943 წლის გაზაფხულზე ცნობილი ჯაზური პიანისტი ერლ ჰაინსი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. ის დროდადრო ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მოსასმენად თეატრ ”აპოლოში” დადიოდა. პარტნიორობას ხშირად ყოფილი მესაყვირე ჯუნ კლარკი უწევდა. იმ დროისათვის კლარკმა, რარიგ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიატოვა სცენა და კრივის რინგზე გადაინაცვლა. ჰოდა, ერთ მშვენიერ საღამოს მეგობრებმა საკმაო რაოდენობის ბურბონის დალიეს და, შეზარხოშებულებმა, ”აპოლოს” მიაშურეს. თეატრში იმხანად ელა ფიცჯერალდი გამოდიოდა. როგორც წესი, კონცერტებში ახალგაზრდა მომღერლებიც მონაწილეობდნენ. ერლმა და ჯუნმა საპატიო ადგილები დაიკავეს და წარმოდგენაც დაიწყო. პირველი სცენაზე უცნობი ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. როგორც კი მან თავისი სიმღერა დაამთავრა, გაოცებულმა ერლმა ჯუნს ჰკითხა: ”მითხარი, ის ასე მღერის, თუ მე ასე დავთვერი?”. მიუხედავად იმისა, რომ თვრამეტი წლის მომღერალი გარეგნულად ძველი დროის მეძავს ჰგავდა, მან იმავე საღამოს ჰაინსის მოწვევა მიიღო და ერლის ორკესტრში სამუშაოდ არა მარტო მომღერლად, არამედ მეორე პიანისტადაც გადავიდა.

პირველად თავის ცხოვრებაში ნოტები ”რე” და ”მი” სარა ლოიზ ვონმა, მეტსახელად ”სესსიმ”, ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუარკის სამშობიარო სახლში 1943 წლის 3 აპრილს აიღო. როგორც მომღერლის ბიოგრაფები აღნიშნავენ, მეტსახელი მან თავისი სითავხედით მოიპოვა. არადა, სარა უაღრესად რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა. ბავშვობაში ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა და ბაპტისტური ეკლესიის გუნდში მღეროდა, ჯაზს კი რადიომიმღებისა და რადიოლას საშუალებით შინ უსმენდა. თუმცა კანონით მოწაფეებისთვის აკრძალული იყო, სარა ღამის კლუბებში დადიოდა და იქ ფორტეპიანოზე უკრავდა და მღეროდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ნიუარკის აეროპორტის კლუბ ”პიკადილიში”. ”სესის” ამ საქმიანობას, ბოლოს და ბოლოს, დიდ სკანდალი მოჰყვა და მას სკოლის დატოვება მოუხდა. იმ დროიდან მოყოლებული, მთელი თავის ცხოვრება სარა ვონმა მუსიკას მიუძღვნა. ერლ ჰაინსის ორკესტრში მან მხოლოდ ერთი წელი დაყო. უკვე 1944-ში ის ბილი ექსტაინის ახლად დაარსებულ ბენდში გადავიდა. სხვათა შორის, სწორედ ექსტაინმა, რომელიც თეატრ ”ეპოლოს” პირდაპირ, 125-ე სტრიტზე, ცხოვრობდა, დაიბრალა თავის დროზე სარას, როგორც მომღერლის, აღმოჩენის ფაქტი. უნდა ითქვას, რომ ჯაზურ ხელოვნებაში ვონის სასტარტო მუსიკალური დონე არნახულად მაღალი იყო. ელა ფიცჯერალდის, ბილი ჰოლიდეის, დაიანა ვოშინგტონისგან განსხვავებით, ის აქცენტს არა სიმღერის ტექსტზე, არამედ თვით მუსიკაზე აკეთებდა. სარა იყენებდა ხმას როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტს. ამიტომაც იმპროვიზაციებში მისი სუფთა სოპრანოს ფერადოვნება მხოლოდ და მხოლოდ სიმღერის ტექსტით გამოწვეული ემოციებით იყო განპირობებული. ”სესსის” გარდა, მას მეორე მეტსახელიც ჰქონდა - «The Divine» (”ღვთაებრივი”). ასე მხოლოდ ოპერის ვარსკვლავებს უწოდებენ ხოლმე. მეორე მეტსახელის მიუხედავად, სარას სიმღერებში საკმაოდ ხშირად ღია ირონია ისმოდა. დაბოლოს, უნდა გითხრათ, რომ ამ ”ღვთაებრივმა თავხედმა” სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჯაზის დიდების პანთეონში - ელა ფიცჯერალდის, ბილი ჰოლიდეის და დაიანა ვოშინგტონის გვერდით.