რუსეთის პრესის მიმოხილვა, 5 მაისი 2009

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გახსნილია საქმე შეიარაღებული გადატრიალების მომზადების შესახებ” - ვკითხულობთ 5 მაისს გაზეთ ”იზვესტიას” ინტერნეტგამოცემაში. დღეს დილიდან რუსეთის პრესის ინტერნეტვერსიები წერდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობების თაობაზე. ”კომერსანტ ონლაინის” გვერდებზე ვკითხულობთ: ,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით სიხარულიძის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო ნაწილში ამბოხი მოხდა. მან აღნიშნა, რომ ეს ამბოხი, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილი შეთქმულება, ყველაფერთან ერთად, მიმართული იყო ნატოს სწავლებების ჩასაშლელად. ისინი 6 მაისს უნდა დაიწყოს და მათი ჩატარების გეგმებით სერიოზულად უკმაყოფილო იყო რუსეთის მხარე.”

”კომერსანტ ონლაინის” მიხედვით, თბილისის ბრალდებებზე მოსკოვში ჯერ არ გაუციათ ოფიციალური პასუხი. ცნობაში ნათქვამია, რომ ”იტარ-ტასის” წყარომ, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს წარმოადგენს, ქართული მხარის განცხადებები შეაფასა როგორც ”ბოდვა” და ”სააკაშვილის რეჟიმის აგონია”.

გაზეთი ”კომერსანტი” წერს სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს შორის ორმხრივი შეთანხმების შესახებ. გაზეთი მკითხველს განუმარტავს, რომ ეს შეთანხმება იმის გამო გახდა საჭირო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ჯერ არა აქვთ თავიანთი სასაზღვრო სამსახური და სანამ ასეთი შეიქმნება, საზღვრებს რუსი სამხედროები დაიცავენ,სასაზღვრო სამმართველო კი რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

”რუსი მესაზღვრეების შესვლას კონფლიქტის ზონაში ევროკავშირსა და ნატოში მედვედევ-სარკოზის შეთანხმების დარღვევა უწოდეს” - ამას უკვე ”კომერსანტი” წერს. - თბილისში ეს ნაბიჯი მიიღეს როგორც რუსეთის შურისძიება ნატოს სამხედრო სწავლებების გამოო, - განაგრძობს გაზეთი და დასძენს: ”თბილისში დარწმუნებულები არიან, რომ ამ შეთანხმებას ერთადერთი მიზნით მოეწერა ხელი - უჩვენონ დასავლეთს, რომ ნატოს ნებისმიერ აქტიურობას კავკასიაში ადეკვატური პასუხი ექნება რუსეთის მხრიდან.”
5 მაისის ”ვრემია ნოვოსტეი” წერს, რომ რუსეთს კავკასიაში არსებულმა რთულმა ვითარებამ უბიძგა მიეღო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მალე ოფიციალურად მოეკიდა ხელი თვის მიერ აღიარებული რესპუბლიკების საზღვრების დაცვისათვის. ,,რუსეთის ოპერატიული სამხედრო დაზვერვა მუდმივად უპატაკებს ხელმძღვანელობას, რომ აფხაზეთისა და, უმთავრესად, სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან მიმდინარეობს ქართული ჯარებისა და პოლიციური ფორმირებების კონცენტრაცია. იქმნება ახალი საველე ბანაკები და სათვალთვალო პუნქტები”, - ვკითხულობთ ”ვრემია ნოვოსტეიში”.

გაზეთს მოჰყავს სამხრეთის ფედერალური ოლქის რეგიონალური სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელის ნიკოლაი ლისინენკოს სიტყვები: ,,რუსეთის მესაზღვრეების შეყვანა სამხრეთ ოსეთში არანაირად არ უკავშირდება ნატოს სწავლებებს საქართველოში.”

ნატოს წვრთნებზე წერს ”ვედომოსტიც”. პუბლიკაციის მიხედვით, რუს სამხედროებს განსაკუთრებით აღელვებთ სწავლებების პირველი ფაზა, რომელიც ითვალისწინებს ოპერატიული შეთავსებადობის დამუშავებას ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის.