რეგიონებში საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან

საპროტესტო აქციებისთვის სამზადისი

26 მაისის აქციისათვის მზადების გეგმის თანახმად, 20 მაისიდან ოპოზიცია საპროტესტო აქციების გამართვას რეგიონებშიც გეგმავს. აქციები გაიმართება ბათუმში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, გურჯაანში, საგარეჯოში, თელავში და საქართველოს კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში. დღეს ჩვენს პროგრამაში რეგიონალური კორესპონდენტები აქციების მზადების შესახებ მოგვითხრობენ.


დავით მჭედლიძე, რუსთავი


ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ რუსთავის თვითმმართველობას წერილობით შეატყობინა, რომ 18-დან 27 მაისამდე ვადაში ოპოზიცია მიტინგისა და საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს რუსთავში, თუმცა ღონისძიების ჩატარების კონკრეტული თარიღი ოპოზიციურ პარტიას არ მიუთითებია. საპროტესტო აქციის დეტალები არც თავად ნინო ბურჯანაძის პარტიის რუსთაველი აქტივისტებისთვის არის ცნობილი, თუმცა, როგორც „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი სავლე მოთიაშვილი ვარაუდობს, რუსთავში გამაფრთხილებელი მიტინგი და მანიფესტაცია მოეწყობა. ერთი კი უეჭველად ვიცი, რომ საკანს არ დავდგამთ, ამბობს მოთიაშვილი.

გასული კვირის მიწურულს რუსულმა წყაროებმა და შემდეგ ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული ასამბლეის განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ორგანიზაცია 20 მაისს საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. ამავე ცნობით, აქციის მიზანია ქვეყნის მთავრობისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების პრობლემებისადმი.

განცხადებაში მოყვანილია რამდენიმე პრობლემა, რომელიც აზერბაიჯანელებს აწუხებთ, კერძოდ, სახელმწიფო ენის, ანუ ქართული ენის, სწავლების დაბალი დონე ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში - ქვემო ქართლში.

ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, რომ სათანადო ყურადღება დაეთმოს ადგილობრივ სკოლებში აზერბაიჯანულ ენაზე სწავლებას და მიწის სამართლიან განაწილებას. განცხადებაში პოლიტიკური მოთხოვნებიც ფიგურირებს, კერძოდ, აზერბაიჯანული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნულ ასამბლეას ვინმე დაშგინ გულმამედოვი ხელმძღვანელობს, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ბაქოში დააპატიმრეს და, თაღლითობის ბრალდებით, ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ალი ბაბაევი, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე, გულმამედოვს ერთ ჩვეულებრივ პროვოკატორს უწოდებს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები მფარველობენ და რომელიც მაშინ გამოდის სცენაზე, როცა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა აქტიურდება.

ამის დასტურად ბაბაევს ის ფაქტი მოჰყავს, რომ ასამბლეის განცხადება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბაქოში გამგზავრების წინ გავრცელდა. როგორც ცნობილია, 20 მაისს სააკაშვილი ბაქოში თავის კოლეგას ილხამ ალიევს უნდა შეხვდეს.

ალი ბაბაევი, რომელიც თავად თბილისელია, დარწმუნებულია, რომ 20 მაისს აზერბაიჯანელები, მით უფრო, გულმამედოვის თაოსნობით, პარლამენტის წინ აქციას არ გამართავენ. თუმცა, ბაბაევის აღიარებით, ზოგიერთი პრობლემა, რომელიც გულმამედოვის ორგანიზაციის განცხადებაშია მოყვანილი, მართლაც არსებობს და ეს აზერბაიჯანულ მოსახლეობას ძალიან აწუხებს.

მთავარ პრობლემად ალიევი აზერბაიჯანელებისთვის ქართული ენის შესაფერისად სწავლების შეუძლებლობას, სკოლების შეუფერებელ მდგომარეობაში ყოფნას, მიწების უსამართლოდ განაწილებასა და ქვემო ქართლში მძიმე კრიმინალურ ფონს ასახელებს.

ალი ბაბაევი აქვე დასძენს, რომ ხსენებული პრობლემებისა და იმის გამოც, რომ საქართველოს აზერბაიჯანელებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრირება სურთ, ისინი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილენი არიან.


ნინო ღაჭავა, ქუთაისი

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ქუთაისს 21 მაისს ესტუმრებიან. დავით აღმაშენებლის მოედანზე გაიმართება საპროტესტო აქცია, რომელიც უცნობის კონცერტით დასრულდება. მამუკა მღვდელაძის, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლის, თქმით, კონცერტის შემდეგ ისინი მხარდამჭერებთან ერთად თბილისში გაემგზავრებიან.

