რუსეთი კიდევ უფრო აქტიურდება ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის წინააღმდეგ

ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას რუსეთი სამხედრო ძალების გააქტიურებით უპასუხებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლი თანდათან სულ უფრო ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში. ოკუპანტები თხრიან სანგრებს და საზღვრის გამაგრებას მავთულხლართებით ცდილობენ. პოზიციების გამაგრების პროცესს ექსპერტები პირდაპირ უკავშირებენ ნატოს ეგიდით საქართველოში დაგეგმილ სწავლებას, რომელიც 6 მაისს ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომის პარალელურად დაიწყება. სწორედ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისთვის მზადებად განიხილება შეხვედრა, რომელიც 4 მაისს ბრიუსელში პოლიტიკური კომიტეტის დონეზე ტარდება. კომისიის სხდომა კი, რომელზეც, ალიანსის ინფორმაციით, სამხედრო რეფორმებისა და თანამშრომლობის პრიორიტეტები უნდა განიხილონ, 6 მაისს გაიმართება ბრიუსელში. საუბარი შეეხება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასაც. რამდენად დაძაბულია სიტუაცია ამჯერად და რამდენად რეალურია საქართველოსთვის რუსეთის მუქარა?
რუსეთი ვერა და ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ნატო საქართველოში მორიგ სამხედრო სწავლებას ატარებს. ალიანსის პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში დაგეგმილ წვრთნას, რომელიც 6 მაისს დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს, კრემლის მაღალჩინოსნებმა ბოლო პერიოდში არაერთი საპროტესტო განცხადება მიუძღვნეს. ისმოდა მუქარაც, მათ შორის - პრეზიდენტის მხრიდანაც. 30 აპრილს დმიტრი მედვედევმა ნატოს გეგმას ”ღია პროვოკაცია” უწოდა, მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე, მან ასევე ღიად განაცხადა, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები და, თუ საჭირო იქნება, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთო.
პროცესებისთვის თვალყურის დევნება რუსეთს ნატომ უფრო ახლო მანძილიდან შესთავაზა და საქართველოში დაგეგმილ სწავლებაზე მეთვალყურეების გაგზავნა არაერთხელ ურჩია. ეს ყველაფერი რუსეთის დასარწმუნებლად, რომ მისთვის სახიფათო არაფერი ხდება. თუმცა კრემლმა მიწვევა არ მიიღო და პასუხად ალიანსს წვრთნების გაუქმების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა. ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეცვლილა - ვაზიანის სამხედრო ბაზა 6 მაისიდან მაინც უმასპინძლებს ნატოს წევრი და პარტნიორი 19 ქვეყნის დაახლოებით 1300 სამხედროს.
რუსეთის აღშფოთებას ”პრაქტიკული თვალსაზრისით არალოგიკურს” უწოდებს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი: ”დაგეგმილი წვრთნა ეხება სამშვიდობო ოპერაციებში საშტაბო მოქმედების, ასე ვთქვათ, ეფექტიანობის გაზრდას. ამიტომ ამას არანაირი საერთო არ აქვს პოლიტიკასთან და არაფერი საერთო არ აქვს რუსეთთან და არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს, როგორც რუსეთი ამბობს, გაძლიერებასთან.”
ირაკლი სესიაშვილი იმასაც შეგვახსენებს, რომ მორიგი წვრთნა საქართველოში ნატომ დაახლოებით 7 თვის წინ დაგეგმა და ბოლო დრომდე ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთს არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს. ექსპერტების ვარაუდით, კრემლის ერთგვარი დუმილი, შესაძლოა, საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის ჩაშლის იმედით იყო განპირობებული. თუმცა დუმილი, როგორც უკვე ვთქვით, დაირღვა და, დასავლეთის წინაშე ძალის დემონსტრირების მიზნით, რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ახალი ძალების მობილიზება დაიწყო. მოსკოვი ამჯერად მოქმედებს საზღვრების ერთობლივად კონტროლირების თაობაზე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან 30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით. ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა და ნატომ, რადგანაც პროცესი აშკარად ეწინააღმდეგება 12 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმების მოთხოვნებს და არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.
ალბათ, არავინ მოელოდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შეშფოთების გამოხატვა რუსეთს იოლად შეაჩერებდა. მაგრამ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს კრემლი? საქართველოში კარგად ახსოვთ, თუ რა რეაქცია მოჰყვა ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ 2008 წლის ივლისში ჩატარებულ სწავლებას, სახელწოდებით ”მყისიერი პასუხი”. რომლის საპასუხოდაც, ასევე ივლისში, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩრდილო კავკასიაში - ”კავკასია 2008”, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მშვიდობის იძულების მიზნით. აგვისტოში კი ომი დაიწყო. თუმცა ამ ომს, ასე ვთქვათ, წვრთნების დუელის უშუალო შედეგად არ აღიქვამს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე: ”აგვისტოს მოვლენები პრაქტიკულად იყო დასავლეთთან რუსეთის ბრძოლის რაუნდი... იქ კოსოვოს საკითხი იყო და საჰაერო თავდაცვის სისტემის დანერგვა ევროპაში და ასე შემდეგ... ასეთი ნაბიჯები, გარდა ამ წვრთნებისა, სხვა ამჟამად არაფერია გადადგმული და ამიტომ მეეჭვება, რომ რუსეთმაც, წვრთნების გარდა, რაიმე სხვა საპასუხო გააკეთოს.”
რამაზ საყვარელიძის მსგავსად, ვითარების გამწვავებას არც პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მოელის. მისი თქმით, აგვისტოს ომი რუსეთს რამდენიმე წლით ადრე ჰქონდა დაგეგმილი; ამჟამად კი, ინტერესები სულ სხვაგვარია: ”რუსეთს ახლა შეგნებული აქვს მკაფიოდ, რომ სჭირდება დრო (შეიძლება ეს დრო უსასრულო იყოს), რომ შეაგუოს მსოფლიო იმას, რაც გააკეთა. ამიტომ ახალ ავანტიურაზე, სამხედრო აგრესიაზე აღარ წავა, წესით... გამორიცხულია, ალბათ... ”