ბარაკ ობამამ დაადასტურა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია

რამდენიმე საათის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა ალ-ყაიდის ლიდერ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ფაქტი. ობამას გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცა. მან განაცხადა, რომ აშშ-მა ოპერაცია პაკისტანის ტერიტორიაზე განახორციელა და ბინ ლადენის მიკვლევაში მას დახმარება პაკისტანის უშიშროების ძალებმა გაუწია. ობამამ მადლობა გადაუხადა პაკისტანის პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის და აგრეთვე განაცხადა: "ბინ ლადენის სიკვდილი არის დღემდე ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი სახელმწიფოს მიერ ალ-ყაიდის დამარცხების მცდელობაში. თუმცა, მისი სიკვდილი არ ნიშნავს ბრძოლის დასრულებას. ეჭვგარეშეა, ალ ყაიდა გააგრძელებს ჩვენზე თავდასხმებს. ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით კიდეც ფხიზლად როგორც აქ, ისე ამერიკის საზღვრებს მიღმა”. ობამას განცხადებით, აშშ-ის ძალებს ოპერაციისას დანაკარგი არ განუცდიათ და რომ 1 მაისის ოპერაციისას არ ყოფილა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ არ ებრძვის ისლამს და რომ ბინ ლადენი იყო არა მუსულმანთა ლიდერი, არამედ მასობრივი მკვლელი: ”ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ აშშ არასდროს აწარმოებდა ომს ისლამის წინააღმდეგ და არც არასდროს გააკეთებს ამას. მე მკაფიოდ განვაცხადე, ისევე, როგორც პრეზიდენტმა ბუშმა 11 სექტემბრის ტერაქტებიდან ძალიან მალე, რომ ჩვენი ომი არ არის მიმართული ისლამის წინააღმდეგ. ბინ ლადენი არ ყოფილა მუსულმანთა ლიდერი, ის მუსულმანთა მასობრივი მკვლელი იყო. და მართლაც, ალ-ყაიდამ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში უამრავი მუსულმანი მოკლა. ასე რომ, მისი სიკვდილი სასიხარულო უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სჯერა მშვიდობისა და ადამიანური ღირსების”.