ქვეყანა, სადაც ასეთ სიმღერებს მღერიან

მგონი, არავინ კამათობს იმის შესახებ, რომ მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია" უსმენოთა, უხმოთა და, მოკლედ, არამუსიკალურ ადამიანთა ასპარეზია.

რაც კი პლანეტაზე მუს-სუროგატი იქმნება, გეგონება, საგანგებოდ გროვდება ამ კონკურსისათვის.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ესაა მუსიკის ნაგავსაყრელი. რამდენჯერ ვეცადე, მაგრამ ერთი მელოდიაც ვერ დავიმახსოვრე.

როგორი პლასტილინისგან გაკეთებული წამყვანებიც ჰყავთ, ისეთივე შემსრულებლებს იზიდავენ... უფრო სწორად, იწოვენ... როგორც გიგანტური მტვერსასრუტები.

ეს ბოლო დღეებია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთი ”სასოწარკვეთილი” კლიპი ტრიალებს: ბრაზიანი გოგონა და ჩრდილოკავკასიელი ყმაწვილი დიდი თავგამოდებით მღერიან საქართველოს წარმადგენელ-განმადიდებელ ინგლისურენოვან სიმღერას...

გოგონას, როგორც მიღებულია ამგვარ კლიპებში, თმა ეჩეჩება მძვინვარე ინგლისურენოვანი მუსიკისგან (თითქოს, პლანეტარულმა მტვერსასრუტმა დაჰბერაო), ყმაწვილი კაცი კი ხელებს იქნევს ემინემსავით...

აქაც ვეცადე, მელოდია დამმახსოვრებოდა, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, ვერაფრით შევძელი. ვერც სიტყვები გავიგონე. ამ დროს, იქნებ მნიშვნელოვან თემებზე მღეროდნენ? რა იცი, რა სიტყვებს მოჰკივის ქართველ მომღერალთა შორის ყველაზე გაბრაზებული?
"მაპი რად არ მოგვეცით? ავღანეთში გვყავს ჯარები... აბა, ნატოო? ჩვენ დემოკრატიული ქვეყნიდან გახლავართ... ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი ოკუპირებულია... ხედავთ, რა იკადრა სასამართლომ ჰააგას?.. ჩამოდით ბათუმში! მოსახლეობა ინგლისურის სწავლას შეუდგა... ჩვენ თანამედროვენი ვართ...”

თუკი ეს ტექსტია, მაშინ მოვიწონებ, არაფერს ვიტყვი. თუ სიმღერაა, ბარემ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმღეროთ. არა ვარ მართალი? გამოვიყენოთ "ევროვიზიის" უმაღლესი ტრიბუნა. ხომ აქვთ ტრიბუნა? გვამღერეთ ჰააგაშიც! გვამღერეთ ბრიუსელში! ჩვენ მომღერალი ერი ვართ! სიმღერით დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს!

ამ სიმღერას მხოლოდ ასეთი ტექსტისა და კონტექსტის გამო თუ გავამართლებ. მხოლოდ ასე გავუგებ ამ გოგოს. რეპერი ბიჭი, როგორც ჩანს, თანამედროვე საქართველოა... საქართველო, რომელიც - ნურას უკაცრავად - არავის ჩამორჩება ”გარეპვაში”. თუნდაც რეგიონალურ დონეზე. "რეგიონში ყველაზე მაგრა ჩვენ ვრეპავთ". ეს ხომ საყოველთაოდაა აღიარებულია.

ყველას ჯინაზე ”ჩავრეპავთ”!

მართალია, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მაინც მაინტერესებს - სად და რა ვითარებაში უნდა ჩამოგიყალიბდეს გემოვნება იმგვარად, რომ ეს ერთმანეთის მსგავსი, ერთ ყალიბზე მოჭრილი, მყვირალა და სუროგატული, ბრაზიან-ცარიელი სიმღერები მოგეწონოს? და მოგინდეს, რომ სწორედ ასე წარადგინონ შენი ქვეყანა?

ეს სიმღერა ხალხმა აირჩიაო.

ესე იგი, აი, თურმე, როგორ გვესმის საქართველო!

მე რომ უცხოელი ვიყო, ნამდვილად არ მომინდებოდა ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც ამნაირ სიმღერებს მღერიან.

ჰოროვიცი ამბობდა ხოლმე (დილით, საწოლიდან ადგომისას): ყურები უნდა გავინიავოო და მოცარტის რომელიმე სონატას უკრავდა.

მოდი, ახლა ჩვენც ასე მოვიქცეთ.

აქ მაინც გავწმინდოთ ჰაერი.