საქართველოს პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა. 29.03-04.04.2009

მიმდინარე კვირას ქართული პრესის მთავარი თემა კვლავ 9 აპრილისათვის მზადება იყო. ორშაბათს ”კვირის პალიტრის” კორესპონდენტი ინტერვიუს შესავალში წერდა, ბოლო დროს 9 აპრილზე იმდენს ვსაუბრობთ, სულაც რომ არაფერი მოხდეს, შესაძლოა, ჩვენივე დაძაბულობის მსხვერპლად ვიქცეთო. ინტერვიუ კი ევროკავშირის ელჩთან, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, პერ ეკლუნდთან იყო. აი, ერთი ამონარიდი ამ ინტერვიუდან:
"დემოკრატია განვითარებადი ცნებაა, ის მუდმივად ევოლუციის პროცესში იმყოფება და ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ სწორედ ამ პროცესის მოწმე ვართ. რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, რომ საქართველოში მოუთმენლობის ელემენტიც ძალზე ძლიერია და ყოველთვის არის მოთხოვნილება, შედეგები მაქსიმალურად მალე იქნეს მიღწეული. ცხადია, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვართ და შენიშვნა არ შეიძლება გვქონდეს. რა თქმა უნდა, ასე არ არის. მაგრამ უკვე ის ფაქტი, რომ ხალხი ჩართულია ამ პროცესში, რომ მას შეუძლია, მაგალითად, თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა დემონსტრაციაში და გამოხატოს თავისი პროტესტი, უკვე დემოკრატიის განვითარების მაჩვენებელია... რა თქმა უნდა, ყველაფერზე, რაც ქვეყანაში მოხდება, პასუხს აგებს ხელისუფლება - პარლამენტი და პრეზიდენტი, მაგრამ, ამავე დროს, არც ის უნდა უგულებელვყოთ, რომ ამაზე პასუხისმგებლობით ფიქრი თითოეული მოქალაქის ვალდებულებაც არის", - ამბობს პერ ეკლუნდი "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"ბრძოლა შიშველი ხელებით" - ასეთი სათაური ჰქონდა კვირის დასაწყისში გაზეთ ”მთელ კვირაში” გამოქვეყნებულ სტატიას.
"ხელისუფლება პირობას დებს, რომ მშვიდობიან აქციას ხელს არ შეუშლის. თავის მხრივ კი, აქციის ორგანიზატორები ცდილობენ, ისეთი ფორმა მოძებნონ, რომ აქციის მშვიდობიანი ფორმატის დემონსტრირება მოახდინონ. "კონსერვატორებმა" და "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერებმა საგანგებო კონფერენცია გამართესო,- წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ მათ 9 აპრილისთვის კონკრეტული სამოქმედო სქემა არ გამოუქვეყნებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამის წინასწარი დაპირება იყო. ლიდერებმა ისაუბრეს ზოგად პრინციპებზე, რომლებითაც ისინი 9 აპრილის შემდგომაც აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას. ამას მათ "ბრძოლა შიშველი ხელებით" უწოდეს და ამის დემონსტრირებისთვის კონფერენციის მონაწილეებმა ხელები ასწიეს, - წერს გაზეთი.
ამ ფაქტის კომენტირებისას პოლიტიკის ექსპერტმა არჩილ გეგეშიძემ გაზეთს უთხრა: ”შესაძლოა, სხვების მიერ სხვა ფორმებიც გამოიძებნოს და მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ სხვა ძალებიც, ვინც აპირებს 9 აპრილს გაუძღვეს ხალხს, მოიფიქრებენ დამაჯერებელ ფორმებს თავიანთი განზრახვის მშვიდობიანობის დემონსტრირებისთვის, ვინაიდან ასეთმა ფორმებმა, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მოლოდინი გააქარწყლოს."


"9 აპრილის აქციის ორგანიზატორ ოპოზიციას ჯერ საკუთარი ლიდერი არ დაუსახელებია. ამბობენ, რომ ამას სააკაშვილის გადაყენებამდე არც აპირებენ. ცხადია, ეს გადაწყვეტილება იმას მიანიშნებს, რომ ოპოზიციის ეს ფრთა თავის შიგნით საკუთარ ლიდერზე ვერ თანხმდება, მაგრამ თვითონ თავს იმით იმართლებს, რომ ჯერ ამის დრო არ არის და ოპოზიციის იმ ნაწილსაც საყვედურობენ, ვისი ლიდერიც უკვე გამოკვეთილია", - წერდა "რეზონანსი".

