ქუთაისის რეაბილიტირებულ რაიონში ბიზნესის განვითარება არ იგრძნობა


ქუთაისის ისტორიულ უბანში, რომლის რეაბილიტაციისთვის 18 მილიონი ლარი დაიხარჯა, მცირე ბიზნესს პრობლემები აქვს. ხელისუფლების მოლოდინი არ გამართლდა. ქალაქის რეაბილიტირებულ ცენტრში ჯერჯერობით ვაჭრობისა და მომსახურების ახალი ობიექტები არ ჩანს, ძველი კი დახურვის პირასაა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის მეწარმეები, რომლებსაც ფართი დაქირავებული აქვთ.

მეწარმეები ამბობენ, რომ პრობლემები ისტორიულ უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დღიდან გაჩნდა, რადგან მოძრაობა შეწყდა და ხალხის ნაკადი შემცირდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირი მაისის ბოლომდე გაიხსნება. იმერეთის გუბრენატორი მიხეილ ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ბიზნესი მომგებიანი მაშინაა, როდესაც ბაზრის მოთხოვნებს უპასუხებს და რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არაფერ შუაშია.

ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ განახლებულ უბანში კაფე-ბარი და რესტორანი კარგად იმუშავებს. თუმცა ისტორიულ ნაწილში მცხოვრებნი ბიზნესის დაწყებას არ ჩქარობენ, ინვესტორები კი ჯერჯერობით არ ჩანან. ასეც რომ არ იყოს, ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ დასასრულებელია. ხელისუფლება სამუშაოების გაგრძელების თარიღს ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს. რეაბილიტაციის მეორე ეტაპისთვის გამოყოფილი თანხა, პირველი ეტაპის სამუშაოებზე დახარჯულ თანხასთან შედარებით, მოკრძალებულად გამოიყურება და 4 მილიონ ლარს შეადგენს.