რუსეთის პრესის მიმოხილვა, 12 მაისი 2009

რუსულ პრესაში დღემდე არ წყდება პუბლიკაციები გასული კვირის ბოლოს პრაღაში გამართული სამიტის შესახებ - ,,სამხრეთის დერეფანი - ახალი აბრეშუმის გზა”. ”ვედომოსტი” წერდა, რომ მოსკოვი თავიდანვე დიდი წინააღმდეგობით შეხვდა ამ ინიციატივას და მას გავლენის ახალი ზონების შექმნის მცდელობა უწოდა.

12 მაისს ,,აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამა კვლავ ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის პრესის გვერდებზე. ”გაზეტა” წერს, რომ ამ სამიტზე იგეგმებოდა სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების ხელმოწერა გაზსადენ ”ნაბუკოსთან” დაკავშირებით, რომლის აშენების შემთხვევაში ევროპის კავშირი ნაკლებად იქნება დამოკიდებული გაზის რუსეთიდან მიწოდებაზე. მაგრამ გარღვევა არ მოხერხდაო, - წერს ”გაზეტა”. პუბლიკაციაში ვკითხულობთ:

”შემაჯამებელ დეკლარაციას, რომელიც სამთავრობოთაშორისო შეთანხმების მომზადებას გულისხმობს,ხელი მოაწერეს მხოლოდ აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ეგვიპტემ. მთავარმა მოქმედმა გმირებმა კი - თურქმენეთმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა - ხელმოწერაზე უარი თქვეს”, - წერს გაზეთი და ასკვნის:”შუა აზიის რესპუბლიკების ამ ნაბიჯმა ერთმნიშვნელოვნად დაუსვა ჯვარი ”ნაბუკოს” განხორციელებას.”

ამ აზრის განსამტკიცებლად გაზეთს ექსპერტების სიტყვები მოჰყავს, მაგალითად, იგი იმოწმებს ორგანიზაცია ”2 კა აუდიტ - საქმიანი კონსულტაციების ” დეპარტამენტის დირექტორს ალექსანდრ შტოკს. მან გაზეთს უთხრა: ,,ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ევროპული პროექტის უკეთეს დრომდე გადადებას, - ”ნაბუკოს” მთავარ მუხრუჭს ნედლეულის ბაზის არარსებობა წარმოადგენსო”.

შტოკი თურქმენეთში არსებულ გაზის მარაგზე ლაპარაკობს. თურქმენეთის ფაქტორზე ”ვედომოსტიც” ამახვილებს ყურადღებას თავის პუბლკიკაციაში.
გაზეთის მიხედვით, ის, რომ თურქმენეთმა ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, სამიტის მთავარი მარცხია, რადგან მილსადენის შევსების მთავარი წყარო სწორედ თურქმენეთია. თუმცა გაზეთი არაფერს ამბობს ნედლეულის ნაკლებობაზე. ”ვედომოსტის” მიხედვით, თურქმენეთს ხელს აძლევს პირდაპირ კავშირზე გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებთან, მაგრამ აქ პრობლემა რუსეთთან არსებული ხელშეკრულებაა გაზის მიწოდების თაობაზე, რომლის ვადა 1028 წლამდეა.

სარედაქციო კომენტარში ”ვედომოსტი” ასევე წერს, რომ ”ნაბუკოზე” ჯვარის დასმა ნაადრევია, რადგან მოლაპარაკებები გაგრძელდება და სავსებით შესაძლებელია, რომ თურქმენეთი პროექტს შეუერთდეს. ”ვედომოსტი” წერს, რომ დღეისათვის რუსეთს ხელს აძლევს ის გარემოება, რომ შუა აზიის ქვეყნებმა არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რადგან ”ნაბუკოს” კონკურენტია ”გაზპრომის” პროექტი ”სამხრეთის ნაკადი” - კონკურენტი, როგორც შევსების წყაროების, ასევე მიწოდების თვალსაზრისით.

მაგრამ ”ვედომოსტი” ასევე წერს, რომ კონკურენცია ამ პროექტებს შორის უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე ეკონომიკურს. ევროპაში გაზის მოხმარება საკმაოდ შემცირდა კრიზისთან დაკავშირებით, პროექტებისათვის თავისუფალი სახსრები არც ერთ მხარეს არ გააჩნია, ამიტომაც მათი სასწრაფოდ განხორციელების საჭიროებაც არ ჩანსო, - წერს ”ვედომოსტი”.