დემოკრატიისკენ საქართველოს სხვა გზა სჭირდება

ოპოზიციის მომხრეთა მიტინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან

როგორც მხარდამჭერები საქართველოს რესპუბლიკის მისწრაფებისა, გახდეს სრულფასოვნად ქმედითუნარიანი, დასავლეთზე ორიენტირებული დემოკრატია, შეშფოთებული ვადევნებთ თვალს სულ უფრო ნაკლებად პროდუქტიულ “დიალოგს”, რომელიც ახლავს ამჟამინდელი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებს, დაწყებულს 9 აპრილს. ორივე მხარეს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც - ეკისრება პასუხისმგებლობა რიტორიკული და პოლიტიკური თვალსაზრისით ჩიხში შესული ვითარებისთვის, რომელიც, თუ არ მოგვარდა, შესაძლოა, ძალადობაში ან დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს. მიზანშეწონილად მივიჩნევთ ალტერნატიულ კურსს, რომელიც ორივე მხარისაგან მოითხოვს, რაიმე შესთავაზონ ერთმანეთს და აღიარონ, რომ არც ერთ მხარეს არა აქვს პასუხი ყველა შეკითხვაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ დემონსტრაციები, მიუხედავად მათი მასშტაბისა, ხალხში არსებული მკვეთრი უკმაყოფილების ლეგიტიმური გამოხატულებაა. საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის. სხვა რამის მტკიცება ან კვლავაც ზედმეტად მკვეთრი რიტორიკის გამოყენება იმის მტკიცებისას, თითქოს ყველა ოპოზიციონერი რუსეთის აგენტი იყოს, ძირს უთხრის მთავრობის დამაჯერებლობას საქართველოშიც და უცხოეთშიც. ეს არ ნიშნავს, რომ სათანადოდ არ უნდა შეფასდეს რეალური გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას აგრესიული ჩრდილოელი მეზობლის მოქმედების შედეგად. მაგრამ ყოველ ჯერზე თითის რუსეთისაკენ გაშვერა იქცა გაცვეთილ და არაეფექტიან გადახვევად დემოკრატიული დიალოგისა და განვითარების გზიდან.

მთავრობამ, გარდა ამისა, უნდა დაძლიოს ოპოზიციისადმი ქედმაღლური დამოუკიდებულების ცდუნება. ოპოზიციის ზოგი ელემენტი, შესაძლოა, უსუსური და უხეიროდ ორგანიზებული იყოს, მაგრამ იმსახურებს პატივისცემას, როგორც ალტერნატიული აზრის მქონეთა წარმომადგენელი. გამონათქვამები, როგორიცაა “ჯანსაღი ოპოზიცია”, რომლებიც ოპოზიციური ჯგუფების ლეგიტიმურობის შესუსტებას ემსახურება, არცთუ ფაქიზად მიანიშნებს, რომ მთავრობამ თვითონ იტვირთა უფლება, გააკონტროლოს და ჩამოაყალიბოს ოპოზიცია.

ვადამდელი გადადგომის იძულება მხოლოდ დემონსტრაციებითა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობით არაკონსტიტუციურიც არის და არადემოკრატიულიც.
თავის მხრივ, ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა მთელი თავისი ძალისხმევა მიმართა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვადამდე გადადგომის გასანაღდებლად, ნაცვლად იმისა, რომ თავისი მოთხოვნები უფრო რეალისტური, კონსტრუქციული და დამაჯერებელი მიზნებით შემოეფარგლა. სააკაშვილმა თავისი ბოლო მანდატი მოიპოვა კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნებით, რომლებიც, როგორც საერთაშორისო მეთვალყურეები ამტკიცებენ, ძირითადად ასახავდა ხალხის ნებას - მნიშვნელოვანი დარღვევების მიუხედავად. ვადამდელი გადადგომის იძულება მხოლოდ დემონსტრაციებითა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობით არაკონსტიტუციურიც არის და არადემოკრატიულიც.

მეტიც, ვშიშობთ, რომ ეს რიტორიკა - "ან ყველაფერი, ან არაფერი" - საქართველოს ელექტორატს უქმნის პირობებს, დაიჯეროს, რომ პოლიტიკური ცვლილების მისაღწევად ერთადერთი სანდო გზა არის არა არჩევნები, არამედ დემონსტრაციები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. სტაბილურ დემოკრატიაში ასე არ არის, და არც შეიძლება იყოს.

