ოპოზიცია სააკაშვილის პასუხს ელოდება

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები კვლავ ადასტურებენ, რომ მზად არიან წინაპირობების გარეშე ნებისმიერ დროს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს. საკუთარი მოსაზრებები ოპოზიციის ლიდერებმა შაბათს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პეტერ სემნების გააცნეს, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება დიალოგის დაწყებას დაპირისპირებულ მხარეებს შორის. თუმცა უცნობია, თუ როდის და რა ფორმატში გაიმართება შეხვედრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში თავად გამოვიდა მსგავსი შეხვედრის ინიციატივით.

უწყვეტი დემონსტრაციებისა და ”ნერვების ომის” ერთი თვის თავზე არასაპარლამენტო რადიკალური ოპოზიცია ტაქტიკას ცვლის და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აპირებს. ”ეროვნული ფორუმის” ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ და ”ახალი ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა, 9 მაისს განაცხადეს, რომ ოპოზიცია მზად არის კიდევ ერთხელ შეხვდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროსა და ფორმატზე შესათანხმებლად:

”ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი, რომ მოხდეს სასწრაფოდ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა უპირობოდ, ყოველგვარი წინა შეთანხმების გარეშე. და საუბარი შეიძლება შედგეს იმავე ბატონ დავით ბაქრაძესთან მხოლოდ და მხოლოდ ამ შეხვედრის უზრუნველყოფაზე, დროსა და ფორმატზე.”

არასაპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგის გადაწყვეტილება 8 მაისს მიიღო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სასწრაფოდ მოახერხა ამ შეხვედრის ორგანიზება. თუმცა ძნელი სათქმელია, თუ რამდენად ოპერატიულად მოხერხდება შეხვედრის ორგანიზება მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ორი კვირის წინ თავად გამოვიდა ასეთი შეხვედრის ინიციატორად. ოპოზიცია არ აპირებს პრეზიდენტთან შეხვედრის პედალირებას, თუმცა, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ისინი არც უსაშველო ლოდინს აპირებენ.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რას უპასუხებს საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის ამ მზადყოფნას. მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არ დაბრუნებულა პრაღიდან. სამაგიეროდ, ბრიუსელიდან საქართველოში ისევ ჩამოვიდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები, რომელიც 9 მაისს, დღის პირველ ნახევარში, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. ამ შეხვედრის დაწყებამდე პეტერ სემნებიმ რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოზიტიური ნაბიჯი უწოდა ოპოზიციის დიალოგზე დათანხმებას და განაცხადა, რომ მხოლოდ დიალოგში ხედავს პოლიტიკური დაძაბულობისი განმუხტვის შესაძლებლობას:

”ქვეყანას სჭირდება გზა, რომ გამოვიდეს პოლიტიკური კონფრონტაციიდან, პოლარიზებული გარემოდან, რომელიც გვაქვს. ამიტომ პოლიტიკური ძალები უნდა დასხდნენ ერთად, რათა სერიოზული დისკუსიის შედეგად შეიმუშაონ ”თამაშის წესები.” ეს შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს, ეს შეეხება საარჩევნო საკითხებს, მედიის თავისუფლების საკითხს და ასე შემდეგ.”

პეტერ სემნებიმ თქვა, რომ იგი კვლავაც გააგრძელებს საშუამავლო მისიას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუმცა გამოსავალი თავად დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოძებნონ. დიალოგის გზით ორმხრივი პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის იმედი აქვს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილს, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში დამაიმედებელი სიგნალები უწოდა 8 მაისის შეხვედრას:

”არ გამოვრიცხავ, რომ არიან ადამიანები ოპოზიციის ლიდერთა შორის, რომლებსაც არ სურთ, რომ სიტუაცია განიმუხტოს რაღაც ერთ ნიშნულებზე მისვლისა და ორმხრივი კომპრომისებით და მაინც რაღაც რადიკალურ პოზიციაზე დგანან. მაგრამ რადგან მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საზოგადოების მოთხოვნა არის დიალოგი და კომპრომისები, ეს აუცილებლად მოხდება.”

პრეზიდენტან შეხვედრაში დარწმუნებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ზომიერი ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც აცხადებს, რომ დიალოგის პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს:

”დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში შედგება შეხვედრა ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის. არ მინდა, რომ ახლა ზუსტ ვადებზე ვილაპარაკოთ. ეს უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში. კიდევ ერთხელ არ მინდა გავაჩინოთ რაღაც ხელოვნური წინაღობები ვადებისა და ულტიმატუმების წარდგენით ამ შეხვედრისთვის.”

არასაპარლამენტო ოპოზიციას იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს შეხვედრა არ შედგეს ან უშედეგოდ დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გავაფართოებთ საპროტესტო ტალღას და ოპოზიცია გააკონტროლებს როგორც ქუჩას, ისე პოლიტიკურ პროცესს საქართველოშიო, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.