ბენ ვებსტერის ასი წლისთავი

ვასრულებ რა დაპირებას, დღეს გიამბობთ ცნობილი ტენორ-საქსოფონისტის, ბენ ვებსტერის, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. წელს ჯაზური სამყარო ვებსტერის დაბადებიდან ასი წლისთავს აღნიშნავს. გადაცემის დასაწყისში 1953 წელს ნიუ-იორკში ჩაწერილი მისი კომპოზიცია, “გაბუტვა“, გაჟღერდა. ავტორთან ერთად უკრავდნენ ოსკარ პიტერსონი (როიალი), ბარნი კესელი (გიტარა), რეი ბრაუნი (კონტრაბასი) და ჯეიმს ჩარლზ ჰერდი (დასარტყამი საკრავები). ბენჯამინ ფრენსის ვებსტერი ჯაზის გამოჩენილ საქსოფონისტთა სამეულს მიეკუთვნება: ვებსტერის გარდა, ამ სამეულში შედიან თანამედროვე საქსოფონის ”მამამთავარი” კოულმენ ჰოუკინსი და ერთადერთი მუსიკოსი, რომელიც ჰოუკინსის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა, ლესტერ იანგი. კანზასის მკვიდრ ბენ ვებსტერს ორი მეტსახელი ჰქონდა - ”ხეპრე” და ”ბაყაყი”. პირველი იმით აიხსნებოდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში ჩხუბისთავი იყო, მეორე კი ბენმა ტუჩების გაჭიმვის უცნაური მანერის გამო დაიმსახურა. მუსიკას ვებსტერი ბავშვობაში ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე მეცადინეობით ეზიარა. ჯაზის სამყაროს ის სწორედ პიანისტად მოევლინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბად ჯოუნსონმა ტენორ-საქსოფონზე დაკვრის ანბანი გააცნო, ბენი კლავიშებიდან ადვილად გადავიდა საქსის კლაპანებსა და მუნდშტუკზე. საქსოფონისტის ამპლუაში ვებსტერი პირველად უილიამ იანგის საოჯახო ორკესტრში გამოვიდა (იქვე უილიამის ვაჟი, ზემოხსენებული ლესტერიც, უკრავდა). ვებსტერის მშობლიური ქალაქი, კანზას-სიტი, გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში ნიჭიერი მუსიკოსების თავმოყრის ადგილი იყო. ამ ქალაქის ატმოსფერო იმავე სახელწოდების კინოფილმში ცნობილმა რეჟისორმა რობერტ ოლტმენმა განასახიერა. შემდგომში ვებსტერი ენდი კიერკის, ფლეტჩერ ჰენდერსონის, ბენი კარტერის, უილი ბრაიენტის, კებ კელოუეის ორკესტრებში უკრავდა. ყველაზე ნაყოფიერად შეიძლება ჩაითვალოს მისი მუშაობის პერიოდი ბენი მოტენის ორკესტრში. აღსანიშნავია, რომ მოტტენტან იმხანად დიდი კაუნტ ბეისი უკრავდა.

ვებსტერი დიუკ ელინგტონის საყვარელი ტენორ-საქსოფონისტი იყო და ხშირად ასრულებდა ელინგტონის კომპოზიციებს. ბენამდე ელინგტონის ორკესტრის წამყვან საქსოფონისტად ჯონი ჰოჯესი, მეტსახელად ”ბოცვერი”, ითვლებოდა. ვებსტერისგან განსხვავებით, ჰოჯესი ალტსა და სოპრანოზე უკრავდა. მას ჩქარ პიესებში აგრესიულობა, ხოლო ბალადებში ჩვენი გმირის ღრმა მელანქოლია აკლდა. ელინგტონტთან ბენი ორჯერ მუშაბდა: ჯერ 1939-დან 43 წლამდე, შემდეგ კი, უკვე ორმოცდარვაში, ის ერთი წლით დაუბრუნდა ორკესტრს. საბოლოო ჯამში, ვებსტერი, სამწუხაროდ, წაეჩხუბა ელინგტონს. საქმე ისაა, რომ ორკესტრანტებთან ურთიერთობაში დიუკი ყოველთვის იცავდა ინსტანციას და მას ვებსტერის მოურიდებლობა და შეუპოვრობა აღიზიანებდა. დიუკის ვაჟიშვილი, მერსერი, მოგვიანებით იხსენებდა: ”მათ შორის ყოველთვის არსებობდა ქიმიური რეაქციის მსგავსი რაღაცა კონფლიქტი, რის გამოც ისინი გამუდმებით კამათობდნენ. განშორება ორივესთვის მწარე იყო, ვინაიდან ვებსტერის თავგანწირვა მუსიკისთვის მამაჩემს ძლიერ იზიდავდა.”

ელინგტონის ორკესტრის შემდეგ ვებსტერი ნიუ-იორკის 52-ე ქუჩაზე განლაგებულ ჯაზურ კლუბებში მუშაობდა. ამ ქუჩას ხშირად ”სვინგის ქუჩას” უწოდებენ. სწორედ იმ პერიოდში ჩაწერა ბენმა გრამფირფიტა ოსკარ პიტერსონის კვარტეტთან ერთად. სიცოცხლის ბოლო წლები ვებსტერმა ევროპაში, კოპენჰაგენში, გაატარა. 1971 წელს ტივოლის პარკში მას კიდევ ერთხელ მიეცა შემთხვევა იმ დროს დანიის დედაქალაქში გასტროლით მყოფ ელინგტონის ორკესტრთან ერთად დაეკრა. ვებსტერის ცხოვრება ორი წლის შემდეგ ამსტერდამში დასრულდა, თუმცა ის საყვარელ კოპენჰაგენში, ნორებროს სასაფლაოზე დაკრძალეს. გამოჩენილი მუსიკოსის მემკვიდრეობა უზარმაზარია - თითქმის ყველა მისი აუდიოჩანაწერი კლასიკად იქცა. რაც შეეხება გაყიდული დისკებიდან შემოსულ თანხებს, ისინი დანიის სამეფოს დაცვის ქვეშ მყოფ მისი სახელის ფონდში შედის და ევროპელი და ამერიკელი ჯაზმენების დახმარებაზე იხარჯება.