ამავე გაზეთს ოთხშაბათს "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ინტერვიუში უთხრა: "ვითარების განმუხტვა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს შეუძლია. არაერთხელ აღვნიშნე და მინდა კიდევ გავიმეორო, რომ ჩვენ პიროვნებებს არ ვებრძვით, ჩვენ სისტემას ვებრძვით და გვინდა სისტემური ცვლილებები განხორციელდეს... მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად დაგვჭირდება გარკვეული დრო, რომ ხელისუფლებამ ხალხის ნება შეისმინოს, კომპრომისებზე წამოვიდეს და რეალურად დაიწყოს სისტემის ტრანსფორმირება და ცვლილება.”
მისივე თქმით, აქციამდე რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებას პოლიტიკური სუბიექტები მიმართავენ და გააცნობენ, როგორ აქვთ წარმოდგენილი 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის ჩატარება.

გაზეთი ”ვერსია” კი ამ კვირაში წერდა, რომ “ქვეყანა ორ ბანაკადაა გაყოფილი და საქმე იქამდე მივიდა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან სალაპარაკოდ ნეიტრალურ ტერიტორიას ეძებს. ალბათ, საინტერესოა, რა არის ამ შეურიგებელი დაპირისპირების ნამდვილი მიზეზი.” - ამის გარკვევას ცდილობდა ”ვერსია” პუბლიკაციაში ”ქარიშხალი ჭიქაში თუ გეოპოლიტიკური გადატრიალება”.

”ვინ დატოვებს ხელისუფლების გუნდს აპრილის შუა რიცხვებში?” - ასეთი სათაურია გამოტანილი შაბათის ”ალიას” პირველ გვერდზე. პუბლიკაციაში კი კონსერვატორების ლიდერის კახა კუკავას პასუხია ამ კითხვაზე. მან განაცხადა: "ძალიან ბევრ სახეს იხილავთ აპრილის შუა რიცხვებში სააკაშვილის გარემოცვიდან წამოსულს. მგონია, რომ პირველი გია ბარამიძე იქნება, ასევე ზაზა გოროზია დატოვებს ხელისუფლებას... რატომ არის ეს წარმოუდგენელი? ჩაბანი რომ შემოვიდა, ნახევარ საათში ჩაბანის მხარეს გადავიდა და ოპოზიციის მხარეს ვითომ რატომ არ გადმოვა? აქვე გეტყვით, რომ დავით ბაქრაძე აშშ-ში სერიოზულ "ტისკებში" ჰყავდათ.” - ინტერვიუს მინაწერში ვკითხულობთ, რომ გაზეთმა გია ბარამიძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა. "ზაზა გოროზიამ კი "ალიას" უთხრა: "ნეტა კუკავამ კალენდარს თუ დახედა და საპირველაპრილო ხუმრობაში ხომ არ დარჩაო". ვნახოთ. წესით, გოროზიას ხელისუფლებიდან წამოსვლა უხმაუროდ არ ჩაივლის და ეს არ დაიმალებაო", - წერს ”ალია” შაბათის ნომერში.

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე, გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჯერჯერობით ჩვენ 9 აპრილის მძევლები ვართ", ამბობს:
"ჩვენი ალიანსი მიიჩნევს, რომ არ იყო სწორი 9 აპრილისთვის აპოკალიფსური დატვირთვის მიცემა. მას ისედაც მძიმე მისტიკური დატვირთვა აქვს საქართველოს ისტორიაში. თუმცა, რა თქმა უნდა, 9 აპრილი შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე პროტესტის ნაწილი ამ ბრძოლაში, მაგრამ არა ისე, რომ აი, 9-ში ვიკრიბებით და მერე აღარსად მივდივართ - არც ფიზიკური და არც მსოფლმხედველობრივი გაგებით! ჩვენ სხვანაირად წარმოგვედგინა, სხვანაირ გეგმებს ვთავაზობდით 9 აპრილის საორგანიზაციო ჯგუფს. დღემდე მიმდინარეობს ეს შეთავაზებები. ირაკლი ალასანია ყოველმხრივ ცდილობს, პროცესი ცოტა უფრო გონივრული გავხადოთ და, შესაბამისად, - საზოგადოებისთვის შედეგიანი”, - ვკითხულობთ შაბათის ”რეზონანსში”.