ხიფათის კვალდაკვალ

საკითხის ასე დაყენება, რატომ არ დადის ხალხი მიტინგზე, ბევრს არ მოეწონება - არც მომიტინგეებს, რომლებიც ქარსა თუ წვიმაში ფეხს არ იცვლიან პარლამენტის წინა მოედნიდან; არც პოლიტიკოსებს, რომლებიც მიტინგს ხელმძღვანელობენ და ამბობენ, 9 აპრილს უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი მოვიდა და იმის შემდეგაც ყოველდღე უამრავი ადამიანი მოდისო.

სინამდვილეში, უამრავი ადამიანი მიტინგზე კი არ დგას, არამედ მიჯაჭვულია ტელევიზორთან და ხან „მაესტროს“ უყურებს, ხან „კავკასიას“. ტელევიზორებთან „მიდუღებულებს“ შორის ზოგი ოპოზიციის პირდაპირი მხარდამჭერია, ზოგიც, როგორც თავად ამბობს, ოპოზიციის ოპოზიციაა. პრეზიდენტის მომხრეები კი დღემდე „რუსთავი 2“–ის მაყურებლებად რჩებიან.

ზოგადად, ადამიანები ქუჩაში ხიფათის განცდას გამოჰყავს. ისინი, რომლებიც უკვე მიტინგზე დგანან, სხვებზე მგრძნობიარეები აღმოჩნდნენ ხიფათის მიმართ. მათ ნაწილს ხელისუფლება უშუალოდ შეეხო: ზოგს ოჯახის წევრი დაუჭირეს; ზოგი სამსახურიდან გაუშვეს; ზოგს ბიზნესი ჩამოართვეს ან, რომ არ ჩამოერთმიათ, ფული გადაახდევინეს; ზოგი სახლიდან გამოაძევეს; ზოგმა სამართალი ვერ ნახა; ზოგი ყოველდღე პურის და წამლის ფულს ეძებს; ზოგს კი შვილი პირდაპირ ქუჩაში დაუხვრიტეს ან ცემით მოუკლეს.

მიტინგზე სხვა ხალხიც დგას – ისინი, რომლებსაც ხელისუფლება უშუალოდ არ შეჰხებია, მაგრამ რომლებიც გრძნობენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა მიზეზების გამო, ხიფათი მათთვის სასიცოცხლოდ ძვირფას ღირებულებებს ემუქრება. ეს ადამიანები მზად არიან, ღირებულებების დასაცავად დადგნენ ქუჩაში და მანამ ცადონ ხიფათის თავიდან არიდება, ვიდრე აქლემი მათ სახლთან დაიჩოქებს.

საზოგადოების ის ნაწილი კი, რომელიც ტელევიზორის ეკრანებს ვერ სწყდება, ან შორიდან გულშემატკივრობს ოპოზიციას, ან, უბრალოდ, საკუთარ ქვეყანას, თავს გაცილებით დაცულად და უხიფათოდ გრძნობს. ნიშანდობლივია, რომ როდესაც თბილისელები მიხეილ სააკაშვილის მძიმე შეცდომების ჩამოთვლას იწყებენ, როგორც წესი, ჯერ 7 ნოემბერს ახსენებენ ხოლმე, შემდეგ კი – აგვისტოს ომს. შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ აქციის დარბევამ თბილისელებს გაცილებით მკვეთრად და უშუალოდ განაცდევინა ხიფათი, ვიდრე ომმა, რომელიც ასიოდე კილომეტრით მაინც იყო დაშორებული დედაქალაქიდან.

მიხეილ სააკაშვილს კი სწორედ ის აინტერესებს, უკმაყოფილო ადამიანებს შორის რამდენია იმგვარად დამუხტული, რომ თავისი აქტიური პროტესტით შეუძლია იქით შეუქმნას ხიფათი მის პრეზიდენტობას. ჯერჯერობით ტელეეთერით მიტინგების მაყურებელი გაცილებით მეტია, ვიდრე ქუჩაში მდგომი.

თუმცა, შესაძლოა, პრეზიდენტის საქმე არც ისე კარგად იყოს, როგორც პირადად მას, ალბათ, 9 აპრილს ეჩვენებოდა. პრობლემა ისაა, რომ, მომიტინგეების რიცხვის შემცირებასთან ერთად, პროცესი სულ უფრო რადიკალური ხდება. დიალოგისკენ მოწოდება და მოლაპარაკების მცირე იმპულსი, რომელმაც სულ ორ დღეს გასტანა, დღეისათვის ამოწურული ჩანს. ოპოზიცია იძულებულია, პროცესის რადიკალიზაციაზე იზრუნოს, ხელისუფლებასაც ნერვები უკვე ღალატობს.

სხვადასხვა პარტიის ლიდერები ისევ ერთხმად იმეორებენ, რომ პრეზიდენტი უნდა წავიდეს. საკანი N5–ის პატიმარსაც თავი აქვს გადადებული. დღეისათვის პროტესტს იმდენი მოქალაქე ნამდვილად უჭერს მხარს, რომ მათი შინ გაშვება ხელისუფლებას არ შეუძლია. იმისათვის, რომ პროცესის უკიდურესი რადიკალიზაცია არ მოხდეს, ყველაზე უმტკივნეულო იქნება, 9 აპრილს საპროტესტო აქციაზე მისულმა თითოეულმა ადამიანმა შემდეგ მიტინგებზე წაიყვანოს კიდევ ერთი ადამიანი – თითომ თითო. ამ შემთხვევაში, რაგინდ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, გაადვილდება ხიფათის თავიდან აცილება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. რადგან სწორედ ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ისღა დარჩება, თავისი ძალაუფლების გადასარჩენად, ამ ძალაუფლების თუნდაც ნაწილის დათმობაზე თავადვე იზრუნოს.

ის ადამიანები, რომლებიც დღეს საკუთარ სახლში თავს დაცულად გრძნობენ, ხვალ, სავარაუდოდ, მაინც ქუჩაში აღმოჩნდებიან, რადგან პროცესის რადიკალიზაცია ხიფათის რადიკალურად მომატებას ნიშნავს. ამიტომ, ვიდრე მიტინგს მშვიდობიანი ხასიათი არ დაუკარგავს, ან ის ხალხი უნდა წავიდეს შინ, ვინც გარეთაა, ან ის ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ, ვინც დღემდე შინ რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რამდენიმე დღე შეიძლება იყოს დარჩენილი უხილავი, მაგრამ მძიმე ხელის ამოქმედებამდე.