ნაცვლად ამისა, გამოვთქვამთ შემდეგ წინადადებას:

პირველი: ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ აქვს უფლება - ის კი არა, მოვალეც კია - ოპონირება გაუწიოს მთავრობას და არა გაანადგუროს სახელმწიფო და მისი ლიდერები. მან უარი უნდა თქვას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაზე და, ამის მაგივრად, ყურადღება გაამახვილოს კონკრეტულ, დამაჯერებელ და განხორციელებად მოთხოვნებზე საქართველოს კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებში ცვლილებების შესახებ. ამ მოთხოვნებში, შესაძლოა, შევიდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის გადასინჯვა, დიდი ქალაქების მერების პირდაპირი არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მთავრობის ზოგი წევრის შეცვლა და რეფორმები, რომლებიც მომავალ არჩევნებში შეამცირებს მთავრობის მიერ “ადმინისტრაციული რესურსის” გამოყენებას ოპოზიციის დასაბრკოლებლად და მთავრობის მომხრე კანდიდატების დასახმარებლად. მართალია, ოპოზიცია ორი წელია, უშედეგოდ მოითხოვს ასეთ ცვლილებებს, მაგრამ ბოლო კვირებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიანიშნებენ, რომ ახლა მზად არიან, იმუშაონ ზოგ მათგანზე მაინც.

მეორე: მთავრობა მზად უნდა იყოს საიმისოდ, რომ საქართველოს კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებში რეალურ ცვლილებებზე დისკუსია გამართოს ოპოზიციასთან და დაინტერესებულ პირთა ფართო წრესთან სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჩათვლით. მთავრობამ მნიშვნელოვანი ჟესტით უნდა მოახდინოს რეფორმისადმი ერთგულების დემონსტრირება: მოცემულ მომენტში, საქმე გაცილებით ჯობია სიტყვას. უფრო ფართო კონტექსტში, მთავრობას უნდა ჰქონდეს ნება ისეთი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, რომელშიც მმართველი რეჟიმის ოპონენტები საქმიანობასა და ორგანიზებას შეძლებენ. ბედის ირონიით, ამჟამინდელი ხელისუფლების ლიდერები ზუსტად ასეთი გარემოთი სარგებლობდნენ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს.

მხარეებმა უნდა ივალდებულონ ისეთი ნორმალური პოლიტიკური დიალოგის წარმოება, როგორიც ახასიათებს ქმედითუნარიან, სტაბილურ დემოკრატიას.
დაბოლოს: იმისათვის, რომ საქართველომ განაგრძოს პოლიტიკური და სოციალური განვითარება და არ შეილახოს საერთაშორისო რეპუტაცია, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა ივალდებულონ ისეთი ნორმალური პოლიტიკური დიალოგის წარმოება, როგორიც ახასიათებს ქმედითუნარიან, სტაბილურ დემოკრატიას. დაძაბულ არჩევნებში დამარცხება არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დაიქცა, ან კიდევ გამართლებულია დემოკრატიულ პროცესებსა და დებატებზე უარის თქმა. ამის მაგივრად, დამარცხება უნდა იყოს კატალიზატორი მომხდარის გასააზრებლად და ბიძგი ისეთი ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც გამარჯვებას მოიპოვებს მომავალ არჩევნებში.

ნამდვილ დემოკრატიაში გამარჯვებულები მზად უნდა იყვნენ დასამარცხებლად, რათა ისევ შეძლონ გამარჯვების მოპოვება. შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს სამუდამოდ გამარჯვებას. ის ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა მართვის პრივილეგია მოგანიჭა დროის შედარებით მოკლე პერიოდით, ვიდრე ისევ შეეცდებოდე განახლებული მანდატის მოპოვებას. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები ისტორიის ამ მომენტით ისარგებლებენ, როგორც ქართველები, და არა როგორც ოპოზიციის ან ხელისუფლების წევრები, რათა დაიწყონ ახალი ეტაპი თავიანთი ქვეყნის პოლიტიკური განვითარების გზაზე.

ავტორები: ლინკოლნ მიჩელი, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი საქართველოში 2002-2004 წლებში, ავტორი წიგნისა “არასტაბილური დემოკრატია: შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და ვარდების რევოლუცია საქართველოში” (2009 წ., პენსილვანიის უნივერსიტეტის გამომცემლობა). ენდრიუ სიდამონ-ერისთავი, ინვესტორი და კონსულტანტი, მოკლე ხნით კონსულტაციას უწევდა საგადასახადო ადმინისტრაციას საქართველოში. კომენტარში გამოხატულია მისი ავტორების მოსაზრებები, რომლებიც აუცილებელი არ არის, ასახავდეს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მოსაზრებებს.