28 აპრილს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ სამუშაო ადგილებზე დაშავებულ და გარდაცვლილ მუშაკთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნა. სტატისტიკის მიხედვით, 2010 წელს საქართველოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 81 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებაზე, სამთო მრეწველობასა და ენერგეტიკის სფეროზე მოდის. როგორია შრომის დაცვის მდგომარეობა საქართველოში და რა გამოსავალს ხედავს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება?
2010 წლის 27 აგვისტოს ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო 51 წლის იოსებ ობოლაძე, რომელსაც ავადმყოფი მშობლები, მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ნანა ქურცაძე, დაღუპული მეშახტის ქვრივი, ამბობს, რომ ტრაგიკული შემთხვევიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ გარდაცვლილის ოჯახს არც დაზღვევის თანხა მიუღია და არც მთავრობის მიერ დაპირებული კომპენსაცია:
„შეგვპირდნენ სოციალურ პაკეტს. 10-10 ათასი ლარის ოდენობით უნდა მოეცათ თითოეული ოჯახისთვის, მაგრამ არსად არ ჩანს. რომ მივაკითხე, მითხრეს, რომ თანხა შედის დასაფლავების ხარჯებში. ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარია. მე ხომ არ მითხოვია ჩემი მეუღლის მოკვლა და დასაფლავება... მას დარჩა მოხუცი, ავადმყოფი მშობლები, რომლებსაც მიხედვა უნდათ. ჩემს დედამთილს სიმსივნე აქვს, როგორ მივხედო?“
ნანა ქურცაძის მსგავსად, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული ოჯახი, რომლებმაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მარჩენალი დაკარგეს. ამასთან, უკანასკნელი წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ვიქტორ დოლიძის, საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანების შრომის მთავარი ტექნიკური ინსპექტორის თქმით, საქართველოში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა შეფარდებითი მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში:
„...ექვსჯერ მეტია, ვიდრე იტალიაში! ასეთი შედეგი განაპირობა მთელმა რიგმა ფაქტორებმა. კერძოდ, არ არსებობს დასავლეთში აპრობირებული შრომის დაცვაზე საზედამხედველო სახელმწიფო ორგანო. ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს აღარ ჰყავს წარმომადგენლობითი სტრუქტურები რეგიონებსა და მომეტებული საფრთხის ობიექტებზე. ჩვენთან შრომის ინსპექცია განიხილება როგორც სამეწარმეო საქმიანობის შემაფერხებელი მექანიზმი, მაშინ როცა, საქართველოს გარდა, თითქმის ყველა ევროპულ და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში განსხვავებული მიდგომა არსებობს.“
საქართველოში შრომის ინსპექცია ხუთი წლის წინ გაუქმდა. შესაბამისად, გაუქმდა შრომის დაცვის სახელმწიფო რეგულირება, რის გამოც, როგორც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, ვეღარ ხერხდება სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენცია:
„პოსტფაქტუმ საკითხის განხილვა და იმის გარკვევა, ვისი ბრალია, შედეგებს ვერ იძლევა. დამსაქმებელმა და დასაქმებულებმა ადგილზე უნდა მოილაპარაკონ და მიიღონ გადაწყვეტილება და კოლექტიურ ხელშეკრულებაში ასახონ პრევენციის ზომები, რომ არ მოხდეს უბედური შემთხვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სავალალო სტატისტიკა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. თუ 2009 წელს იყო 37 გარდაცვლილი, 2010 წელს ეს რიცხვი 81-მდე ავიდა.“
ვითარების გამოსწორებას უნდა ემსახურებოდეს სამმხრივი კომისია, რომელშიც პროფკავშირებთან ერთად მთავრობისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები შედიან, თუმცა, როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, კომისია მაღალი ნაყოფიერებით ვერ გამოირჩევა. ამასთან, კომისიის წევრებს დიამეტრულად განსხვავებული პოზიცია აქვთ შრომის კოდექსთან მიმართებაშიც. რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ვახტანგ ლეჟავამ განაცხადა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი სავსებით შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს.
ცხადია, ამ მოსაზრებას არ იზიარებენ პროფკავშირების გაერთიანებაში, რომელიც შრომის დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მთელი რიგი წინადადებებით მიმართავს:
„საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „შახტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“ 176-ე კონვენციის, ევროპის სოციალური ქარტიის მე-2 მუხლის, მე-4 და მე-3 მუხლების რატიფიკაცია. შეიმუშაოს და მიიღოს კანონი „შრომის დაცვის შესახებ“, რომელშიც შევა „წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის წესი“; შეიქმნას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, შრომის ინსპექცია, ისევე ახლებურად ორგანიზებული, როგორც საგზაო პოლიციის ნაცვლად შეიქმნა საპატრულო პოლიცია.“
ძნელი სათქმელია ამ შეთავაზებიდან რომელს გაითვალისწინებს ხელისუფლება. შრომის კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები წლების განმავლობაში გრძელდება და ეს მაშინ, როცა შრომის დაცვის თვალსაზრისით საქართველოში მართლაც მძიმე ვითარებაა, რის დასტურადაც ტყიბულის შახტში დაღუპული 51 წლის იოსებ ობოლაძისა და მისი ოჯახის ბედიც გამოდგება.
„თავიდან მითხრეს, თქვენი მეუღლის ბრალი იქნებოდაო, მაგრამ ჯიბეში უპოვეს სიგარეტიც და სანთებელაც. მითხრეს, რომ, დაზღვევის მიღების თვალსაზრისით, არ აქვს მნიშვნელობა ვის გამო მოხდა აფეთქებაო, მაგრამ, ამის მიუხედავად, თანხას მაინც ვერ ვიღებთ. თუ გვეკუთვნის, რაღას ელოდებიან, მოგვცენ. ორი დავარდნილი მოხუცი მყავს, რომელთაც თვეში 200 ლარზე მეტი მარტო წამალში სჭირდებათ. უმძიმეს მდგომარეობაში ვართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნანა ქურცაძემ, ტყიბულის შახტში დაღუპული იოსებ ობოლაძის ქვრივმა.