აქციის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ოპოზიციამ მოსახლეობის გაფრთხილება უკვე დაიწყო. აქტივისტები მთელ ქალაქში მანქანებით მოძრაობენ და საინფორმაციო ფურცლებს არიგებენ.

როგორც მამუკა მღვდელაძე აცხადებს, ადგილობრივმა ტელევიზიებმა მათ მიერ მომზადებული კლიპი ეთერში არ გაუშვეს, ამიტომ იძულებული გახდნენ, ქალაქში საინფორმაციო ფურცლები გაევრცელებინათ.

“დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელი მანანა მანაგაძე ამბობს, რომ რეგიონში ოპოზიციის გააქტიურების პარალელურად პოლიციაც გააქტიურდა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიციამ პარტიის წევრები უსაფუძვლოდ დააჯარიმა და ავტომანქანები ჩამოართვა.

მანანა მანაგაძის თქმით, პოლიციამ ავტომანქანები მალევე დააბრუნა და 200 ლარიანი ჯარიმა 10 ლარიანი ჯარიმით შეცვალა. მას ეჭვი აქვს, რომ მანქანების ჩამორთმევა რაიმე პროვოკაციის (ნარკოტიკის ან იარაღის ჩადების, მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების) მოწყობის მიზნით მოხდა.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, საპატრულო პოლიციამ გასულ კვირაში ანალოგიური ქმედებები სხვა პარტიების წარმომადგენლების მიმართაც განახორციელა. სამართალდამცველების გააქტიურებას ოპოზიცია 21 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებს.


ხათუნა გოგაშვილი, ლაგოდეხი

საზოგადო მოღვაწეებს ოპოზიციის რაიონული აქტივისტები თელავში აქტიურად ხვდებიან. კონსერვატიული პარტიის თელავის რაიონული Aშტაბის წევრი გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ თელავში დაგეგმილ აქციაზე სიტყვით გამოსასვლელად თელავის დრამატული თეატრის მსახიობები, სხვადასხვა ინსტიტუტების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლებიც ემზადებიან 'რამდენიმე ინსტიტუტის რექტორთან გვქონდა შეხვედრა, შევხვდით თელავის მსახიობებსაც. მათ აქვთ შესაძლებლობა თელავში დაგეგმილ აქციაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართონ. თელავის საზოგადო მოღვაწეები ემზადებიან სიტყვით გამოსასვლელად", - აცხადებს გიორგი მოსიაშვილი.

მისი განმარტებით, თელავში საინფორმაციო ხასიათის მიტინგი ჩატარდება. მოსიაშვილი ამბობს, რომ გზების პიკეტირება თელავში ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ოპოზიცია კახეთში ამ ეტაპზე არც ადგილობრივი ხელისუფლების გაკრიტიკებას გეგმავს. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თელავის რაიონული შტაბის ხელმძღვანელის ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, აქციაზე ჯერ მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ძირითადი მოთხოვნები გაჟღერდება. უპირველესი მოთხოვნა კი, მისი თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომაა.

"ჩვენი მოწოდება ისევ და ისევ რჩება "გადადგეს პრეზიდენტი". რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით არსებულ ბრალდებებს, ამის გაჟღერებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ", _ აცხადებს ფიქრია ყუშიტაშვილი.

რაიონული აქტივისტები თელავში ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის სრულ მობილიზაციას გეგმავენ. ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” კახეთის რაიონული შტაბის ხელმძღვანელი ფიქრია ყუშიტაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია კახეთში დაგეგმილ აქციაზე შეეცდება მსოფლიოს საქართველოს პრეზიდენტის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებული დიდი ძალა დაანახვოს:

"ვფიქრობ, გვეყოფა ის ადამიანური რესურსი, მოვახდინოთ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის სრული მობილიზაცია და დავანახვოთ არა მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებას, არა მხოლოდ დედაქალაქში მყოფ ხელისუფლებას, არამედ მთელ მსოფლიოს, დასავლეთს, რომლებიც გამოთქვამენ კრიტიკულ მოსაზრებებს და ეჭვი შეაქვთ იმ ფაქტში, არის თუ არა განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილი პრეზიდენტის რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ შევეცდებით დავანახვოთ საპროტესტო მუხტი, რომელიც არსებობს არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ ზოგადად ქართულ საზოგადოებაში",_ ამბობს ფიქრია ყუშიტაშვილი.

ოპოზიცია კახეთის რეგიონში აქციის გამართვას 22 მაისს თელავის, გურჯაანის და საგარეჯოს რაიონებში გეგმავს.