საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ვაშინგტონის პოზიცია ურყევია

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა ლომაიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია უცვლელია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლომაიამ აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა თბილისისა და ვაშინგტონის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების გრიგოლ ვაშაძისა და ჰილარი კლინტონის სამშაბათის შეხვედრაზე, რომელმაც დაგეგმილზე მეტ ხანს - თითქმის ერთ საათს გასტანა. ლომაიას თქმით, მას შემდეგ, რაც დაიწყო ორ ქვეყანას შორის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული ქარტიის განხორციელებაზე მსჯელობა, გაჩნდა პრაქტიკული შედეგის მიღწევის მეტი იმედი.