მედიის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად შემცირდა

პრესის თავისუფლების დონემ მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად დაიკლო და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება. საერთო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ ექვსი კაციდან მხოლოდ ერთი ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც თავისუფალი ანდა ნახევრად თავისუფალი მედია არსებობს. ასეთია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ ჩატარებული „მედიის დამოუკიდებლობის გლობალური კვლევის“ სავალალო შედეგი, რომელიც დღეს - სწორედ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს - გახდა ცნობილი.

„ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური გამოკვლევის თანახმად, 2010 წლის განმავლობაში პრესის თავისუფლების დონე ყველაზე მეტად დაეცა რამდენიმე ქვეყანაში, - მათ შორის, ეგვიპტეში, უნგრეთში, მექსიკაში, თურქეთსა და უკრაინაში, - რომელთაგან ერთი, უნგრეთი, ევროკავშირის წევრია, უკრაინასა და თურქეთს კი,პრესის თავისუფლების მხრივ, სულ ცოტა ხნის წინ რეგიონში მოწინავე პოზიციები ეკავათ.

ფრიდომ ჰაუსის“ კვლევებმა აღნუსხა ბევრი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები თავად არიან საკუთარი რეპორტაჟების ცენზორები ანდა იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო, თავდასხმის შიშისა და შევიწროების გამო...
ყველაზე უარესი მდგომარეობა პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, უფრო ზუსტად, მედიისათვის ყველაზე საშიში ქვეყნების რიცხვში შედიან: ბელორუსია, თურქმენეთი, ირანი, ბირმა, კუბა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ლიბია და ჩრდილოეთ კორეა. ამ ქვეყნებში, „ფრიდომ ჰაუსის“ თანახმად, „თავისუფალი მედია ან არ არსებობს, ანდა რის ვაივაგლახით მუშაობს, ობიექტური ინფორმაციის მიღება იზღუდება, პრესის მკაცრი კანონის დამრღვევებს კი რეჟიმები აპატიმრებენ, აწამებენ და მათ მიმართ სხვადასხვა რეპრესიულ ქმედებებს ახორციელებენ.“

მკვლევართა შეფასებით, 2010 წლის კვლევამ აჩვენა გლობალური მასშტაბით არსებული „დასანანი ტენდენცია“: პრესის თავისუფლება საფრთხეშია ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც განვითარებულ დემოკრატიებთან ასოცირდებიან და არა თავისუფალი აზრის შეზღუდვასთან. მაგალითად, უნგრეთში, იტალიაში, ისრაელსა და ინდოეთში სულ უფრო მცირდება პრესის შესაძლებლობა იმოქმედოს თავისუფლად და დამოუკიდებლად.

სახელდობრ, უნგრეთმა გასულ წელს მიიღო სადავოდ ქცეული მედიის კანონი, რომლის თანახმად ხელისუფლებას მიეცა უფლება თვალი ადევნოს და ჯარიმა დააკისროს მედიასაშუალებას, რომელიც შელახავს „საზოგადოების ინტერესს, საზოგადოებრივ მორალსა და წესრიგს.“
უკრაინაში, რომელიც წლების განმავლობაში სამაგალითო იყო რეგიონში მედიის თავისუფლების მხრივ, ხელისუფლებაში პრორუსულად განწყობილი ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს ჩამოერთვათ სიხშირეები, გაიზარდა თვითცენზურისა და ჟურნალისტებზე უკანონო ზეწოლის ფაქტები.

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევებმა აღნუსხა ბევრი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები თავად არიან საკუთარი რეპორტაჟების ცენზორები ანდა იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო, თავდასხმის შიშისა და შევიწროების გამო. ეს ხდება ყველგან, „როგორც კონფლიქტის ზონის, ისე განვითარებად დემოკრატიებში, სადაც კანონი სუსტად მოქმედებს“, - აღნიშნულია „მედიის დამოუკიდებლობის 2010 წლის გლობალურ გამოკვლევაში.“

ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს მედიის მდგომარეობა აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და რუსეთში, სადაც სახელმწიფოს მონოპოლიზებული აქვს მედიასაშუალებათა უდიდესი უმრავლესობა და ხორციელდება რეპრესიები ხელისუფლებისათვის მიუღებელი ჟურნალისტების მიმართ. რუსეთში იყენებენ „შერჩევით სამართალს“ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დასასჯელად, იზრდება თვითცენზურა, გამოუძიებელია ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და მკვლელობის ათეულობით ფაქტი. განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო იდევნებიან ჟურნალისტები აზერბაიჯანში, სადაც მმართველი პარტია დომინირებს მედიასივრცეში და სადაც გრძელდება ბლოგერების დევნა და მათი დაპატიმრება. 2010 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ ღიად უარყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა ბლოგერი აინულა ფატულაევი, რომელიც ციხეში შეთითხნილი ბრალდებით იმყოფება.

მთლიანობაში, პროცენტული თანაფარდობა ასეთია: 196 ქვეყიდან, რომლებიც გამოიკვლიეს, 2010 წლის განმავლობაში არათავისუფალი აღმოჩნდა 63 ქვეყანა - მათ შორის, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და ავღანეთი. კიდევ 65 ქვეყანაში მედია ნახევრად თავისუფალია - მათ შორის არიან ბალკანეთის ქვეყნები, ასევე უკრაინა, ყირგიზეთი, მოლდოვეთი და საქართველო. ამ სამ ქვეყანაში, „ფრიდომ ჰაუსის“ 2010 წლის კვლევის თანახმად, „მოულოდნელი წინსვლა“ დაფიქსირდა. მოლდოვეთმა, მედიამკვლევართა აზრით,“მნიშვნელოვანი გახსნილობა“ აჩვენა, ყირგიზეთსა და საქართველოში კი მედიამ იხეირა „პატარა პოზიტიური ნაბიჯების“ შედეგად.