ნატოს სწავლებების დაწყებამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება

ნატოს დროშა

ორიოდე კვირაში თბილისში, ვაზიანის პოლიგონზე, ნატოს ეგიდით დაიწყება სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით ”კოოპერატივ ლანსერ, კოოპერატივ ლონგბოუ”. საქართველოში ნატოს სწავლებების გამართვაზე რუსეთის მძაფრი რეაქციის მიუხედავად, გეგმის გადახედვას არც ნატოში აპირებენ და არც საქართველოს ხელისუფლებაში.

წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე 6 მაისს დაიწყება და ერთ თვეს გასტანს. მასში, პირვანდელი გეგმის მიხედვით, სულ 19 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, კერძოდ: ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბოსნია ჰერცოგოვინას, კანადის, ხორვატიის, ჩეხეთის,საბერძნეთის, უნგრეთის, ყაზახეთის, მოლდავეთის, სერბეთის, ესპანეთის, მაკედონიის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროს, ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამხედროებმა, თავისთავად. 21 აპრილს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებებს სამი ქვეყანა გამოეთიშა: ყაზახეთი, ლატვია და ესტონეთი. ყაზახეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 21 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაზუსტებული ცნობა არ ჰქონდათ. რაც შეეხება ლატვიას და ესტონეთს, მე ჩამოვთვალე ქვეყნები, რომელთა წვრთნებში მონაწილეობის შესახებაც ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ 16 აპრილს გაავრცელა. ჩამონათვალში არ ფიგურირებდა ლატვია და ესტონეთი. შესაბამისად, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი მუჩაიძემ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ცნობა საქართველოში დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობაზე ამ ქვეყნების უარის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება: ”არც ლატვიისა და ლიტვის მონაწილეობა, არც ესტონეთის არ იყო წინასწარ დაგეგმილი ამ წვრთნებში”, - თქვა მუჩაიძემ. – ”აქედან გამომდინარე, ისინი ვერ გააუქმებდნენ თავიანთ მონაწილეობას. სულ მონაწილეობს 19 ქვეყანა. წვრთნები გეგმის მიხედვით ჩატარდება. გართულებები არ ყოფილა. გეგმის ფარგლებში მოხდება” კოოპერატივ ლონგბოუსა ”და ”კოოპერატივ ლანსერში” მონაწილეობა.”

წვრთნები იქნება საკმაოდ შთამბეჭდავიო, გვითხრა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. მისი განმარტებით, ნატოს პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში ჩასატარებელ სამხედრო სწავლებაში საქართველოს 1100 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები კი, ჯამში, 750-მდე იქნებიან. ორი მიმართულების სწავლება ერთ თვეს გასტანს. ერთი იქნება სამხედროების საშტაბო დონეზე გაწვრთნა, მეორე - საველე სწავლებები. მიზანი ორსავე შემთხვევაში იქნება ერთი: კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებისა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის ნატოს წევრი და ნატოს პარტნიორი სახელმწიფოები სამხედრო თანამშრომლობის და ურთიერთთავსებადობის ტექნიკას დაეუფლებიან.

ნატოს სწავლებასთან დაკავშირებით 21 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალთან შეხვედრის შემდეგ, კომენტარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემაც გააკეთა:

”წვრთნები იყო დაგეგმილი ერთი წლის წინ. ვმუშაობთ ამ წვრთნებზე, მრავალეროვნული წვრთნებია და ის ჩატარდება. ჩვენ არ ვცვლით გეგმას და არც ნატო ცვლის გეგმებს. ჩვენ მივდივართ გეგმით. ”

არც ნატო და არც საქართველო გეგმას არ ცვლის. საპასუხოდ მოსკოვში განაცხადეს, რომ უარს ამბობენ მიიღონ მონაწილეობა ნატო-რუსეთის გენერალური შტატების ხელმძღვანელების შეკრებაში. ის 7 მაისისთვის არის დაგეგმილი. ამასთან, საქართველოში ნატოს სწავლებებზე საპასუხოდ, რუსეთი იწყებს მასშტაბურ წვრთნებს ჩრდილო კავკასიაში.სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო მეთაურები ამ წვრთნების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განვრცობით დაიმუქრნენ. ნატოს სწავლებების მოახლოების პარალელურად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზრდება რუსი სამხედროებისა და ამ ქვეყნის სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია. ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმა კი გააფრთხილა ნატოს ხელმძღვანელობა, იფიქრონ საკუთარი წარმომადგენლების უსაფრთხოებაზე. თავის განცხადებაში მან თქვა, რომ არ არის გამორიცხული საქართველოს მხრიდან პროვოკაციები, ოღონდ არა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, არამედ სწავლებაში მონაწილე ნატოს სამხედროების მიმართ.

”როგოზინი არ არის ისეთი ინტელექტუალური დონის პიროვნება, რომ ღირდეს მისი გამონათქვამების კომენტირება”, - აღნიშნა 20 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმ აპატურაიმ კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთმა ერთი წლის წინ იცოდა საქართველოში ნატოს სწავლების დაგეგმვის შესახებ. ჯეიმს აპატურაიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სწავლება არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის სტაბილურობას რეგიონში.